ლაკათხევის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაკათხევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაკათხევის ჩრდილოეთით, 300-400 მეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. სამხრეთით ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღით დასრულებული შესასვლელი აქვს, აღმოსავლეთით - ნახევარწრიული აფსიდი. აფსიდის ღერძზე და დარბაზის დასავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. აფსიდის სარკმლის მარცხენა მხარეს მცირე სწორკუთხა ნიშია. მის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. მეორე ტრაპეზი საკურთხევლის შუაში დგას. აფსიდის ნახევარწრიული თაღი თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. ინტერიერი და ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესია გადახურულია თუნუქით.

ეკლესიაზე სამხრეთიდან მოგვიანებით კარიბჭე მიუდგამთ - ოთხ სწორკუთხა ბოძზე დაყრდნობილი და ოთხ მხარეს სწორკუთხა ღიობებით გახსნილი ორფერდასახურავიანი ფანჩატური. ეკლესიას ირგვლივ შემოვლებული ჰქონდა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]