ნაზღათ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაზღათ ციხე, მლეთის ციხე — მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, ზემო მლეთის შუაგულში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაზღათ ციხე ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერაა დაზიანებული. ციხე გეგმით სწორკუთხაა (20 X17,8 მ), კედლით გაყოფილი იყო ორ ნაწილად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ეზოებად. ციხის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეებში, აგრეთვე ეზოს გამყოფი კედლისა და ციხის ჩრდილო კედლის გადაკვეთაზე, თითო სწორკუთხა კოშკი იდგა (შემორჩენილია დასავლეთ კედელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი და ჩრდილო-დასავლეთ კოშკი).

ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკის ადგილას საცხოვრებელი სახლი დგას. ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთის გალავნის შემორჩენილ ფრაგმენტებში მხოლოდ ერთი ნიშია, მას სათოფე ხვრელი აქვს. ეზოების გამყოფ კედელში ჩართულ კოშკში გაჭრილი იყო ეზოების დამაკავშირებელი გასასვლელი. დასავლეთ ეზოს სამხრეთით 1მ. სიგანის არქიტრავიანი კარი აქვს. გალავნის დასავლეთ კედელი მაღალია (სიმაღლე 6 მ), მასში 4 მ. სიმაღლეზე გაჭრილია ორი სწორკუთხა საბრძოლო ხვრელი. მათგან ერთი, კოშკთნ ახლოს მდებარე, საზარბაზნეა, ხოლო მეორე – სათოფური. ციხის ჩრდილო-დასავლეთ კუთხის კოშკი (3,8X4,1 მ), სანახევროდ გალავნის გარეთაა გასული, იგი ოთხსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით. I სართული ყრუკედლებიანია. შესასვლელი II სართულზეა, სამხრეთიდან. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. სართულის ოთხივე კედელში თითო სათოფურია. ჩრდილო კედელში, მაღლა, გაჭრილია პატარა სარკმელი. III სართულის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სათოფურია, დასავლეთით – ორი. IV სართული დანარჩენებზე მაღალია. სართულის ყოველ კედელში თითო ნისკარტა სალოდე და ორ-ორი სათოფურია მოწყობილი. კოშკის I სართული ფიქლის მოზრდილი ფილებითაა გადახურული, რომელშიც დატანებულია ორი სწორკუთხა ხვრელი ჩასასვლელად. დანარჩენი სართულების გადახურვა ხის ყოფილა.

ფასადი შელესილია. კედლები დასრულებულია ფიქლის თხელი ქვების ერთი რიგისგან შედგენილი თაროსებრი ლავგარდნით. კოშკის ოთხივე კუთხეზე დაშენებულია გეგმით კვადრატული თითო დაბალი სვეტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ. 2, თბ., 2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]