ბაღიაანთკარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაღიაანთკარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ლაფანაანთკარის სამხრეთით, 1 კილომეტრზე, ტყის პირას, საგანგებოდ მოსწრორებულ მოედანზე. აგებულია VI საუკუნის შუა წლებში. სამხრეთიდან აქვს მინაშენი, რომელიც განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. 1985 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ეკლესია ორნავიანია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. გარეთა კუთხეები, აფსიდის მხრები, ნავთა გამყოფი თაღები და სარკმლის ღიობი შირიმით არის გამოყვანილი. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამოშლილი მთავარი და ჩრდილოეთის ნავის კამაროვანი გადახურვა. დანგრეულია ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი კედლების უმეტესი ნაწილი. თითქმის მთლიანადაა დანგრეული მინაშენი. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა - მინაშენიდან. ეკლესიის მთავარი ნავი აღმოსავლეთით საკმაოდ ღრმა, ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია, მის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. აფსიდის ჩრდილოეთის გვერდში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. იგი ნაწყობია მცირე ზომის, ერთმანეთთან კარგად მორგებული რიყის ქვით. შემორჩენილია ნალისებრი სატრიუმფო თაღის ორივე ქუსლის წყობა, რომლებიც ეყრდნობა შირიმის პროფილირებულ იმპოსტებს. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ სამი საფეხურითაა შემაღლებული და დარბაზისგან კანკელით იყო გამოყოფილი, რომლისგანაც მხოლოდ შირიმის რვაწახნაგა ბოძის ნაწილია შემორჩენილი.

სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თითქმის პარალელურ წირთხლებიანი სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთის ნავი მთავარ ნავთან შედარებით სამჯერ უფრო ვიწროა. აღმოსავლეთიდან მას სწორკუთხა გეგმის კამაროვანი სადგომი - სამკვეთლო ეკვრის, რომელიც ნავთან დაკავშირებულია ვიწრო, სწორკუთხა კარით. სამკვეთლო განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმლით. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები. ეკლესიის კედლების გარეთა პერანგი თითქმის მთლიანად ჩამოშლილია. ნანგრევებში აღმოჩნდა შირიმის თაროსებრი ლავგარდნის რამდენიმე ქვა, რომელთა წინა სიბრტყე დეკორატიული თაღების მწკრივითაა დამუშავებული. შენობა გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით. ეკლესიის გარშემო და მინაშენში გამოვლენილია განვიათრებული შუა საუკუნეების სხვადასხვა ტიპის რამდენიმე უინვენტარო სამარხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]