პაოლო იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაშვილი.
პაოლო იაშვილი
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1894(1894-06-29)
დაბადების ადგილი გამოღმა არგვეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 ივლისი, 1937(1937-07-22) (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკას დროშა ადფრ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

პაოლო (პავლე) იაშვილი (დ. 29 ივნისი, 1894[1], არგვეთი, შორაპნის მაზრა — გ. 22 ივლისი, 1937, თბილისი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი იყო. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. პაოლო იაშვილს ჰყავდა ოთხი ძმა და ერთი და. მისი ერთი ძმა 1924 წელს დახვრიტეს შორაპანში აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის გამო. მისი ერთი ძმა კი 1940 წელს გადაასახლეს.

საკმაოდ შეძლებულ, მრავალშვილიან ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს - „ოქროს ვერძი“ და „ცისფერი ყანწები“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ „ცისფერყანწელთა“ მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. 1911 წლიდან იაშვილმა სწავლა განაგრძო ანაპაში კერძო გიმნაზიაში. თავდაპირველად დაკავებული იყო მხატვრობით, მაგრამ არ გაჰყვა ამ პროფესიას. შემორჩენილია მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობართა ნიღბების ჩანახატები. 1911 წლიდან ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ „კოლხიდაში“. 1912–1913 წლებში სათავეში ედგა და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ „ოქროს ვერძს“.

1913 წელს გაემგზავრა პარიზში, ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში გატარებულმა დრომ გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. დაუახლოვდა ილია ერენბურგს. იაშვილი პარიზში შეხვდა კონსტანტინე ბალმონტს და აჩუქა მას „ვეფხისტყაოსანი“. პოეზიით გატაცებამ მას დაავიწყა ფერწერა. 1915 წელს ის გაექცა პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულ ქარცეცხლსა და ქაოსს, დაბრუნდა ქუთაისში და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში.

ლიტერატურული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს, ტიციან ტაბიძესთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან, კოლაუ ნადირაძესთან, სანდრო ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად დააარსა „ცისფერი ყანწების“ ორდენი და 1916 წლიდან რედაქტორობდა ამავე სახელწოდების ალმანახს[2], რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოში სიმბოლიზმის და სხვა მოდერნისტული მიმდინარეობიების განვითარებში.

1918-1921 წლებში მისი ლექსები და ნახატები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. აქტიურად მონაწილეობა ლიტერატურულ საღამოებში. კოტე მარჯანიშვილთან ერთად ჩაერთო ქართული თეატრის აღორძინებაში.

იაშვილი აქტიურად არ შეწინააღმდეგებია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას. ხელისუფლება ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს იაშვილი აქტიური მომხრე იყო საბჭოთა ხელისუფლებისა. იაშვილმა დაწერა საქართველოს გასაბჭოებისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „ახალ საქართველოს“. 1924 წელს დახვრიტეს მისი ძმა აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის. ამან მისი გაორება გამოიწვია. 1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.[3] იაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავდა პარტიულ წრეებში, რომლებიც 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს. თავად მასაც დაუსრულებლად იბარებდნენ ჩეკაში დაკითხვებზე.

თვითმკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაოლო იაშვილი იყო ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირა. ეს მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე „იდეოლოგიური მავნებლობის“ გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის „ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან“: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც საქართველო სსრ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის „მოღალატებრივ საქმიანობაზე“. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ „ხალხის მტრისა და დივერსანტის“ საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თვქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი.

ვიკიციტატა
„ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე“
(შალვა აფხაიძე)

თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა“. საბჭოთა ხელისუფლებამ მკვდარ პოეტს სასამართლო მოუწყო. აიკრძალა მისი სახელის ხსენება. პაოლო იაშვილის რეაბილიტაცია მოხდა სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვის დათბობის დროს. 1955 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი, 1959 წელს კი ვრცელი კრებული. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომიძე გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 200.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 177.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 181, თბ., 1994;
  • ავალიანი, ლ., პაოლო იაშვილი, თბილისი, 1977;
  • კლდიაშვილი ს., ახლობელი და შორეული, თბ., 1964;
  • ქიქოძე გ., ეტიუდები და პორტრეტები, თბ., 1958;
  • ასათიანი გ., პაოლო იაშვილი, "მნათობი", 1964, № 7;
  • აფხაიძე შ., პაოლო იაშვილი, „მნათობი“, 1960 № 11, 12;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადავოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს.
  2. პაოლო იაშვილი. „ნაკადული“, თბილისი 1975. გვ. 596–598
  3. პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 599