მადაგასკარი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მადაგასკარი
მშობ. სახელი: მალაგასიურიMadagasikara
Satellite image of Madagascar in September 2003.jpg
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 19°20′00″ ს. გ. 47°04′00″ ა. გ. / 19.33333° ს. გ. 47.06667° ა. გ. / -19.33333; 47.06667
ფართობი 587 041 კმ²
სიგრძე 1600 კმ
სიგანე 600 კმ
უმაღლესი წერტილი 2876 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 21 842 167 ად. (2013)
სიმჭიდროვე 37,21 ად. /კმ²

მადაგასკარი (მალაგასიურიMadagasikara) — ინდოეთის ოკეანეში აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძული, რომელიც კონტინენტისგან გამოყოფილია მოზამბიკის სრუტით. კლიმატი ტროპიკული. კუნძულის უკიდურეს სამხრეთს ხშირად მიაკუთვნებენ სუბტროპიკულ სარტყლებს.

კუნძულის სიგრძეა — დაახლოებით 1600 კმ, სიგანე — 600 კმ-ზე მეტი, ფართობი — 587 040 კმ². კუნძულზე მდებარეობს სახელმწიფო მადაგასკარი (დედაქალაქი ანტანანარივუ).

კუნძულის უმაღლესი წერტილია ჩამქრალი ვულკანი მარუმუკუტრუ (2876 მეტრი), რომელიც მდებარეობს ცარატანანას მთიან მასივში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. კუნძულის ცენტრალური ნაწილი უკავია ანჯაფის მაღალმთიან პლატოს.

ხუთი მთის ჯაჭვი 2600 მეტრ სიმაღლემდე, მდიდარია მინერალებით და მეტალებით: ოქრო, სპილენძი, რკინა; ფართე სანაპირო დაბლობები ჭაობიანია, ნაწილობრივ საკმაოდ ნაყოფიერია.

მიუხედავად იმისა, რომ მადაგასკარი აფრიკასთან ახლოს იმყოფება, კუნძულის ფლორა და ფაუნა უნიკალურია — ის მოიცავს მსოფლიოს ცხოველების და მცენარეულობის სახეობების 5 %-ს, რისი 80 % არსებობს მხოლოდ მადაგასკარზე. მათგან ყველაზე ცნობილებია ლემურისებრნი. სახეობათა უმრავლესობა — ენდემებია. ამის გამო მადაგასკარს ხშირად ეძახიან «პატარა კონტინენტს».

რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარის რელიეფის ზედაპირის სახეები (მარცხნივ) და ტოპოგრაფიული რუკა (მარჯვნივ).

კუნძული პირობითად შეიძლება დავყოთ ხუთ რეგიონად:

  • აღმოსავლეთი სანაპირო
  • ცარატანანას მთიანი მასივი
  • ცენტრალური მთიანეთი
  • დასავლეთი სანაპირო
  • სამხრეთ-დასავლეთი.

აღმოსავლეთი სანაპირო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთი სანაპირო ალუვიური ნალექის ვიწრო ზოლია, სიგანით დაახლოებით ერთი კილომეტრი, რომელიც უეცრად გადადის ცენტრალურ მთიანეთში. გამოირჩევა კლდეების და ხეობების დიდი რაოდენობით. სანაპირო ხაზი სწორია თვით მასუალას ნახევარკუნძულამდე. არსებული სანაპირო ადამიანისთვის ითვლება სახიფათოდ სანაპირო წყლებში ზვიგენების საკმაო დიდი რაოდენობით არსებობის გამო.

ცენტრალური მთიანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური მთიანეთის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 800 მეტრიდან 1800 მეტრამდე და შედგება სხვადასხვა ტოპოგრაფიული რელიეფის ადგილებისაგან. ცენტრალური მთიანეთი იწყება ცარატანანას მთიანი მასივის ჩრდილოეთით და გრძელდება თვით სამხრეთის ბოლომდე, სადაც მთავრდება ივაკუანის მასივი (იქვე, ცენტრალური მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 1276 მეტრ სიმაღლეზე, მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ანტანანარივუ). ასე რომ, ცენტრალურ მთიანეთში შედის ანჯაფის ვულკანური მაღალმთიანი პლატო, ანკარატრას მთიანი მასივი და ივაკუანის მასივი. მოცემულ რეგიონში დაფიქსირებულია საკმაოდ ხშირი სეისმური აქტივობა.

