შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ჯავახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი 8 (20) ნოემბერი, 1880
დაბადების ადგილი წერაქვი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 სექტემბერი, 1937(1937-09-30) (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა პროზაიკოსი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჟანრი მოკლე რომანი
Magnum opus კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყოს ხიზნები, არსენა მარაბდელი და ქალის ტვირთი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (დაბადების გვარი ადამაშვილი; დ. 8 (20) ნოემბერი1880, წერაქვი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 30 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტერატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი ჯავახიშვილის თხრობის სტილს, იუმორს, ფარულ ირონიასა და მორალურ შემართებას სტენდალის, მოპასანისა და ზოლას თვისებებს ადარებს. მისი თქმით „თანამედროვე ქართულ პროზაში მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო მსგავსი საერთაშორისო აღიარების დონის მიღწევა“.[1]

მიხეილი (მარჯვნივ), ძმა – ფრიდონ (ზემოთ), მესამე უცნობია

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში, როგორც მიხეილ ადამაშვილი 1880 წლის 8 ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

მიხეილ ჯავახიშვილი ჟანდარმის ბარათზე 1910 წ.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903—1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში. ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული კრიტიკა (გ. რცხილაძე, კ. აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთრხობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში, ხოლო 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 46-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.[2]

შემოქმედების II პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიხეილ ჯავახიშვილი 1910

თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა „ტყის კაცით“ (1923) დაიწყო ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მასში შეფარვითაა გადმოცემული რთული ფილოსოფიური საკითხი ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებისა, ერთი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა შეახამოს მწერალმა სახის აზრობრივი და მხატვრული ფუნქცია. ამ მწერლური ნიჭიერების ნიმუშად მიხეილ ჯავახიშვილის ბევრი მოთხრობა და რომანი გამოდგება. მწერალი მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ებრძოდა იმ მავნე ტენდენციებს, რომელიც ქართული მხატვრული პროზის განვითარებას აფერხებდა 20-იან წლებში. ეს იყო ერთი მხრივ, ფორმალისტურ-დეკადენტური ძიებები და, მეორე მხრივ, უსულგულო ნატურალიზმი, ერთმაც და მეორემაც არც ისე მცირე ზიანი მიაყენა ქართულ ლიტერატურას. მიხეილ ჯავახიშვილისათვის ერთნაირად მიუღებელი იყო მხატვრული სახის თვითმიზნად გადაქცევის პრინციპები და ჯანსაღი იდეების პრიმიტიული გადმოცემა. იგი დაბეჯითებით მოითხოვდა ახალი იდეების სათანადო მხატვრულ ყალიბებში მოქცევას.[3]

ჯავახიშვილმა ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მწერალს თანაბრად აინტერესებდა ადამიანის ზნეობა, მისი ყოფა ახალ ისტორიულ პირობებში, დამოკიდებულება რევოლუციასთან. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები „ლამბალო და ყაშა“, „ყბაჩამ დაიგვიანა“, „მართალი აბდულაჰ“, „ორი განაჩენი“, „მიწის ყივილი“, „ხუთის ამბავი“ და სხვა.). რომანულ იტრიგებზე ჯავახიშვილს რამდენიმე მოთხრობა აქვს აგებული: „შურის მაძიებელი“, „ოქროს კბილი“, „ყბაჩამ დაიგვიანა“, „მუსუსი“, „პატარა დედაკაცი“, „კურდღელი“ და „ცხრა ქალწული“. აქ არის მოღალატე ქმარზე შურისძიებაც, საყვარელი ადამიანისათვის თავგანწირვაც, გაუმხელელი გრძნობის დრამატული განცდაც, დანგრეული სიყვარულის განახლებაც, ღალატის ტრაგიკული ფინალიც, უბრალოდ მრუშობაც.

მოთხრობები „ლამბალო და ყაშა“ და „მესამე“ უშუალოდ პირველი მსოფლიო ომის პერიოდს ეხება და ეძღვნება იმათ, ვისი ცხოვრებაც ასე ულმობლად დაანგრია ომის ხანძარმა. „ლამბალო და ყაშას“ შესავალი თავი, რომელშიც მწერალი აზერბაიჯანის ერთი ნაწილის, ურმიის ისტორიას გადმოგვცემს რომანტიკულ ფერებში, მკითხველს უხსნის მთელ იმ უბედურებას, რაც ყოფელთვის მოჰქონდათ და მოაქვთ ომებს. ამ ტერიტორიის მოსახლე ძველი და დიდებული სახელმწიფოების ბედი, რომელნიც გათელა და დაანგრია დრომ, განუწყვეტელმა ომებმა, ბევრის მეტყველია და მწერალსაც და მკითხველსაც სევდა ავსებს.

