არაგვისპირის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დგას სოფელ არაგვისპირის დასავლეთით, მთის ფერდობზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე. აგებულია XVIII-XIX საუკუნეებში.

1982-1983 წლებში ჩატარდა სარემონტო სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა კედლების დაკარგული ნაწილები, ლავგარდანი და კრამიტის გადახურვა; გაიწმინდა ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია.

ეკლესია დარბაზულია (9,3 X 4,3 მ). ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, რიყის ქვით და აგურით. ერთადერთი სწორკუთხა შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუაშია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია. აბსიდში ორი ვიწრო თაღოვანი სარკმელი (ერთი აბსიდის ღერძზე, მეორე - სამხრეთის გვერდში, რომელიც სამხრეთის ფასადზე გადის) და ორი მცირე ზომის ნიშია. აბსიდის კედელზე (ღერძზე) სწორკუთხა ტრაპეზია მიბჯენილი. თითო სარკმელი დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზი ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. ნახევარწრიული ფორმისაა აბსიდის თაღიც.

ეკლესიის ფასადები შელესილი და შეთეთრებული ყოფილა. ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის არის მორთული — აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი მოზრდილი რომბებით. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ზემოთ, ერთ დონეზე, განლაგებულია სამი რომბი; მათგან შუა ფასადის ღერძზეა. სარკმლის ქვემოთ ტოლმკლავა შეღრმავებული ჯვარია, რომლის ზედა მკლავის ნაწილი სარკმლის ღიობითაა წაკვეთილი. ჩრდილოეთის ფასადზე, შესასვლელის არქიტრავის დონეზე, ხუთი რომბია, რომელთაგანაც სამი შესასვლელის აღმოსავლეთითაა. აღმოსავლეთის და შუა რომბს შორის, ქვემოთ, ტოლმკლავა შეღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა. ფასადები დასრულებულია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც ორივე ფრონტონის ძირებთან პატარა ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]