დასავლეთი სანაპირო და სამხრეთ-დასავლეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი სანაპირო უფრო მეტად განიცდის ნიადაგის ეროზიას, რის შედეგადაც იქ მრავლადაა მცირე ნავსაყუდლები და ლაგუნები, განსაკუთრებით კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ზუსტად აქ, დამკვიდრდნენ მეკობრეები XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. დასავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილია ნავთობის ორი მსხვილი საბადო: ციმირურუ და ბემულანგა. სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი ესაზღვრება ივაკუანის და ისალა რუინიფორმეს (Isala Roiniforme) მასივებს და შედგება ორი ნაწილისგან: მაჰაფალის პლატო და მასთან ახლო მყოფი უდაბნოები.

კუნძულის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ იზრდებიან ტროპიკული და სუბტროპიკული მშრალი ფართეფოთლებიანი ტყეები[1].

ჰიდროგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე მდინარეები, როგორც წესი, მოკლე და ჰიდრორესურსებით მდიდრებია, წყალუხვებია მთელი წლის განმავლობაში. აღმოსავლეთის მდინარეებია: მანანარა, მანგურუ, მანინგური, ბემარივუ, ივუნდრუ და მანანჯარი. დასავლეთი სანაპიროსკენ მიმავალი მდინარეები, რომლებიც მოზამბიკის სრუტეში ჩაედინებიან, როგორც წესი უფრო გრძელია და მათი დინება შედარებით ნელია, ვიდრე აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმართული მდინარეები, ცენტრალური მთიანეთის დასავლეთის მხარეს უფრო მკვეთრი ქანობის გამო. დასავლეთის მდინარეებია: სამბირანუ, მაჰაჯამბა, ბეციბუკა, მანია, ჩრდილოეთი და სამხრეთი მაჰავავი, მანგოკი, უნილაჰი, იკუპა და მანდრარე.

მადაგასკარის კუნძულზე მდებარეობს სამი დიდი ტბა: ალაოტრა (900 კმ²), კინკონი (100 კმ²) და იჰოტრი (96-112 კმ²). ალაოტრას ტბიდან სათავეს იღებს კუნძულის აღმოსავლეთში მდებარე მდინარე მანინგური.

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარს ზოგჯერ უწოდებენ «დიდ წითელ კუნძულს» მისი ლატერიტული ფორმაციის გამო. წითელი ნიადაგი დომინირებს მთელ ცენტრალურ მთიანეთში, მაგრამ ყოფილი ვულკანური აქტივობის ადგილებში შეინიშნება უფრო მდიდარი მინერალური ნიადაგი. აღმოსავლეთი სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ისევე როგორც დასავლეთის მდინარეების შესართავებში, შეინიშნება წყლის, ყინულის და ქარის ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ნიადაგის თხელი «ზოლი». დასავლეთ სანაპიროზე გვხვდება თიხა, ქვიშა და კირქვა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის კლიმატი ყალიბდება სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატებით და სამხრეთ-ინდური ანტიციკლონებით. კუნძულზე წარმოდგენილია სამი კლიმატური ზოლი: ტროპიკული მუსონური კლიმატი აღმოსავლეთ სანაპიროზე, სუბტროპიკული მუსონური კლიმატი ცენტრალურ მთიანეთში და მშრალი კლიმატი კუნძულის სამხრეთ დაბოლოებებში არსებულ უდაბნოებში. ნალექების ტიპიური წლიური ნორმებია: 350 სმ სამხრეთის სანაპიროსთვის, 140 სმ ცენტრალური მთიანეთისთვის (მოცემულ შემთხვევაში, ქვეყნის დედაქალაქ — ანტანანარივუსთვის), 32 სმ კუნძულის სამხრეთში, უდაბნოებთან საზღვრებზე.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 160—165 მილიონი წლის წინ აფრიკიდან, ხოლო შემდგომში დაახლოებით 65—70 მილიონი წლის წინ ინდოეთიდან გამოყოფის შემდეგ, მადაგასკარი საკმაოდ ცნობილია ბიოლოგებს შორის, როგორც ენდემური სახეობების დიდი შეჯგუფების ადგილი. უნიკალური პირობების გამო, მადაგასკარზე ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სახეობები, რომლებიც გადაშენდნენ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. შედეგად, აღნიშნულმა ფაქტმა წარმოშვა საკმაოდ განსაკუთრებული სახეობები, რომლებმაც დაიკავეს სხვადასხვა ეკოლოგიური ბუდეები. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია — ფოსა (ლათ. Cryptoprocta ferox), ყველაზე დიდი მადაგასკარის ძუძუმწოვარ მტაცებლებს შორის. გარეგნულად ფოსა საკმაოდ ჰგავს კატისებრნთა ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებსაც მიაკუთვნეს იგი თავიდან, მაგრამ მისი უახლოესი თანამოძმენი არიან მანგუსტები. კონვერგენტული ევოლუციის შედეგად, ფოსა დაემსგავსა კატას, ხოლო მისი გადაშენებული ნათესაობა ლომის ზომებს აღწევდა. ასევე დადგენილია, რომ მადაგასკარის მტაცებლების მთელი ოჯახი წარმოიშვა ერთი მანგუსტისმაგვარი წინაპრისაგან, რომელმაც მოზამბიკის სრუტე სავარაუდოდ გადმოლახა 20—30 მილიონი წლის წინ[2]. ითვლება, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით II—V საუკუნეებში კუნძულზე ადამიანების მოსვლასთან ერთად, სახეობათა უმრავლესობა გაწყდა, ეს განსაკუთრებით ეხებათ მეგაფაუნის წარმომადგენლებს.