მიხეილ ჯავახიშვილი და მისი შვილი ქეთევანი

ამ ვრცელ მოთხრობაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ძალა - ბოროტი და კეთილი. დაჩაგრული, დამონებული ქვექნის ტერიტორიაზე იშლება მოქმედება და ბოროტისა და კეთილი საწყისების კონკრეტული განსახიერებაც ამ ერის შვილები არიან ლამბალო, ერის, ხალხის საუკეთესო თვისებების მატარებელი გმირია. თავისი უშუალობით, სიფაქიზით, გრძნობათა სიწმინდით, თავისუფალი სულით იგი ხიბლავს მკითხველს და მის გულწრფელ სიმპათიებს იმსახურებს. სამაგიეროდ ყაშა იმ გადაგვარებულ ადამიანთა მხატვრული, განზოგადებული სახეა, რომელთაც პირადი კეთილდღეობისათვის ყველაფრის, თავისი ოჯახისა და სამშობლოს გაყიდვაც არაფრად უღით. ყაშა მბრძანებლის მონაა და დაჩაგრულის მბრძანებელი, იგი ფეხქვეშ ედება კოლონიალისტებს და ფეხით სთელავს თავის თანამემამულე უბრალო ადამიანებს. ამ მოთხრობით მწერალმა გაცილებით მეტი თქვა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლამბალო არა მარტო პირად, არამედ თავისი ერის ტრაგედიასაც ხსნის, რომელიც კოლონიურ მდგომარეობაში იმყოფება. თავისი სამშობლოს უბრალო სიყვარული კი არ აპატია სწორედ თავისივე ერის გადაგვარებულმა შვილმა.

მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე“, 1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები“, 1925), სათავგადასავლო („გივი შადური“, 1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი“, 1933—1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო“, 1926) რომანები. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა.

კვაჭი კვაჭანტირაძის გროტესკული სახის შექმნით ჯავახიშვილმა ამხილა სოციალური წყობა, რომელმაც წარმოშვა ასეთი „გმირი“ და მხატვრული დამაჯერებლობით წარმოსახა რუსეთის იმპერიის მმართველი წრეების ზნეობრივი დაცემა, უმეცრება, დეგენერაცია.

„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული მოინტელიგენტო ხორცმეტი (თეიმურაზ ხევისთავი) და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.

ახალი ინტერესებით, ახალი სულისკვეთებით გაამდიდრა ჯავახიშვილის შემოქმედება ისტორიულმა რომანებმა, რომლებშიც გაცოცხლდა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის სურათები. რომანში „არსენა მარაბდელი“ XIX საუკუნის I ნახევრის გლეხთა მოძრაობის ვრცელი პანორამაა გადმოცემული. „ქალის ტვირთში“ წარმოსახულია XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933—1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.

ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ — 1958—1964 („რჩეული თხზულებანი“, ტ.1-6). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

მიხეილ ჯავახიშვილი რუსეთში

1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი“ ხელახლა გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ქალის ტვირთის“, სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

ამ ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, ივდითი, რომლის საყვარელი, მიწისქვეშა ბოლშევიკი მუშა — ზურაბი, დაარწმუნებს მას მეფის ჟანდარმერ ავშაროვს გაჰყვეს ცოლად და მოკლას იგი. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშვილმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს — მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის „Retour de l’URSS“ და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და, ბერიას თანდასწრებით, წამების ქვეშ, ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918—1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922—1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

მიხეილ ჯავახიშვილი ქართულ საფოსტო მარკაზე. 2022 წ., ავტ. ბ. გაგნიძე

პროფესორი იოსებ მეგრელიძე მწერალზე წერდა:

ვიკიციტატა
„მიხეილ ჯავახიშვილი არავის წინაშე ქედს არ ხრიდა. მეტიც, ზოგჯერ გამომწვევ რეპლიკასაც კი წამოიძახებდა ხოლმე. მას სასტიკად აკრიტიკებდნენ, ზოგი უფრო „დიპლომატიურად“ გამოდიოდა, ვიდრე მ. ჯავახიშვილი, კოწია გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე. ქედუხრელი მიხეილ ჯავახიშვილი გარეგნობით არ სტოვებდა გოლიათის შთაბეჭდილებას, მაგრამ იყო უდიდესად აღიარებული ქართველი პროზაიკოსი. დადიოდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი და ხელში ჯოხით, ყურადღებას იპყრობდა ინტელიგენტური, დახვეწილი მანერებითა და დინჯი, მკაფიო მეტყველებით, ლაპარაკობდა დარბაისლურად, ბოხი ხმით, მის ქართულ მეტყველებაში კახური აქცენტი იგრძნობოდა. მისივე რუსული ზოგ რუს კარგ მწერალსაც კი მიაჩნდა მისაბაძად. ჭამა ფაქიზი იცოდა და მთვრალი არ გვინახავს.“

