გიორგი ალიბეგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ალიბეგაშვილი
თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2014 – 7 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიირაკლი შიხიაშვილი
მემკვიდრეგიორგი ტყემალაძე

დაბადებული26 მაისი, 1959 (1959-05-26) (64 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველოს
ეროვნებაქართველი
პროფესიაფილოლოგი

გიორგი ალიბეგაშვილი (დ. 26 მაისი, 1959, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, 2014-2017 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ალიბეგაშვილი დაიბადა 1959 წლის 26 მაისს, თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის 47–ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლების მანძილზე დანიშნული ჰქონდა შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია. 1989 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე ,,ეფრემ მცირის ლიტერატურული შეხედულებანი”, ხოლო 1999 წელს — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი თემაზე ,,შატბერდის კრებული ” და ქრისტიანული ეგზეგეტიკა”.

1982 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამომცემლობის უმცროს რედაქტორად, სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის სპეციალისტად, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ლაბორანტად, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის კათედრის დოცენტად და შემდგომ პროფესორად (წოდება მიენიჭა 2001 წელს).

1991-1992 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი, ხოლო 1994-1995 წლებში — თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი.

1997 წლიდან 2005 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2005 წლიდან 2006 წლამდე ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით.

იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1983 წლიდან 2009 წლამდე თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში.

2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. კითხულობს სალექციო კურსებს: ,,თარგმანის თეორია”, ,,აკადემიური წერა“, ,,თარგმანის ისტორია და ტრადიციები, ლექსიკოლოგია“, ,,შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ისტორია“, ,,ქრისტიანობა და ქართული კულტურა“, ,,ქრისტიანული კულტურის საფუძვლები“ და სხვა. მისი ხელმძღვანელობით მზადდება სამაგისტრო ნაშრომები და სადოქტორო დისერტაციები. ქართულ, რუსულ, და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი, სტატია და მასალები, აგრეთვე, სასკოლო და საუნივერსიტეტო დამხმარე სახელმძღვანელოები.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი ალიბეგაშვილი — ქართული უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-08-26.