ალექსანდრე სარაჯიშვილი
ალექსანდრე სარაჯიშვილი (ფსევდონიმი: რიშ-ბაბა) (დ. 1851 — გ. 1914) — ქართველი კრიტიკოსი, მკვლევარი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1868 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე, სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე და კიევის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 1873–1876 წლებში ჟენევის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ჟენევაში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა ცხოვრებაში, ფრანგულად კითხულობდა მოხსენებას ქართული ლიტერატურის საკითხებზე. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი ხაზინადარი, მუზეუმ-წიგნთსაცავის გამგე. თანამშრომლობდა გამოცემებთან „დროება“ (ათავსებდა კრიტიკულ წერილებსა და რეცენზიებს) და „მოამბე“, სადაც 1895 წელს დაიწყო მისი ნაშრომის — „ვეფხისტყაოსნის ყალბი ადგილების“ გამოქვეყნება. 1901–1902 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“, ხოლო 1903–1905 წლებში იყო ამ გაზეთის გამომცემელი. იუმორისტული ხასიათის წერილებსა და ნათარგმნ თხზულებებს აქვეყნებდა გამოცემებში „ფასკუნჯი“, „ჯეჯილი“ და „კლდე“. ალექსანდრე სარაჯიშვილი იკვლევდა აგრთვე ძველ ხელნაწერებსაც. 1884 წელს ილია ჭავჭავაძესა და პეტრე უმიკაშვილთან ერთად გამოსცა „ვისრამიანი“. ი. რომენსკისთან ერთად თარგმნა ინდური ეპოსი „რამაიანა“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ი. მეგრელიძე, რუსთველოლოგები, 1970;
- ი. სონღულაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, კრებული: ძველი საქართველო, ტ. IV, 1914–1915.
|