გერონტი ქიქოძე წიგნიდან – „მოგონება მიხეილ ჯავახიშვილზე“:

ვიკიციტატა
„მოგონება მიხეილ ჯავახიშვილზე“: პირველად მიხეილ ჯავახიშვილს 1910 წლის შემოდგომაზე შევხვდი მეტეხის ციხეში. რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკანის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებელად საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე. მკითხველ საზოგადოებაში ის უკვე ცნობილი იყო რამდენიმე მოთხრობით, სადაც მშვენიერი ქართული ენით პატარა ადამიანების ცხოვრება ჰქონდა აღწერილი. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო: განცდილ ამბებს გადმოსცემდა როგორც დაკვირებული ადამიანები, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული. ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათავალიდან; ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას აერთებდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში. მიხეილ ჯავახიშვილს არც იალტის სამეურნეო სასწავლებელი დაუსრულებია და არც სორბონის კურსი. ამისდამიუხედავად თანამედროვე რუს და ქართველ მწერლებს შორის არავის ჩამოუვარდებოდა განათლებით. სიუჟეტის განვითარება, ტიპური მოვლენების დანახვა და ასახვა ისე ეხერხებოდა, როგორც ყველაზე გამოჩენილ თანამედროვე ოსტატებს ეხერხებათ. მისი კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყო, დამპატიჟე ძალიან რელიეფურად არიან დახატული, ისინი საზოგადო სახელებად იქცნენ. ესეცაა, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს „ჯაყოს ხიზნებისა“ და „მუსუსის“ ავტორს პარიზში ალბათ, ბევრი უსეირნია ტამპლის და კაპუცინების ბულვარზე და ხშირად შეუხედავს მონმარტრის კაფეებშიო.“

მწერლის ქალიშვილი, რუსუდან ჯავახიშვილი მამის დაპატიმრების დღეს ასე იხსნენებს:

ვიკიციტატა
„მახსოვს ის დილა ქვიშხეთში, როცა ჩეკისტები თავს დაგვადგნენ და მამას დაპატიმრების ორდენი წარუდგინეს. მე და ჩემი ძმა რამაზი ოთახიდან გამოვცვივდით და დავინახეთ, როგორ წამოდგა საწოლიდან მამა, როგორ ჩაიცვა თეთრი კოსტიუმი და უსიტყვოდ როგორ გაჰყვა ჩეკისტებს. ჩემი და ქეთევანი მათ რაღაცას უყვებოდა. დედა კი გაოგნებული იდგა. როცა მამამ კიბე ჩაიარა და ეზო გადაჭრა, მე და რამაზი გავიქეცით, ეზო გადავირბინეთ და შემაღლებული ადგილიდან გადავხედეთ; ჩეკისტებს შუაში მოქცეული მიჰყავდათ მამა...“

ივანე გომართელი ჯავახიშვილის შემოქმედების პირველ პერიოდზე წერს:

