საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული ბონი
500 მანეთი 50 კაპეიკი
500 მანეთი 50 კაპეიკი
ოფიციალური
მომხმარებლები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
შედგება 100 კაპეიკისაგან
მონეტები არ მოჭრილა
ბანკნოტები 50 კაპეიკი,
1, 3, 5, 10, 25, 50, 100, 500, 1000, 5000 მანეთი

ქართული ბონი1919 წლიდან ბრუნვაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ბონები, რომელთა წარწერებიც ქართული იყო, თუმცა უკანა მხარეს რუსულ-ფრანგული წარწერებიც ჰქონდა. ბონებს ახლდა მთავრობის თავმჯდომარისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები. ქართული ბონი მიმოქცევაში იყო 1921 წლამდე საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის მაისიდან 1919 წლის ივლისამდე შენარჩუნებული იყო ამიერკავკასიის ფინანსური ერთობა. ამიერკავკასიის კომისარიატის ბონს გარდამავალი ფუნქცია უნდა შეესრულებინა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეროვნული ვალუტის შემოღებამდე. ეს პროცესი სამივე ქვეყნის ფინანსურ სუვერენიტატს ზღუდავდა, ამიტომ აუცილებელი გახდა დამოუკიდებელი საფინანსო სისტემის შექმნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებაში ქართული ფულის მომხრეთა რიცხვი იზრდებოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფორმირების შემდეგ ეს საკითხი სწრაფად გადაწყდა. ფინანსთან და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პოსტზე ქართველი ეკონომისტი კონსტანტინე კანდელაკი დაინიშნა.

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი.[1]

1919 წლის 11 ივლისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის დეკრეტი მიიღო. იმავე წელს გამოვიდა შემდეგი ნომინალის მქონე ბონის კუპიურები: 50 კაპეიკიანი, აგრეთვე, 1,3, 5. 10, 5, 100 და 500 მანეთიანები, ხოლო 1921 წელს - 5000 მანეთიანები, რომელთა ავტორებიც იყვნენ მხატვრები: იოსებ შარლემანი, ჰენრიხ ჰრინევსკი და დიმიტრი შევარდნაძე.

ბონებზე დატანილია სამენოვანი (ქართული, რუსული, ფრანგული) წარწერები. აგრეთვე დატანილია მთავრობის თავმჯდომარის - ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის - კონსტანტინე კანდელაკის ფაქსიმილეები ქართულ ენაზე.[2]

კუპიურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონები მაღალმხატვრულადაა გაფორმებული და ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად 5, 10, 50 და 100 მანეთიან კუპიურებზე) ამიერკავკასიის კომისარიატის ანალოგიური ნომინალის გავლენა იგრძნობა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 10 ნომინალის ძირითადი ფერი და ზომა (მილიმეტრებში) შემდეგი სახისაა:

  • 50 კაპეიკი - ცისფერი ჩალისფერზე - 57/39;
  • 1 მანეთი - ყავისფერი ვარდისფერზე - 77/53;
  • 3 მანეთი - შავი მწვანეზე - 89/60;
  • 5 მანეთი - ყავისფერი და მუქი მწვანე ნარინჯისფერზე - 115/74;
  • 10 მანეთი - მუქი შინდისფერი და ყავისფერი ვარდისფერზე - 120/77;
  • 50 მანეთი - იისფერი და ღია მწვანე ნაცრისფერზე - 134/88;
  • 100 მანეთი - მწვანე და ვარდისფერი - 156/101;
  • 500 მანეთი - შავი, ცისფერი და ვარდისფერი ჩალისფერზე - 163/102;
  • 1000 მანეთი - მუქი ყავისფერი და ნარინჯისფერი ცისფერზე - 163/102;
  • 5000 მანეთი - მუქი ლურჯი და ვარდისფერი ნაცრისფერზე - 175/105.[3]

მნიშვნელოვანი გამოსახულებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონის კუპიურებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია 500 მანეთიანი კუპიურა. მის ავერსზე აღბეჭდილია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილით ნაგები პომპეზური თაღი, რომლის ქვეშ მდგარ და ჩუქურთმებით შემკულ საკარცხულში დაბრძანებულია ახალგაზრდა მანდილოსანი. მისგან მარჯვნივ ოვალური ფარის, ხოლო მარცხნივ საბრძოლო შუბის გამოსახულებაა. მკვლევარ პაატა ნაცვლიშვილის შეფასებით, შესაძლებელია ეს მანდილოსანი მხატვარს საქართველოს სიმბოლოდ ჰყავდა წარმოდგენილი. მისი მსგავსი გამოსახულება გვხვდება იმდროინდელ საფოსტო მარკების სერიაზეც.

5000 მანეთიანი კუპიურის ავერსზე გამოსახულია საქართველოს მთავრობის სასახლე (ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე). მის თავზე საქართველოს იმდროინდელი სახელმწიფო დროშა ფრიალებს.

ყოველ კუპიურაზე გვხვდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, აგრეთვე ჭვირნიშნები, რომელშიც ჩაგვირისტებულია - ს.დ.რ. - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, თბილისის დატოვებისას თან წაიღო ჭვირნიშნიანი ქაღალდების მარაგი. შემდგომში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული იყო ერთხანს ისევ გამოეშვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები, იგი არაჭვირნიშნიან ქაღალდზე იბეჭდებოდა.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკო ჯავახიშვილი, „ჰეროლდი“ : ჟურნალი, თბილისი: საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, 2013, გვ. 108–111.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]