გარსევან ჭავჭავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გარსევან ჭავჭავაძე
Garsevan Chavchavadze.jpg
გარსევან ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი 20 ივლისი 1757
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი 1811
საქმიანობა პოლიტიკური მოღვაწე
მეუღლე(ები) მარიამ ავალიშვილი
შვილ(ებ)ი ალექსანდრე ჭავჭავაძე

გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძე (დ. 20 ივლისი, 1757 — გ. 7 აპრილი, 1811) — ქართველი დიპლომატი, ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩი რუსეთის იმპერიაში, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭავჭავაძე იყო ქართლ-კახეთის მეფის ეშიკაღასბაში და ყაზახის მოურავი. იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი 24-კაციანი დელეგაციისა, რომელიც მონაწილეობდა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადებაში. 1784-1801 წლებში იყო ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩი რუსეთის იმპერიაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენას 1790-იან წლებამდე არ ფლობდა. იბრძოდა ქართლ-კახეთის საშინაო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე იყო გიორგი ავალიშვილის და მარიამ ავალიშვილი. მათ პეტერბურგში შეეძინათ ერთადერთი ვაჟი ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში. 1788 წელს გარსევან ჭავჭავაძე დაბრუნდა სამშობლოში. 1795 წელს ის კვლავ რუსეთში იყო. 1796 წელს მონაწილეობდა რუსეთის ლაშქრობაში სპარსეთის წინააღმდეგ. 1797 წლის გაზაფხულზე მესამედ გაემგზავრა რუსეთში და 31 დეკემბერს პავლე I-ს წარუდგინა ნოტა, რომლითაც ითხოვდა რუსეთის მთავრობისგან გეორგიევსკის ტრაქტატით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში ოჯახითა და ამალით, მხარს უჭერდა ქართლ-კახეთის სამეფოს რეფორმირებას იოანე ბატონიშვილის სჯულდების მიხედვით. 1800 წლის დასაწყისში კვლავ გაემგზავრა რუსეთში და პალვე I-ს წარუდგინა გიორგი XII-ის საიდუმლო თხოვა ქვეშევრდომობაში მიღების შესახებ.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის მთავრობამ ჭავჭავაძეს ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის სტატუსი მიანიჭა და სანქტ-პეტერბურგში გადაასახლა. რუსეთთან შეერთების შემდეგ ჭავჭავაძე ითხოვდა ავტონომიას ქართლ-კახეთის სამეფოსთვის იმპერიის შემადგენლობაში. 1802 წლის ბოლოს ჭავჭავაძე საქართველოში ჩავიდა. ნოემბრიდან ის პოლიციის ფარული ზედამხედველობის ქვეშ იყო. 1803 წლის 14 ივნისს ის არჩეულ იქნა საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლად. 1805 წელს მისი ვაჟი, ალექსანდრე ჭავჭავაძე მთიულეთის აჯანყებაში მონაწილეობის გამო გადაასახლეს ტამბოვში. მასთან ერთად გადაასახლეს გარსევან ჭავჭავაძეც. 1806 წლის ნოემბერში ის უკვე თავისუფალი იყო გადასახლებიდან და ცხოვრობდა პეტერბურგში. გარდაიცვალა იქვე 1811 წელს. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცქიტიშვილი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 377, თბ. 1987 წელი.
  • ჩიქოვანი, ი., თავადი ჭავჭავაძეები. თბილისი, არტანუჯი, 2002
  • ცქიტიშვილი ზ., გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბილისი, 1982;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]