გურიის რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურიის რესპუბლიკა
რესპუბლიკა

1905–1906
-ს მდებარეობა
გურიის რუკა
დედაქალაქი ოზურგეთი
უდიდესი ქალაქები ოზურგეთი
ენები ქართული, რუსული
პოლიტიკური სტრუქტურა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 -  1905-1906 ბენიამინ ჩხიკვიშვილი
ისტორია
 -  შეიქმნა 1905
 -  ბახვის მანიფესტი 23 თებერვალი, 1905
 -  ნასაკირალის ბრძოლა 2 ნოემბერი, 1905
 -  გაუქმდა 1906
ფართობი
 -  1905 2 030,1 კმ² (784 მლ²)
ვალუტა რუსული რუბლი
დღეს ამ ტერიტორიაზე  გურიის მხარე
ქართველ სოციალ-დემოკრატთა სამხედრო დანაყოფი

გურიის რესპუბლიკასოციალ-დემოკრატიული თვითმმართველობა, რომელიც არსებობდა საქართველოში, გურიის ტერიტორიაზე. გამოცხადდა 1905 წლის ზაფხულის ბოლოს, ხოლო არსებობა შეწყვიტა 1906 წლის 10 იანვარს. ადგილობრივმა გლეხებმა, მუშებმა, ახალგაზრდა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა თვითორგანიზებით მოახერხეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებისთვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა. მოძრაობის სათავეში მამაკაცებთან ერთად მრავლად იყვნენ ქალებიც.[1]

რესპუბლიკა გამოაცხადა გლეხთა კომიტეტმა, რომელიც თავიდან მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების და თავადაზნაურობის ბოიკოტით იყო დაკავებული და ატარებდა გაფიცვებს. შემდგომში კი ოზურგეთის მაზრაში პრაქტიკულად გააუქმეს რუსეთის იმპერიის მმართველობა და და თავად აიღო ხელში ძალაუფლება. კომიტეტი ქმნიდა საკუთარ სამხედრო ფორმირებებს, ადმინისტრაციებსა, სტამბებს, სასამართლოებს, მართავდა სასკოლო განათლებას, ადგენდა გადასახადებსა და ფასებს.[2]. 1900-იან წლებში გლეხთა მოძრაობა საქართველოს ყველა კუთხეში მიმდინარეობდა, მაგრამ გურიის მოძრაობა ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი აღმოჩნდა.[1] გურიის რესპუბლიკას ადარებენ პარიზის კომუნას.[3].ივანე ჯავახიშვილის შეფასებით გურიის გლეთა მოძრაობაში გამოვლინდა ქართველი ხალხის ორგანიზაციული ნიჭი და მრავალსაუკუნოვანი კულტურა[4] მისი პრეზიდენტი, რომელსაც „გურიის მეფესაც“ უწოდებდნენ იყო ბენია ჩხიკვიშვილი.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოზურგეთის მაზრა 1902 წელს

ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. მაზრაში საკმაოდ ძლიერი იყო ოპოზიციური განწყობები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ასევე მაღალი იყო სოციალ-დემოკრატიული იდეების მხარდაჭერა[5].გურიის გლეხთა მოძრაობა დაიწყო 1902 წელს.

სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. XX საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის მაზრაში დაიწყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. 1901-1902 წლები გურიაში შემოუსავლიანი იყო, ისედაც მძიმე საიჯარო პირობები გლეხებს კიდევ უფრო დაუმძიმდათ. 1902 წელს ბათუმის მუშათა გაფიცვას მოჰყვა მუშების გასახლება ქალაქიდან. მუშათა უმრავლესობას გურული გლეხები წარმოადგენდნენ. გურიაში დაბრუნებულმა გლეხებმა დაიწყეს საპროტესტო გამოსვლები.[6]

1902 წლის მაისში მოხდა გლეხთა საპროტესტო გამოსვლა სოფელ ნიგოითში. გლეხთა დაუპირისპირდნენ დაიწყო მემამულეებს, თავად მაჭუტაძეებს საძოვრების გამო. გამოსვლების ერთ-ერთი იყო სკოლის მასწავლებელი გრიგოლ ურატაძე. ნიგოითის გლეხთა მოძრაობა გავრცელდა სხვა სოფლებშიც: მიქელგაბრიელში, ძიმითში, ჯუმათში. გლეები უარს ამბობდნენ მემამულეების მიწების იჯარით აღებასა და დამუშავებაზე, ისინი ითხოვდნენ საიჯარო ფასების შემცირებას, საძოვრებზე გადასახადების და საეკლესიო გადასახადების გაუქმებას, სახელმწიფო გადასახადების თანაბრად გავრცელებას ყველა წოდებაზე. გლეხთა გამოსვლებს პოლიციამ რეპრესიებით უპასუხა. 1902 წელს მთავრობამ გურიაში მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა-სამკითხველო დახურა, რადგან ისინი შფოთის კერებად მიიჩნია. სწორედ სამკითხველოების მეშვეობით ვრცელდებოდა მარქსისტული ლიტერატურა. რეპრესიებმა და ეგზეკუციებმა გლეხობას დაანახა მთავრობის მიერ მიკერძოება და მხარდაჭერა მემამულეებისა და ბატონებისადმი. ხალხმა სრულად დაკარგა პატივისცემა ადმინისტრაციისადმი.[7]

