თრიალეთის კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თრიალეთის კულტურაბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელიც გამოვლენილი და შესწავლილია ძირითადად თრიალეთის ტერიტორიაზე და მეზობელ რაიონებში. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1936-1940 წლებში, 1947-1948 (ბორის კუფტინი).

თრიალეთის კულტურის ძეგლებად ითვლება უმთავრესად ყორღანული სამარხების (გორასამარხების) კულტურა. მათი ნაწილი ადრებრინჯაოს ხანის დასასრულით - ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი შუა ბრინჯაოს ხანით - ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. გორასამარხების დროინდელი და მათთან კულტურით დაკავშირებული ნასახლარები ცნობილია კახეთში (თრიალეთში არ აღმოჩენილა). მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები ტომთა ბელადებს და გვაროვნულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო. გორასამარხის ტიპებია: ორმოიანი, დასაკრძალავმოედნიანი, ქვით ნაგები დასაკრძალავდარბაზიანი, ორმოში ძელებით ნაგები აკლდამიანი, კლდეში ჩაჭრილი კამერიანი. მათ ფარავდნენ მიწაყრილით, ქვაყრილით ან ქვა-მიწაყრილით. სამარხი ორმო და დასაკრძალავი დარბაზი სქელი ძელებით იხურებოდა და გრძელი დრომოსი უკეთდებოდა (ორმოს ) გრუნტში ჩაჭრილი, დარბაზს - ქვით ამოყვანილი. ზურტაკეთის (თრიალეთი) უდიდესი გორასამარხების ქვაყრილის დიამეტრია 100 მ, სიმაღლე - 8 მ, დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ2 აღწევდა, კედლების სიმაღლე - 4-6 მ.

თრიალეთის X გორასამარხის ორმოს სიღრმეა 8 მ; თრიალეთის XVII გორასამარხის ორმოს ზომებია 14×8,5×6 მ. კუშჩის XXXVI გორასამარხის დასაკრძალავი დარბაზის შიდა ფართობი 175 მ2 აღწევდა. მისი დარბაზის ხის სვეტები ფურცლოვანი ოქროთი ყოფილა გარშემოკრული (აღმოჩენილია ფრაგმენტები). ამ გორასამარხების აგება შესაძლებელი იყო მხოლოდ გვარებისა და ტომების ერთიანი ძალით. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულების ნეშტი (კრემაციაქმნილი ან იშვიათად ინჰუმაციური) ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. ნივთებთან ერთად ატანდნენ დაკლულ საქონელს ან მის ნაწილებს, ზოგჯერ - მსხვერპლად შეწირულ მსახურს ან მონას, რაც პატრიარქალურ-გვაროვნული წყობილების რღვევის პროცესზე მიუთითებს. სამარხებში აღმოჩენილია ჭურჭელი (თიხისა და ლითონის); იარაღ-საჭურველი (სპილენძისა, ბრინჯაოსი, ვერცხლისა, ობსიდიანისა და სხვა), სამკაული (ოქრო-ვერცხლის, ქვის, პასტისა და სხვა), რომელთა შორის მრავალი უტოლდება მსოფლიო ხელოვნებისა და ხელოსნობის საუკეთესო ნიმუშებს.

თრიალეთის კულტურა განეკუთვნება ეკონომიკურად დაწინაურებულ მესაქონლე-მიწათმოქმედ ტომებს, რომელთა განვითარებას ხელს უწყობდა სამხრეთ საქართველოს ბუნებრივი პირობები. თრიალეთის კულტურა მტკვარ-არაქსის კულტურის მემკვიდრეა. მსგავსი ძეგლები ცნობილია კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სომხეთში. მას საერთაშორისო მასშტაბითაც ფართო საგარეო ურთიერთობები ჰქონდა. ხელოსნური ნაწარმის თავისებური ფორმებით, მხატვრული სტილით, დამზადების ტექნიკით, დაკრძალვის წესითა და იდეოლოგიური მონაცემებით თრიალეთის კულტურა ძირითადად დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გოგაძე ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბ., 1972;
  • ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969;
  • Жоржикашвили Л. Г., Гогадзе Э. М., Памятники Триалети эпохи ранней и средней бронзы, Тб., 1974;
  • Куфтин Б. А., Археологиыеские раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
  • მისივე, Археологические раскопи 1947 р. в Цалкинском районе, Тб., 1948;
  • Пиотровский Б. В., Археология Закавказья, Л., 1949;
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 4, გვ. 699, თბ., 1979