გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიგო ზაზიაშვილის კარიკატურა, რომელიც ასახავს ბაგრატიონ-დავითიშვილსა და გუბერნატორს შორის მომხდარ ინციდენტს (გაზ. „ხუმარა“ №1, 1907.

გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითიშვილი (დ. 2 იანვარი, 1858 — გ. 1929) — თავადი, ქართველი მემამულე, სახელმწიფო მოხელე და საზოგადო მოღვაწე. ივანე მაჩაბლის ცოლის — ანასტასია ბაგრატიონ-დავითიშვილის ძმა.

თადარიგის პორუჩიკი, ჰქონდა კამერ-იუნკერის (1912), შემდეგ კამერჰერის (1914) წოდება, ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის ტიტული. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელი მოსამართლე, კავკასიაში საიმპერატორო კანცელარიის საგანგებო დავალებათა მოხელე. 1890-იან წლებიდან 1906 წლამდე იყო გორის მაზრის, 1906-1913 წლებში — თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი („მარშალი“). რუსეთის 1905 წლის რევოლუციის პერიოდში ცდილობდა ქართლში მემამულეებსა და გლეხებს შორის გამწვავებული ურთიერთობა მშვიდობიანად მოეგვარებინა და აღელვებული სოფლები მთავრობის „ეგზეკუციისგან“ დაეცვა.[1]

1907 წელს ბაგრატიონ-დავითიშვილს ინციდენტი მოსვლია თბილისის სამოქალაქო გუბერნატორთან, ბარონ პავლე რაუშ-ფონ-ტრაუბენბერგთან: თბილისის სამხედრო ტაძარში გუბერნატორის ქედმაღლობით გაღიზიანებულმა თავადმა მას გამოწვდილი ხელი არ ჩამოართვა და ზურგი შეაქცია. ეს ამბავი აკაკი წერეთელმა გამოიყენა თავის ლექსში „დიდ-ყურაანთ ყროყინას...“ (გაზეთი „ხუმარა“ №1, 1907), რომელიც გუბერნატორს აქილიკებდა. ამის გამო პოეტი მცირე ხნით მეტეხის ციხეში დააპატიმრეს. ბაგრატიონ-დავითიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართლ-კახეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ხელი შეუწყო კახეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყებას, ელექტროსადგურის ამოქმედებას, საადგილმამულო კომისიის მუშაობას. მარშლობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა მეურნეობას საკუთარ მამულში, სოფ. სატივეში.[2] მისი მამულები დაზარალდა 1917-1918 წლების გლეხთა მღელვარებების დროს. 1918 წლის ოქტომბერში გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილი და მისი ძმა დავითი მცირე ხნით დაპატიმრებული იყვნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მონარქისტული შეთქმულების ბრალდებით, რამაც საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.[3] დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის IV და წმ. ანას III ხარისხის ორდენებით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дворянские роды Российской империи. Том 3. Князья / Под ред. С. В. Думина. — М.: Линкоминвест, 1996. — С. 84;
  • საშვილიშვილო მოკავშირე — დიმიტრი ყიფიანი : მასალები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის : ტ. 3 / ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. – თბ., 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლომოური, ნ., „წერილი რედაქციის მიმართ“, გაზ. „ივერია“ №14 – 4 ივნისი, 1906 – გვ. 15-16.
  2. ი., „ბ-ნ გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილის მეურნეობა“, გაზ. „კლდე“ №7 – 27 ოქტომბერი, 1918 – გვ. 4.
  3. „გ. ბაგრატიონის და სხვა მემამულეთა დატუსაღების გამო“, გაზ. „კლდე“ №4 – 6 ოქტომბერი, 1918 – გვ. 3.