ვიკიციტატა
„სხვა და სხვა ეპოქას სხვა და სხვა ესთეტიკური გემოვნება შეაქვს ხელოვნებაში და აქედან ჩნდება მიმართულება, მოდა, რომანტიზმი, რეალიზმი, სიმბოლიზმი, ფუტურიზმი და სხვა. ყოველივე ეს წარმავალია და ჰქრება. უკვდავია მხოლოდ ჭეშმარიტი ხელოვნება, რომელიც სამუდამოდ რჩება, ვითარცა ქვიშა წარმავალი წყლისა. ჭეშმარიტი ხელოვნება არის მხოლოდ იქ, სადაც შეერთებულია ფანტაზია, თავისებური სტილი, მანერა წერისა, სიმკვეთრე გამოსახვისა, სიცხოველე ამა თუ იმ პრობლემის გაშუქებაში და სხვა. ყოველივე ეს ერთად აღებული წარმოადგენს იმას, რასაც ჩვენ მხატვრულ ნიჭს ვუწოდებთ. მ. ჯავახიშვილ-ადამაშვილის პირველი ტომი დადაღულია შემოქმედის უტყუარი ნიჭით. ბელეტრისტი გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე ოცი წლის წინათ. დაწვა ერთ ღამეს უბრალო ადამიანად და ადგა მეორე დღეს უკვე სახელმოხვეჭილ მწერლად: მისი შემოქმედების პირველმა ყვავილებმა საერთო ყურადღება დაიმსახურეს. მაგრამ მ. ადამაშვილი მეტეორივით მოევლინა ჩვენი ხელოვნების ცას; ელვით გაისრიალა და მიიმალა. მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ბელეტრისტი სდუმდა და დღეს ისევ ამეტყველდა, ისევ გააშუქა ჩვენი ხელოვნების ცა „კვაჭი კვაჭანტირაძით“ და სხვ. კვაჭი კვაჭანტირაძე ჰღირს იმად, რომ ბელეტრისტის ხანგრძლივი დუმილი გაამართლოს და გამოისყიდოს. ეს ტიპი საკმაო მომწიფებული იყო ჩვენს ცხოვრებაში და ეძებდა თავის მხატვარს, სანამდის არ ნახა მ. ადამაშვილში. პირველი ტომის მოთხრობები ყველა წარსულს ეკუთვნის, გარდა „ტყის კაცისა“, და როდესაც შეადარებთ ერთმანეთს, უსათუოდ ნახავთ დიდ განსხვავებას: სტილი დაიხვეწა, მანერა წერისა უფრო გამოიკვეთა, ასახვა უფრო გაცხოველდა და გასპეტაკდა, შეიჭრა შიგ ბუნება და სხვა; სიუჟეტებში კი არის განუწყვეტელი ჯაჭვი, მსგავსება: ღრმად ჩახედვა საბრალო და უბედური ადამიანის გულში.“

ნოდარ დუმბაძე მწერლის იუბილეზე:

ვიკიციტატა
„ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში.

ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის: პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ არ ეყოფოდა საკითხავად, ამ ცეცხლის შუქზე ღამითაც ეკითხა ეს ღვთაებრივი ლექსებიო…

ამ წუთში ჩემი და გამახსენდა, ღუმელში დასაწვავად გადადებული წიგნებიდან რამდენიმე რომ მოიპარა და შემდეგ ღამღამობით უჩუმრად კითხულობდა, კითხულობდა და მალავდა, იმ დამალულ წიგნებს შემდეგ მე ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი, ჩემი და 12 წლისა იყო მაშინ, მე კი ცხრა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო ჩვენთვის ჯავახიშვილის დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს ვინ დაგიდევდა, ყველაფერი მოსწრებაზე იყო, ქვეყნიერება თავდაყირა იდგა და ყველაფერი უკუღმა იკითხებოდა… მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორმოცდაოთხი წლის შემდეგ, სახლის სხვენზე კია არა, ამ მზის გულზე საკითხავი წიგნების ავტორის იუბილეს მოვესწრებოდი და განგება ამ საღამოზე სიტყვის წარმოთქმასაც მაღირსებდა…

ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის. ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე. ტკივილი ტკივილად დარჩა. თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი. ახლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი. იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.

ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი.“

რჩეული ესეები და წერილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მთავრობა (1906)
  • მოჰკლეს პოეტი (ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე) (1907)
  • ქართული ენა (1924)
  • ისევ ქართული ენის შესახებ (1924 წ.)
  • ქართული წიგნი და ქართველი მწერალი (1924 წ.)
  • ლიტერატურული განცხადება (1926)
  • უბის წიგნაკიდან (1924-1935 წწ)
  • როგორ ვმუშაობ
  • წერილი ქალიშვილისადმი
  • გვერდწითელი გ., მიხეილ ჯავახიშვილი, თბ., 1977;
  • კვანჭილაშვილი ტ., მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება, თბ., 1966
  • ჯავახიშვილი ქ., მიხეილ ჯავახიშვილი, თბ., 1984
  • გვერდწითელი გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 527—528.
  • Rayfield, Donald (2000), The Literature of Georgia: A History: 1st edition, p. 224. Routledge, ISBN 0-7007-1163-5 (ინგლისურ ენაზე)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. Rayfield, Donald (2000), The Literature of Georgia: A History: 1st edition, p. 224. Routledge, ISBN 0-7007-1163-5.
  2. ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002. — გვ. 328, ISBN 99928-962-0-5.
  3. მ. ჯავახიშვილი - „ლიტერტურული გამოცხადება“