ავენისის კოშკი
ავენისის კოშკი | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
ავენისის კოშკი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 16 კმ–ში მდებარე სოფელ ავენისის სამხრეთ-დასავლეთით, 200 მ-ზე, მდინარე ავენისისხევის მარჯვენა ნაპირზე. მოქცეულია ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. 1975-1976 წლებში გათხარა იაე ინსტიტუტის აკც-ის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).
კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,6X5,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული.
I სართულს აღმოსავლეთიდან აქვს სწორკუთხა შესასვლელი. კარი მოგვიანებით ამოუქოლავთ. სართულის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, ორივე კედელში, თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში განიერი, ნალისებრი თაღით გადახურული ბუხარი მთლიანად ამოუშენებიათ და კედელზე, გარედან მთელ სიგრძეზე, გეგმით სამკუთხა კონტრფორსი მიუშენებიათ.
II სართულის სამხრეთ კედელში, მიწიდან 2,5 მ სიმაღლეზე სწორკუთხა შესასვლელია გაჭირლი. მისადგმელი კიბისათვის კარის ძირის დონეზე, წყობიდან გამოშვერილია ქვა, ხოლო კედელზე პატარა, სწორკუთხა შვერილია მიშენებული. შესასვლელის ზემოთ სწორკუთხა სარკმელია, რომლის ბრტყელი გადახურვა სართულის ჭერის ხაზს ემთხვევა. II სართული დასავლეთ კედლის შუა ნაწილში შეწყვილებული სათოფურია, რომლის ორივე მხარეს თითო, ფართო, სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწლში თაღოვანი ბუხარია, რომელსაც ორივე მხარეს თითო სათოფური აქვს. ერთი სათოფური კედლის აღმოსავლეთ კიდეშია.
III სართულის კედლებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია გადარჩენილი. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. კოშკის ფასადები მოპირკეთებულია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით. რიგების სწორხაზოვნება არ არის დაცული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ. დვალი, ზ. კალანდაძე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 199-200.
|