1903 წლის მაისში ბათუმში გაიმართა გურიაში მომუშავე სოციალ-დემოკრატთა კონფერენცია. უმიწო გლეხებმა 1903 წელს შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთან მუშაობაზე. გურიის გლეხთა კომიტეტმა რსდმპ-ს ბათუმისა და კავკასიის კომიტეტებთან ერთად დაიწყო სახელმწიფო სამსახურების ბოიკოტი. ზაფხულისთვის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობა, ფაქტობრივად, ჩავარდნილი იყო. სანაცვლოდ გურიის გლეხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული იყო გლეხთა რევოლუციური კომიტეტები. 1904 წლის 1 მაისს რამდენიმე სოფელში მოეწყო შეიარაღებული დემონსტრაცია. 1904 წლის 23 მაისს გაიმართა გურულ სოციალ-დემოკრატთა მეორე კონფერენცია. სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის გავრცელების მიზნით ასკანა-მთისპირში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელმაც 1907 წლის 17 ივნისამდე იმუშავა. სტამბას სევასტი თალაკვაძე ხელმძღვანელობდა. რევოლუციურ მოძრაობას ხელს უწყობდა ქუთაისის გუბერნატორ სტარკოსელსკის შემწყნარებლური დამოკიდებულება რევოლუციონერების მიმართ.

მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობელისკი ხიდისთავში, რომელიც ეძვნება სტალინის სიტყვით გამოსვლას სოფლის კრებაზე 1905 წელს

გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. 1905 წლის დასაწყისში ყველა სოფელში შეიქმნა გლეხთა ასეულები. გავრცელდა 70 ათასი პროკლამაცია „გურიის გლეხობას“. მაზრაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა გაზეთი „ვპერიოდი“, რომლის რედაქტორი იყო ლენინი. 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. გურიაში აირჩიეს საკუთარი მოსამართლეები და ჩამოაყალიბეს სასოფლო თემები. 1905 წლის თებერვლისთვის გურია მთლიანად რევოლუციონერთა კონტროლქვეშ იყო. სამ თებერვალს ოზურგეთში უნდა შესდგომოდა საქმეების განხილვას ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია. მაგრამ მაზრის ადმინისტრაციამ აცნობა სასამართლოს, რომ ქალაქში შესვლა საშიში იყო. მაზრის პოლიციამ სამსახურს თავი დაანება რევოლუციონერების შიშით. სამსახურიდან წავიდა სუფსის ბოქაული ქავთარაძე. 3 თებერვალს თავს დაესხნენ სხვა ბოქაულის სახლს და 35 ტყვია ესროლეს. ქალაქ ოზურგეთში ორი დარაჯი მოკლეს დ ბერდანას თოფები წაიღეს. მთავრობამ გადაწყვიტა გლეხებთან მოლაპარაკებაზე წასულიყო.[8]

ტრიბუნალი გურიის რესპუბლიკაში

გურიაში 11 თებერვალს გაიგზავნა სადამსჯელო ჯარი 10 000 ჯარისკაცის შემადგენლობით გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. 16 თებერვალს თბილისში მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ გენ. მალამას ქართული საზოგადოების დეპუტაციამ (თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი დავით მელიქიშვილი, ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ნიჟარაძე, ბათუმის ქალაქის მოურავი ივანე ანდრონიკაშვილი, ქუთაისის ქალაქის მოურავის მოადგილე გრიგოლ გველესიანი, ჟურნალისტები ალექსანდრე ჯაბადარი და კ. ჯაფარიძე და სხვ.) გურიაში ჯარის შეჩერება მოსთხოვა.[9] შეხვედრის შემდეგ ჯარი სადგურ ნატანებში შეჩერდა, გლეხობასთან მოსალაპარაკებლად კი 1905 წლის 18 თებერვალში გურიაში ჩავიდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი, სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გირეი შეხვდა იმ დროს არსებული 25 სასოფლო საზოგადოებიდან 12-ს. კრიმ-გირეის გლეხობამ საკუთარი მოთხოვნები გადასცა. ასეთი იყო შემოქმედის გლეხთა დადგენილება და „ბახვის მანიფესტი“. გლეხობა მათთვის სოციალური და პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ითხოვდა. გლეხობის მოთხოვნებს შორის არსებითი ი8ყო:

  • ადგილობრივი ადმინისტრაციის და სასამართლოს არჩევითობა
  • სკოლა და სასამართლო ქართულ ენაზე
  • მიწის გადაცემა გლეებისთვის საკუთრებაში
  • აქციზის და არაპირდაპირი გადასახადების გაუქმება
  • სიტყვის და პრესის თავისუფლება[10]

