ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
Dzveli Tbilisi, Tbilisi, Georgia - panoramio (78).jpg
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები დავითის ქუჩა
უბანი მთაწმინდა

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა). რუსთაველის გამზირიდან კოტე მესხის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 30-იან წლებში. დააპროექტა მიწისმზომელმა ტოვარნიცკიმ (1833-1835). 1841 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც დავითის ქუჩა. 1846 წელს ეწოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელი. იგი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა და ამ ქუჩაზეც აღესრულა ტრაგიკულად — მიხეილ ვორონცოვთან წვეულებაზე მიმავალი ეტლიდან გადმოვარდა, თავი დაარტყდა ქუჩის ფილაქანს და იმავე ღამეს გარდაიცვალა. ქუჩაზე და ჩიხებში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. ალექსანდრე ჭავჭავაძის კუთვნილი, სილამაზით გამორჩეული 3 შენობა, რომელთაც მთელი კვარტალი ეჭირა რუსთაველის გამზირსა და გრიბოედოვის ქუჩას შორის, შემორჩენილი არ არის.

ვიკიციტატა
„ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი პირველი სახლი იყო საქართველოში, რომლის ოთახებსაც ამშვენებდა საუცხოო შპალერი, რომელზედაც გამოხატული ყოფილა სხვადასხვა მითოლოგიური სცენები. ამბობენ, თითქოს ეს შპალერი იმპერატრიცა ეკატერინეს ეჩუქებინოს პოეტის მამისთვის, როგორც საქართველოს სამეფო დესპანისთვის რუსეთის კარზე.“
(ა. ფადეევი)

ამჟამად ამ ადგილას დგას და ჭავჭავაძია ქუჩაზე გვერდითი ფასადით გამოდის არქიტექტორების პ. შტერნისა და კ. ტატიშჩევის მიერ 1897 და 1898 წლებში აგებული შენობები. ქუჩას აქვს 1 შესახვევი (ატენის შესახვევი, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ცხინვალის ქუჩა, 1946 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის შესახვევი), 2 ჩიხი. პირველი ჩიხი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც მთისძირი ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]