კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი
დაბადების თარიღი 2 (14) მარტი, 1889[1]
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 19 მაისი (1 ივნისი), 1915[1]
გარდაცვალების ადგილი Lubaczów
ჯარის სახეობა სამხედრო კავალერია
წოდება ფლიგელ-ადიუტანტი და poruchik
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები Order of St. Anne 3rd class with swords and bow, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, Order of Saint Stanislaus (House of Romanov), ოქროს ხმალი მამაცობისათვის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და Medal "In memory of the 300th anniversary of Romanov dynasty"

თავადი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1889 — გ. 1915) — ქართველი სამხედრო პირი. რუსეთის იმპერიის არმიის პორუჩიკი, ნიკოლოზ II-ის ფლიგელ-ადიუტანტი.[2] წმინდა გიორგის ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო სახელმწიფო მრჩევლის, კამერჰერისა და კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელის — ალექსანდრე მიხეილის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის და ნინო იოსების ასულ თარხან-მოურავის უმცროსი ვაჟი. 1901 წელს 11 წლის კონსტანტინემ ექსტერნად ჩააბარა პაჟთა კორპუსში. 1907 წელს სასწავლებელი დაამთავრა და უფროს ოფიცრად-კორნეტად ჩაირიცხა იმპერატორის დაცვისთვის შექმნილ ცხენოსანთა კავალერგარდის პოლკში. პოლკში ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და იმედისმომცემი ახალგაზრდა იყო, რომელსაც დიდ სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. 1913 წელს კონსტანტინე პორუჩიკი გახდა, იმავე წელს კი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ფლიგელ-ადიუტანტი.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინეს და ტატიანას ქორწილი

1910 წელს 21 წლის კორნეტმა გაიცნო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილი, დიდი მთავრის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის 19 წლის ქალიშვილი ტატიანა რომანოვა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ რომანოვების დინასტიის წევრებს მხოლოდ მოქმედი დინასტიების წევრებზე ჰქონდათ ქორწინების უფლება. ამიტომ 1911 წელს გამოქვეყნდა იმპერატორის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საიმპერატორო სისხლის პირებს არადინასტიური ქორწინების უფლება პირველად ეძლეოდათ. თუმცა, ამ ქორწინებათა შედეგად დაბადებულ ბავშვებს ტახტის მემკვიდრეობის უფლება ერთმეოდათ. ტატიანამ წერილობით თქვა უარი თავისი და მომავალი შვილების სახელით ტახტის მემკვიდრეობაზე. შედეგად, კონსტანტინე და ტატიანა 1911 წლის 24 აგვისტოს დაქორწინდნენ და შეეძინათ ორი შვილი: 1912 წელს თეიმურაზი, 1914 წელს — ნატალია.[3]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს, კონსტანტინე თავის ხუთ ცოლისძმასთან ერთად ომში წავიდა. მეთაურობდა მე-13 ლეიბ-გვარდიის ერევნის პოლკს. იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე. გახდა წმინდა გიორგის ორდენის კავალერი.

კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი 1915 წლის 19 მაისს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე, გალიციაში დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lundy D. R. The Peerage
  2. რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილ (2012). „ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე“, ქართველები უცხოეთში. 
  3. Захаров (2005). Gabriel Konstantinovich of Russia. В Мраморном дворце: воспоминания [In the Marble Palace: Memories], გვ. 104.