1832 წლის შეთქმულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შეთქმულება 1832 წლისა)

1832 წლის შეთქმულება — ქართველი თავადაზნაურობის მიერ რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგოდ მოწყობილი შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოდან რუსეთის იმპერიის განდევნას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. იგი რუსეთში გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. შეთქმულება გასცა ერთ–ერთმა მონაწილე თავადმა იესე ფალავანდიშვილმა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეთქმულებისთვის მზადება დაიწყო 1826-1827 წლებში სანქტ–პეტერბურგში. შეთქმულების იდეა გაჩნდა რუსეთში მყოფ ქართველი ახალგაზრდების წრეში, რომლებიც შთაგონებულები იყვნენ დეკაბრისტების აჯანყებით, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების კონსტიტუციური მოწყობით, საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. დიმიტრი და ოქროპირ ბატონიშვილებმა შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. შეთქმულების ერთ-ერთ ორგანიზატორად და ხელმძღვანელად ელიზბარ ერისთავი დაინიშნა.

დეკაბრისტთა აჯანყების შემდეგ სანქტ–პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდნენ შეეთქმულების ლიდერები: ბატონიშვილი ფარნაოზი, დიმიტრი ბაგრატიონი, ელიზბარ, დიმიტრი და გიორგი რაფიელის ძე ერისთავები, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები, სოლომონ რაზმაძე, ზაქარია და ალექსანდრე ჩოლოყაშვილები, დიმიტრი ჯორჯაძე, სოლომონ დოდაშვილი და სხვები. სოლომონ დოდაშვილი იყო შეთქმულების როგორც ორგანიზატორი, აგრეთვე იდეოლოგიც. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველები, ასევე რუსები და პოლონელები. საქართველოში მყოფ შეთქმულებს მუდმივი კავშირი ჰქონდათ რუსეთში დარჩეწნილ ქართველ შეთქმულებთან.

აჯანყების წარმატებით განვითარების შემთხვევაში, იგი მთელ კავკასიას უნდა მოსდებოდა. მაგრამ, შეთქმულებს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის სრულად გაწყვეტა არ ჰქონდათ განზრახული, არამედ სურდათ, რუსეთ-საქართველოს შორის დამყარებულიყო საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა. სწორედ ამას ითვალისწინებდა 1783 წელს რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატიც, რომელიც 1801 წელს რუსეთის თვითმპყრობელურმა ხელისუფლებამ მზაკვრულად დაარღვია და შეუდგა საქართველოს ფაქტობრივ ოკუპაციას.

1830 წელს პოლონეთის აჯაყების დაწყების შესახებ ცნობამ შეთქმულებს ხელი შეუწყო აქტიურ მოქმედებაზე გადასვლაში. 1830 წელს საქართველოში ჩავიდნენ ელიზბარ ერისთავი და ოქროპირ ბატონიშვილი, საქართველოში მოიწვიეს დიმიტრი ბატონიშვილი. შეთქმულებს მომზადებული ჰქონდათ საქართველოს მმართველობის პროექტი. პროექტის ავტორები იყვნენ გიორგი რევაზის ძე ერისთავი და ელიზბარ ერისთავი. პროექტის მიხედვით უნდა აღდგენილიყო საქართველოში მეფობა. მეფედ მოიაზრებდნენ ალექსანდრე ბატონიშვილს. სამხედრო მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა ჭავჭავაძე, იუსტიციისას მუხრანბატონი, ფინანსთა მინისტრისას ფალავანდიშვილი, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრისას ჭილაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრისას ბებუთაშვილი. მთავრობის ქვედა პალატას შეადგენდნენ მაზრების დეპუტატები.

აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. შეთქმულ არისტოკრატებს, აჯანყების გეგმის, „პირველი ღამის განკარგულების“ მიხედვით, წვეულებაზე უნდა მოეწვიათ მსხვილი რუსული ბიუროკრატიის მოხელეები, განეიარაღებინათ, შემდეგ თბილისის მოსახლეობისთვის მოეწოდებინათ და აეჯანყებინათ. საბოლოო გეგმის მიხედვით, მათ უნდა გამოეყენებინათ 1832 წლის 20 დეკემბერს დანიშნული თავადაზნაურობის საგუბერნიო ყრილობა. აჯანყებულებს უნდა დაეკავებინათ არსენალისა და ხაზინის შენობები.

აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 დეკემბერს, შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იესე ფალავანდიშვილმა შეთქმულების შესახებ აცნობა თავის ძმას, რომელსაც კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ამ უკანასკნელმა შეთქმულება გასცა. შეთქმულები დააპატიმრეს, ყაზარმებში გამოამწყვდიეს და მათი „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის“ გამოსაკვლევად საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 „დამნაშავე“ გამოამჟღავნა. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ I–მა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა. მღვდელი ფილადელფოსი გამოძიების დასრულებამდე გარდაიცვალა ყაზარმაში.

სისასტიკით ცნობილი ნიკოლოზ I–ის ეს „გულჩვილობა“ და ქართველთა შეწყნარება იქიდან იყო გამოწვეული, რომ რუსეთი მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ საქართველო საკუთარი ნებით შეუერთდა რუსეთს, და ისინი მათი დამპყრობლები კი არა, მფარველები იყვნენ. გარდა ამისა, იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათი დამორჩილება სურდა. ბუნებრივია, რუსეთის მეფეს ქართველებთან ურთიერთობის გაუარესება კარგს არაფერს მოუტანდა, ვინაიდან იმიერკავკასიის დაპყრობით ოპერაციებში მონაწილეობას იღებდა არაერთი მაღალი სამხედრო წოდების ეთნიკური ქართველი, რომლებიც რუსეთის სამსახურს ერთგულად ასრულებდნენ. ნიკოლოზ I თავისი იმპერიული ზრახვების დასაყრდენს ისევ საქართველოში ხედავდა აქაური თავადაზნაურობის სახით. ამიტომ სურდა, რომ არა დასჯილ, არამედ „შეწყალებულ“ საზოგადოებასთან ჰქონოდა საქმე.

შეთქმულების საგამომძიებლო კომისიამ ელიზბარ ერისთავი მეორე ჯგუფის დამნაშავედ სცნო, ანუ ისეთ პირად სცნო, „ვინც იყვნენ შეთქმულების წამომწყები და სხვებსაც უბიძგებდნენ შეთქმულების და თვით აჯანყებისკენ“. იგი გადაასახლეს ფინეთში, სადაც ჯერ კრონშტატში, შემდეგ კი ჰელსინგფორსში (დღვანდელ ჰელსინკიში) ჯარისკაცად მსახურობდა. სასამართლო პროცესი დასრულდა 1834 წლის აპრილში. შეთქმულების 145 მონაწილიდან 38 რუსეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გუბერნიებში გადაასახლეს.

სასამართლო პროცესიდან რამდენიმე წლის შემდეგ ელიზბარ ერისთავი და ყველა სხვა შეთქმული სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც შორეულ ვიატკაში დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (31 წლის ასაკში).

ამით წერტილი დაესვა ქართველთა თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 704-705.
  • სურგულაძე ა., ნარკვევები ქართველი ინტელიგენციის ისტორიიდან თბილისი, 1980
  • გოზალიშვილი გ., „1832 წლის შეთქმულება“, ტ. 1-3, თბ., 1935-1976
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბილისი, 1973
  • სურგულაძე ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბილისი, 1968
  • ბერძენიშვილი ნ, დონდუა ვ., დუმბაძე მ., მელიქიშვილი გ., მესხია შ., რატიანი პ., „საქართველოს ისტორია I“, თბილისი, 1958
  • ბარამია ლ., 1832 წლის შეთქმულების შესახებ საქართველოში // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 21-36.