კუდოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუდოს წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, კუდოს მთაზე, კანატიის ნასოფლარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია, რომელსაც სამმხრივი გარშემოსავლელი ჰქონია (11,7 x 11,3 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში, კონსტრუქციულ ნაწილებში და კარ-სარკმლების წირთხლების წყობაში გამოყენებულია შირიმის კარგად გათლილი ქვები. ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა და კონქი, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანადაა დანგრეული გარშემოსასვლელი. თაღოვანი შესასვლელები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდის კუთხეები თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგენილი მარტივი იმპოსტებითაა დასრულებული. დარბაზის გრძივ კედლებზე შირიმით ნაგები თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებიც შირიმის მარტივი პროფილის კონსოლებს ეყრდნობა. ჩრდილო პილასტრზე შემორჩენილია საბჯენი თაღის წყობის მცირე ნაწილი. ეკლესიის ფასადები შელესილი ყოფილა. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ღიობი გამოყვანილია შირიმის ქვებით. სარკმლის თავზე შირიმის ფილაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, მას ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი ნახევარწრიული თაღი აგვირგვინებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]