იასონ ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე

იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე (დ. 6 მარტი, 1866, ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს რაიონი, — გ. 1949) — ქართველი იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი მმართველი; მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის გიმნაზიის დასრულებისთანავე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წელს დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სახაზინო მამულების უწყებაში თბილისში, აქტიურად იყო ჩართული პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იასონ ლორთქიფანიძემ ჯერ განჯაში, შემდგომ კავკავში გააგრძელა მუშაობა იურისკონსულტად. განჯაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოძიებასა და 1893 წელს პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაში. კავკავში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ქართული კოლონიის საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკავის ურთიერთდამხმარე საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე, არჩეული იყო ამავე ქალაქის სათათბიროს ხმოსნად. 1906 წელს თერგის ოლქიდან დასახელებული იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად.

1917 წლიდან იასონ ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების კომისიის წევრი და განაგებდა მის საფინანსო ნაწილს. 1917 წელს ნოემბერში კოოპტაციის წესით შეიყვანეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1918 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნული საბჭო გაფართოვდა, იასონ ლორთქიფანიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საბჭოს წევრი გახდა. არჩეული იყო საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, სამანდატო კომისიის წევრად. 1920 წელს, თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე მის პირველი მმართველად დაინიშნა. ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 წ. იანვარში, იასონ ლორთქიფანიძე დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაშიც აირჩიეს.

1921 წელს თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. ამის მიუხედავად, აიძულეს ედპ-ს სხვა თვალსაჩინო წევრებთან ერთად ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. კონფერენცია 1923 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და ედპ დაშლილად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლებამ იასონ ლორთქიფანიძე 1923 წლამდე დატოვა მმართველის თანამდებობაზე იმავე ბანკში, რომელიც საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა, შემდეგ მოადგილედ დააქვეითეს, ხოლო 1924 წელს მის მიერვე ჩამოყალიბებული სამრეწველო ბანკის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. 1925 წელს იყო საგამომცემლო ამხანაგობა „ქართული წიგნის“ გამგეობის წევრი. 1927 წლიდან აკრძალული ჰქონდა საფინანსო და საზოგადოებრივი სამსახური. ამ პერიოდში შეუდგა საისტორიო კვლევა-ძიებას და მოამზადა ნაშრომი სახელწოდებით: „ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში“, რომელიც ორ წიგნად გამოიცა (თბ., 1935-1938). თითოეული მათგანი ორ-ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი წიგნი წყაროების გამოკვლევასა და გეოგრაფიიულ ცნობებს ეთმობა, ხოლო მეორეში მოსახლეობისა და მფლობელობის სტატისტიკაა შესწავლილი. 1937 წელს იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს.

გარდაიცვალა 1949 წლის ივლისში. მის პირად არქივში დაცული მასალები, განსაკუთრებით ეპისტოლური მემკვიდრეობა, მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს საქართველოში საბანკო საქმის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]