ენდემური ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარმა ხუთჯერ განიცადა სხვადასხვა სახეობის ხმელეთის ძუძუმწოვრების კოლონიზაცია. «კოლონისტებს» შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ცხოველები: ტანრეკისებრნი, ლემურისებრნი, მადაგასკარის მტაცებლები, ნეზომიდიასებრნი (ლათ. Nesomyidae) და მილკბილები, რომლებიც გადაშენდნენ ისტორიულ დროს. კუნძულზე ასევე გავრცელებულია ხელფრთიანები და ასევე აქ როდესღაც ცხოვრობდნენ ბეჰემოთები.

  • ლემურისებრნი — ენდემური პრიმატების ოჯახი, რომელიც დაახლოებით 75 სახეობისგან შედგება, 17 გადაშენებული სახეობის ჩათვლით. ადამიანის გამოჩენისთანავე ყველა დიდი ზომის ლემური გაწყდა, ხოლო დღეისათვის ყველაზე დიდი ზომის ლემურია — ინდრი (ლათ. Indriidae), რომელიც დაახლოებით 10 კგ-ს იწონის. გადაშენებული გიგანტური ლემური-ზარმაცა (ლათ. Archaeoindris) გორილის ზომას აღწევდა და იწონიდა 200 კგ-ზე მეტს[3]. ლემურების ყველა სახეობა პრაქტიკულად იმყოფება გადაშენების ზღვარზე და შეტანილია წითელ წიგნში (მაგრამ ეს ხელს არ უშლის ადგილობრივ მაცხოვრებლებს გამოიყენონ ის საკვებად).
  • მადაგასკარის მტაცებლები — ძუძუმწოვარა-მტაცებლების ენდემური ოჯახი, რომლებიც ახლო ნათესაობაში იმყოფებიან მანგუსტებთან და ითვლის 8 სახეობას. ოჯახი იყოფა ორ ქვეოჯახად: მუნგო (ლათ. Galidiinae) და მალაგასიური ცივეტები (ლათ. Euplerinae). ადრე კუნძულზე არსებობდა გიგანტური ფოსის გადაშენებული სახეობა[4] (ლათ. Cryptoprocta spelea), რომელიც ნადირობდა გიგანტურ ლემურებზე, მაგრამ ადამიანის მიერ ლემურების გაწყვეტის გამო, გადაშენდა გიგანტური ფოსაც.
  • ტანრეკისებრნი — ძუძუმწოვრების არაენდემური ოჯახი, მაგრამ მადაგასკარის გარეთ გვხვდება სულ სამი სახეობა, მაშინ როდესაც თვითონ მადაგასკარზე ბინადრობს დაახლოებით 30 ენდემური სახეობა. ოჯახი ფართედაა გავრცელებული და კუნძულზე დაიკავა სხვადასხვა ეკოლოგიური ბუდეები. მაგალითად, ჭაობის ტანრეკმა (ლათ. Limnogale mergulus) დაიკავა თახვის ადგილი და გარეგნულად გვაგონებს მთიხვს, ხოლო პატარა ტანრეკი (ლათ. Echinops telfairi) გარეგნულად ძალიან გავს ზღარბს.
  • მღრღნელები — წარმოდგენილია ენდემური ნეზომიდიების ოჯახის (Nesomyinae) Nesomyidae-ის ქვეოჯახით. ისევე როგორც ტანრეკებმა, მათაც დაიკავეს ბევრი ეკოლოგიური ბუდე, რომლებმაც გარეგნულად ევოლუცია მოახდინეს ისეთი მღრღნელებისა, როგორებიცაა მემინდვრიები, მექვიშიები, თაგვები, ვირთაგვები და თვით ბოცვრები. ქვეოჯახში შედის 10 გვარი და 14 სახეობა. სავარაუდოდ, Nesomyidae-ის წინაპრების მიგრაცია მოხდა 20-25 მილიონი წლის წინ.
