აბანოსხევის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბანოსხევის ციხე — არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ აბანოსხევის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ვაკეზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. 1977 წელს გაითხარა იაე ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).

ციხე გეგმით კვადრატს უახლოვდება (41,5х35 მ). ნაგებია რიყის ქვით. ოთხსავე კუთხეში მთელი პერიმეტრით გალავნის ხაზს გარეთ გატანილი ცილინდრული კოშკები დგას. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთის კოშკების ორი სართული და გალავნის დასავლეთის კედლის ნაწილი (სიმ. 1 მ). ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკებისა და მათი შემაერთებელი გალავნის მხოლოდ გეგმა იკითხება. ციხეს შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აქვს. შემორჩენილი კოშკები (დიამ. 5 მ) ერთმანეთის ანალოგიურია, შესასვლელი ორივეს ეზოდან აქვს, შემორჩენილია კარების ჰორიზონტალური გადახურვის ხის ძელების ბუდეები. კოშკების კედლებში, ორივე სართულზე, სწორკუთხა ნიშები, სათოფურები და თითო ბუხარია. შემორჩენილია სართულშუა ხის გადახურვის საკოჭე ღრმულები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]