ლუთხუბის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუთხუბის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლუთხუბის ზედა უბანში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში აუგია გუდამაყრის მოსახლეობას.

ეკლესია მიშენებულია ადრე იქვე მდგარ მცირე დარბაზულ ეკლესიაზე სამხრეთიდან. ამ ეკლესიაში მოხვედრა მხოლოდ გვიან მიშენებული ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარიდან შეიძლებოდა, რომელიც ამჟამად ამოშენებულია.

მცირე ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარისა და კონქის უმეტესი ნაწილი. მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები და აფსიდის სარკმლის თაღი. ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადს ფერდობიდან ჩამონაშალი მიწა ფარავს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ეკლესიის ერთადერთი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის თაღს მხოლოდ ჩრდილოეთის გვერდი შემორჩა, რომელიც თაროსებრ კაპიტელს ეყრდნობა. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში ერთი ნიშია. სამხრეთ კედელში - პილასტრზე დაყრდნობილი ორი ყრუ თაღი. მათ შორის დასავლეთისაში დიდი ეკლესიიდან გამომავალი კარია მოქცეული. დარბაზი გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებული ოთხკუთხა სათავსის კედლების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი ფართო და თაღოვანია. დასავლეთი კარი ამჟამად ამოშენებულია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთი ასეთივე სარკმელი დარბაზის დასავლეთ კედელშია, ორი - სამხრეთით, ერთი მრგვალი სარკმელია სამხრეთის შესასვლელის ზემოთ. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში პატარა ნიშია, მასთან ახლოს, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზის ქვა. საკურთხეველი ეკლესიის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა ამაღლებული. გრძივ კედლებზე ოთხ-ოთხი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები. პილასტრებს შორის ნახევარწრიული ბრტყელი ნიშებია. მსგავსი, მაგრამ ბევრად უფრო ფართო და მაღალი ნიშია დასავლეთ კედელზე. პილასტრებს მთლიანი ქვის მარტივი პროფილის კაპიტელები აქვს.

ფასადებზე კარ-სარკმელთა ღიობები თანაბარი ზომის კვადრებითაა გამოყვანილი. სმახრეთის ფასადზე, კარის ზემოთ, ოთხკუთხა ნიშია. დასავლეთის ფასადზე სარკმლის ზემოთ გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე, ფრონტონში, დატოვებულია მცირე ღიობი - კონქის ზედა სივრცის გასანიავებლად. კედლები დასრულებულია თლილი ქვის მარტივპროფილიანი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია თუნუქით. სახურავის დასავლეთ კიდეში, ოთხსვეტიანი სამრეკლოს საფუძვლის კვალიღა შეიმჩნევა. გადმოცემით ეკლესია მოხატული ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]