მტკვარ-არაქსის კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი (ღია ნაცრისფერი) და გვიანდელი (ურარტუს) კულტურა (მუქი ნაცრისფერი).

მტკვარ-არაქსის კულტურა ან ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა, ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არაქსის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.

კულტურა[რედაქტირება]

მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობა და პირვანდელი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. სადღეისოდ არსებული მასალებით ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არეზის აუზში უნდა ყოფილიყო. ქვემო ქართლში თავმოყრილია ამ კულტურის ადრინდელი ძეგლები. ადრინდელი სამიწათმოქმედო ტომების კულტურაში შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტის საწყისები. ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში აქ შეიქმნა პირობები მიწათმოქმედი საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის. ამ კულტურის დაწინაურება, შესაძლოა, სამხრეთიდან მოსახლეობის ახალი მასის გადმონაცვლებამ განაპირობა, მაგრამ კულტურული აღმავლობა მაინც ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება]

მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაწინაურებამ, სპილენძის მეტალურგიის განვითარებამ და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზოგადოების წინსვლა. მატრიარქატი თანდათან პატრიარქატით შეიცვალა და დაიწყო გვაროვნული საზოგადოების დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მოიქცა თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ჩრდილოეთ-დასავლეთი ირანი. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირია-პალესტინაში (ხირბეთ-ქერაქის კულტურა). მტკვარ-არაქსის კულტურას გარკვეული კავშირი ჰქონდა ევროპის სხვადასხვა კულტურასთანაც.

მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე მიწათმოქმედებაში მომხდარი პროგრესი ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნეოდა — მიწას ძირითადად ქვის იარაღით ამუშავებდნენ. მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი მსხვილ რქოსან საქონელს ეკავა. სამოსახლოები ძირითადად განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი ზომიერი კლიმატის ზოლში. ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოებაში მომხდარი ცვლილებები თიხის ნაწარმის დამზადებაში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურას თავისებურ სახეს სწორედ კერამიკა აძლევს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს კულტურის არსებობის მთელ მანძილზე ინარჩუნებს. კერამიკისათვის დამახასიათებელია მხრიდან ყელზე მკვეთრი გადასვლა, ფართო ცილინდრული ყელი, ოდნავ გადაშლილი პირი. ნახევარსფეროსებრი ყურები უპირატესად მხართანაა მიძერწილი. ჭურჭლის ტანს ძირითადად კვერცხისებრი მოყვანილობა აქვს. გაპრიალებული ზედაპირი უმთავრესად რუხ-მოყავისფროა. ადრინდელი კერამიკა შემკულია რელიეფური სპირალით ან გრაფიკული სახეებით.

მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომებმა თითქმის მთელი ამიერკავკასია დაიკავეს. ინტექსიურად აითვისეს არარატის ველი, მილისა და ყარაბაღის მხარე, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ბარი და სხვა მხარეები. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და ადგილები. თანდათან დაიწყო ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები საქართველოში (ქვაცხელები და ამირანის გორა), სომხეთში (შენგავითი), აზერბაიჯანში (ქიუთეფე), ირანის აზერბაიჯანში (გოითეფე, იანიქთეფე), თურქეთში (ქარაზი, ფულურუ) და სხვა.

ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით, სამხრეთით — თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვა.

მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ცენტრი იყო შიდა ქართლი, მეორე — არარატის ველს მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მტკვარ-არაქსის კულტურაის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, ხიზაანთ გორა, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია სწორკუთხა ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რომელიც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებულია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის წრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფიკული მორთულობა.

შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი სამტრედიის რაიონამდე ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვირილის ზემო წელზე, საჩხერის რაიონში გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა ლითონის ნივთები. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.

მტკვარ-არაქსის კულტურის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველ აღმოსავლეთ სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ-არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო განფენებას.

თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავათის ნამოსახლარი, რომელიც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე, რომელთაც ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურაში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ხანის არქიტექტურულ ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხური კერამიკა შავპრიალა, უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორც შიდა ქართლში, არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრეთით და თითქმის მთელი აღმოსავლეთი აბატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან სირიასა და პალესტინაში გავრცელდა.

მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებულ საფეხურზე განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეურნეობის მთავარი დარგები — მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მიწის დასამუშავებლად ქვისა და რქის იარაღის გვერდით პრიმიტიულ სახვნელსაც ხმარობდნენ, გამწევ ძალად ხარს იყენებდნენ. ქვაცხელების ნამოსახლარზე აღმოჩნდა ირმის რქისაგან დამზადებული სახვნელი იარაღი. მოსავალს ძირითადად ისევ კაჟის ნამგლით იღებდნენ, თუმცა გაჩნდა ლითონის ნამგალი. მარცვლეულის მოზრდილ თიხის ჭურჭელში და საგანგებო ორმოებში ინახავდნენ; გარკვეულ განვითარებას მიაღწია მეცხოველეობამაც. ხარი და ძროხა არა მარტო რძესა და ხორცს იძლეოდა, არამედ გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა; დაწინაურდა მეცხვარეობაც. ამ დროის ნამოსახლარებზე მკვეთრად იმატა წვრილფეხა საქონლის ნაშთებმა.

მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ეთნიკური ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს კულტურა ინდოევროპულ ტომებს ეკუთვნოდა და, რომ მათი სამშობლო ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდი ნაკლებ დასაშვებია.

კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებისა და მისა დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან და ხურიტულენოვან ტომებს ეკავათ ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ამიერკავკასიის ოლქები, ხურიტულენოვანი ტომები კი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ და სამხრეთითაც საკმაოდ შორის გავრცელდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • ჩუბინიშვილი ტ., ამირანის გორა. მასალები მესხეთ-ჯავახეთის უძველესი ისტორიისათვის, თბ., 1963;
  • ჯავახიშვილი ა., ღლონტი ლ., ურბნისი, ტ. 1, თბ., 1962;
  • ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;
  • მისივე, ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხებისათვის, თბ., 1976;
  • Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
  • მისივე, Урартский «Колумбарий» у подошвы Арарата и Куро-Араксский энеолит, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1944, т. 13 Б;
  • Кушнарева К. Х., Чубинишвили Т. Н., Древние культуры Южного Кавказа (V—III тыс. до н. э.), Л., 1970;
  • Мунчаев П. М., Кавказ на заре бронзового века, М., 1975;
  • Ханзадян Э. В., Культура Армянского нагорья в III тыс. до н. э., Ер., 1967;
  • ჯაფარიძე ო., ქსე, ტ. 7, გვ. 185-186, თბ., 1984