საქართველოს სახელმწიფო დროშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველო

Flag of Georgia.svg
ხუთჯვრიანი დროშა

მიღებულია

14 იანვარი, 2004

პროპორცია

FIAV 110110.svg 2:3

კომპიუტერული
დიზაინი

თეთრი მართკუთხა ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი

სიმბოლიკა

იესო ქრისტე და ოთხი მახარობელი

საქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.

დროშის აგების წესი, სქემა

საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

დროშის შესახებ[რედაქტირება]

თბილისი და „ხუთ–ჯვრიანი“ დროშა, ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანი.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება — ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: გოდფრუა ბუიონელის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირდა ანჯელინო დულჩერის პორტულანზე (1339წ.) და ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანზე (1367წ).

თბილისი და „ხუთ-ჯვრიანი“ დროშა, ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების 1367 წლის პორტულანი.

ადრეული საქართველოს დროშები[რედაქტირება]

ადრეული საქართველოს დროშები სხვადასხვაგვარი იყო. ცალ-ცალკე არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის. სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა (სხვაგვარად სეფე-დროშა). XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან უნდა მოდიოდეს და თეთრი ფერისა უნდა ყოფილიყო, მიმაგრებული წითელ ჯვრიან ბუნზე. სომეხ ისტორიკოსთა ცნობით თეთრ დროშაზე რაღაც ნიშანი იყო დატანილი, თუმცა უცნობია კონკრეტული გამოსახულება. არსებობს სხვა ცნობაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით. გადმოცემით, „გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა მე-19 საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.

XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც, მასზე თეთრი ტოლმკლავიანი ჯვრით. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.

დამოუკიდებელი საქართველო (1918-1921, 1990-2004)[რედაქტირება]

საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე ხნის განმავლობაში 1918-21 წლებში მიღებული იყო სამფერი დორშა (მარჯვნივ). დიზაინი შერჩეულ იქნა ეროვნული დროშის დიზაინის კონკურსით, რომელშიც მხატვარი იაკობ ნიკოლაძის იდეამ გაიმარჯვა. დროშა 1921 წელს საქართველოს რევკომმა გააუქმა საქართველოს ანექსიის შემდგომ და ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით[1][2]. ამ დროშამ მოგვიანებით პოპულარობა დაკარგა, ვინაიდან საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის ქაოტურ და სისხლიან პერიოდთან ასოცირდებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

საბჭოთა საქართველო (1921-1990)[რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში საქართველოში წითელი საბჭოთა დროშის რამდენიმე ვარიანტი იყო მიღებული, რომელზეც ან საქართველოს სსრ-ის სახელი იყო აღბეჭდილი, ან წითელი ნამგალი და ურო ვარსკვლავით ლურჯ მზესა და ლურჯ ზოლზე დროშის ზედა ნაწილში (მარჯვნივ). ეს დროშა საქართველოს მთავრობამ გააუქმა 1990 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისას.

საქართველოს დროშა, 1918-1921 (1:2) საქართველოს დროშა, 1921—1937 (1:2) საქართველოს დროშა, 1937—1951 (1:2) საქართველოს დროშა, 1951-1990 (1:2) საქართველოს დროშა, 1990-2004 (3:5)

„გულებიანი დროშის“ პრობლემა[რედაქტირება]

2013 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გუმბათზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროშა აღიმართა, რომელიც პარტიამ 5 ნოემბერს მიიღო.[3] „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროშის აღმართვას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა, რომლის განცხადებით „საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა და დაუშვებელია ქვეყნის სიმბოლოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან. მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე“.[4] მოგვიანებით მთავრობის პოზიციას დაეთანხმა პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, რომელმაც გაავლო პარალელი ავლაბრის რეზიდენციასა და თეთრს სახლს შორის და პრეზიდენტს ძველი დროშის დაბრუნებისკენ მოუწოდა.[5] მოგვიანებით ავლაბრის რეზიდენციის გუმბათზე აღმართული დროშის პრობლემას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კანდელაკი, რომელმაც ახალი დროშის განმარტება გააკეთა. მისი მოსაზრებით, „[...] პოლიტიკაში მთავარი არის კონტექსტი. კონტექსტი სწორედ ეს არის, რომ ჩვენი დაპირისპირება და შუღლი მტერს აძლევს ხელს. ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს და უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესით. ეს არის არსი“.[6] დღის ბოლოს დროშასთან დაკავშირებით კომენტარი გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინსტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა. მისი განმარტებით „დროშა აღმართულია მხოლოდ ერთი დღით, სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით.“[7] 10 ნოემბერს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც განაცხადა:„არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის“.[8] 2013 წლის 10 ნოემბრის შუადღეს ავლაბრის რეზიდენციის გუმბათზე საქართველოს სახელმწიფო დროშა ისევ აფრიალდა.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ს. გამსახურდია, ნ. შოშიაშვილი, ზ. ხიდურელი: „საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები“, თბილისი, 1990.
  • გიორგი მაჭარაშვილი: „დროშა გორგასლიანი“, თბ. 2011.
  • „საქართველოს დროშები და გერბები ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით“, საქ. რესპ. მეცნ. აკად., გეოგრაფიისა და გეოეკოლოგიის ინ-ტი ; [შემდგ.: ნარგიზა გამცემლიძე, თამაზ კიკნაძე]. - თბ.: სამშობლო, 1991.
  • „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები : აღწერილობა, გამოსახვა, გამოყენება.“ - თბ. : [ბონა კაუზა], 2005. ISBN 99928-844-2-8.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. (14 ნოემბერი, 1990(1990-11-14))საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქარველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ”. კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ საიტი. ორგინ.:საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №11 (30/11/1990). წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2011(2011-12-25).
  2. საქართველოს პარლამენტი. (14 ნოემბერი, 1997(1997-11-14))საქართველოს ორგანული კანონი „'საქარველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ' საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ საიტი. ორგინ.:საქართველოს პარლამენტის უწყებანი №46, (03/12/1997). წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2011(2011-12-25).
  3. პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად „ნაციონალების“ დროშაა აღმართული
  4. მთავრობა სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის დაუყოვნებლივ აღმართვისკენ მოუწოდებს
  5. იმერლიშვილი პრეზიდენტს ურჩევს "გონს მოეგოს"
  6. გიორგი კანდელაკი - პრეზიდენტის სასახლეზე ახალი დროშა შემრიგებლურ სიგნალად უნდა აღვიქვათ
  7. ანდრო ბარნოვი - პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდება
  8. სააკაშვილი: არავინ ისე არ ამაყობს ხუთჯვრიანი დროშით, როგორც მე
  9. პრეზიდენტის სასახლეზე კვლავ სახელმწიფო დროშა ფრიალებს