  • ხელფრთიანები — კუნძულზე გვხვდება ღამურების დაახლოებით 30 სახეობა, რომელთაგან ნახევარი ენდემურია. 7 სახეობა შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში, და ერთი სახეობა საშინაო ღამურის გვარიდან იმყოფება გადაშენების ზღვარზე — Scotophilus borbonicus.
  • ხოჭოები — 109 ენდემური სახეობა Pogonostoma-ის გვარიდან[5] და 65 ენდემური სახეობა Physodeutera-ს გვარიდან[6].
  • გადაშენებული სახეობები — ხსენებული გიგანტური ლემურების და გიგანტური ფოსების გარდა, მადაგასკარზე არსებობდა ჯუჯა მალაგასიური ჰიპოპოტამის სამი სახეობა და ეპიორნისების (ლათ. Aepyornithidae) ოჯახი — გიგანტური არამფრინავი ფრინველი, ფრინველი-სპილოს შესაძლო წინაპარი. ყველა ისინი გადაშენდნენ ადამიანების ზემოქმედების შედეგად. უკანასკნელი ეპიორნისი სავარაუდოდ მოკლული იქნა XIX საუკუნის ბოლოს.

ენდემური ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეულობის რვა ოჯახი მადაგასკარის ენდემია: ასტეროპეია (ლათ. Asteropeiaceae), დიდიმელასები (ლათ. Didymelaceae), დიდიერეები (ლათ. Didiereaceae), Kaliphoraceae, Melanophyllaceae, ფიზენაები (ლათ. Physenaceae), სარკოლენები (ლათ. Sarcolaenaceae) და სფეროსეპალები (ლათ. Sphaerosepalaceae). სამეფო დელონი (ლათ. Delonix regia) ასევე ეკუთვნის კუნძულის ენდემებს.

მადაგასკარმა საკმაოდ დიდი რაოდენობით საფოსტო მარკა გამოუშვა, სადაც გამოსახულია ენდემური ფლორა და ფაუნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. WWF - Madagascar Dry Forests
  2. Yoder Lab|Home
  3. William L. Jungers, Laurie R. Godfrey, Elwyn L. Simons, and Prithijit S. Chatrath (1997 October 28). "Phalangeal curvature and positional behavior in extinct sloth lemurs (Primates, Palaeopropithecidae)". PNAS Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America 94(22): 11998–12001.
  4. Goodman S. M., Rasoloarison R. M. and Ganzhorn J. U. (2004). On the specific identification of subfossil Cryptoprocta (Mammalia, Carnivora) from Madagascar. Zoosystema, 26 (1): 129—143. [available at http://www.mnhn.fr/museum/front/medias/publication/1334_z04n1a9.pdf]
  5. Moravec Jiří, 2007: A monograph of the genus Pogonostoma. Tiger beetles of Madagascar, volume 1. 30 colour plates, 499 pp. (in English). ISBN 978-80-86447-13-1.
  6. Moravec Jiří, 2002: A monograph of the genus Physodeutera. Tiger beetles of Madagascar, volume 2. 21 colour plates, 290 pp. (in English).