შინაარსზე გადასვლა

ალის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალის ღვთისმშობლის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ალის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ჩრდილო-დასავლეთით. დაზიანებულია — სახურავი, კედლების ნაწილი და ლავგარდანი ჩამონგრეულია.

ეკლესია გუმბათოვანია (14,5X10,9 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი ორი აქვს — სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებს და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა და დანარჩენი თაღები და კამარები ისრულია. სამი საფეხურით ამაღლებული ღრმა საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის გვერდებზე კვადრატული ნიშებია, ხოლო მათ ზემოთ — საიდუმლო სათავსებში ასასვლელი ხვრელები. ეს სათავსები მაღალია, გეგმით სწორკუთხა. მათ ქვეშ ასევე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკლავის კამარა დაკიდულ პილასტრზე გადასულ თაღზეა დაყრდნობილი. ჩრდილოეთ კედლის ნიშში სანათლავია. აფსიდის ღერძზე და სამივე მკლავში თითი სარკმელია, გუმბათის ყელში თორმეტი. ეკლესიის ინტერიერი შეთეთრებულია.

ეკლესიის ცოკოლი ერთი საფეხურითაა გამოწეული. ფასადებზე კარ-სარკმლის საპირეები ამოყვანილია აგურით. სამხრეთ ფასადზე უსწორო ქვაზე მზის საათია ამოკვეთილი. აღმოსავლეთ ფასადზე მარცხენა სარკმლის ქვემოთ გამოსახულია მარტივი ჯვარი. აგურის თორმეტწახნაგა პირამიდული გუმბათის წახნაგები გაწყობილია უწყვეტი თაღედით.

ეკლესიას 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6525