მეფის ხელისუფლებამ მარტში ოზურგეთის მაზრა ქუთაისის გუბერნიისგან გამოყო, კინტრიშის ოლქი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) კი ჩამოაცილა ბათუმის ოლქს და ამ ტერიტორიებზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ალიხანოვის დამსჯელი კორპუსი, რომლის შემადგენლობაში თურქეთის ერთ-ერთი სასაზღვო ქალაქის გარნიზონი, ქვეითთა ერთი პოლკი, ქვეით კაზაკთა ერთი ბატალიონი, ცხენოსანი კაზაკების ერთი პოლკი და არტილერიის ორი ბატარეა შედიოდა. მას „რიონის კორპუსი“ შეარქვეს. კორპუსი 12-13 მარტს შევიდა ოზურგეთში. მარტიდან აგვისტომდე კორპუსი პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდა, გახშირდა დაპატიმრებები, თუმცა გურიაში მაინც სიმშვიდე იყო. აგვისტოში კორპუსი უკან გაიწვიეს.

1905 წლის ივლისში ფარცხმელმა ესე ცინცაძემ გურიაში საჯავახოდან ერმილე დოლიძის ეტლით იოსებ სტალინი ჩამოიყვანა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კრებებსა და დისკუსიებში. მიტინგებზე მიმდინარეობდა პაექრობა და კამათი მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. ასეთი მიტინგები გაიმართა შუაფრაცხმაში, სადაც 3000 ადამიანი შეიკრიბა, იანეულში, სადაც 1000 ადამიანი შეიკრიბა, ამ კრებას ნიკო მარი ესწრებოდა, რომელიც რევოლუციონერთა ორგანიზებულობით მოხიბლული იყო, ხიდისთავში, სადაც ასეთი გამოსვლის აღსანიშნავად მოგვიანებით აღმართეს ობელისკი. 1905 წლის 5 აგვისტოს შედგა დიდი კრება ვაკიჯვარში, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრო. აგრეთვე დიდი მიტინგი გაიმართა ჩოხატაურში, რომელზეც 7-8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 15 აგვისტოს გაიმართა მიტინგები დვაბზუსა და ბახვში. გურიის გლეხობის მოძრაობას მაღალი შეფასება მისცა ლენინმა მას შემდეგ რაც რსდმპ-ს მესამე ყრილობაზე მიხა ცხაკაიამ წარადგინა გურიის ამბები. 1905 წლის 29 აგვისტოს არქივის შენობიდან მოიპარეს „ბერდენის“ სისტემის რვა თოფი.[11]მეფის მთავრობის ჯარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა გურიის ტერიტორია ივლისში. რსდმპ-ს გურიის კომიტეტმა ჩამოაყალიბა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი აჯანყების ხელმძღვანელობის მიზნით.

აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყებისთვის საჭირო იყო დიდძალი იარაღი. მასობრივი ხასიათი მიიღო სტრაჟნიკებსა და კაზაკებზე თავდასხმებმა და მათთვის იარაღის წართმევამ.[12] გლეხობას იარაღით უზრუნველყოფის საკითხში ეხმარებოდა ნესტორ კალანდარიშვილი. 11 ოქტომბერს, დილით, ასამდე რევოლუციონერი თავს დაესხა ბათუმიდან მიმავალ მატარებელ სუფსისა და ჯუმათის სადგურებს შორის და გაიტაცეს 5 ყუთი რევოლვერი.[13]12 ოქტომბერს მათ სადგურ ნატანებსა და სუფსას შორის აყარეს ლიანდაგი და მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგად მოიპოვეს 8 შაშხანა. ათი წითელრაზმელი, გრიგოლ დუმბაძის მეთაურობით, ოზურგეთში თავს დაესხა მძინარე სტრაჟნიკებს და გაიტაცა ოცდაექვსი ბერდანის თოფი, რამდენიმე ხანჯალი და ვაზნები.

1905 წლის 14 ოქტომბერს იმპერიაში დაიწყო საყოველთაო გაფიცვა. გურიაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო 16 ოქტომბერს. 16 ოქტომბერს, ჩოხატაურში აჯანყებულები თავს დაესხნენ პოლიციელთა საგუშაგოს და ფოსტის განყოფილებას. მოკლეს ორი, დაჭრეს ერთი და დაატყვევეს რამდენიმე კაცი, მათ შორის პოლიციის ბოქაული გაგუა. აგრეთვე წაიღეს იარაღი – 10 ბერდანა, 12 შაშხანა, 2 რევოლვერი, ტყვია-წამალი და სხვა.[12] ამ თავდასხმებმა ძლიერ შეაშფოთა მაზრის ადმინისტრაცია. მაზრის უფროსი ივან ლაზარენკო 18 ოქტომბერს 113 კაზაკისა და 16 ცხენოსანი პოლიციელის თანხლებით გაემართა ოზურგეთიდან ჩოხატაურში წესრიგის დასამყარებლად. ლაზარენკომ 2 დღეე გაატარა ჩოხატაურში.

ნასაკირალის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოხატაურიდან უკან დაბრუნებულ ლაზარენკოს რაზმს აჯანყებულებმა გზა ნასაკირალის უღელტეხილზე გადაუღობეს. ბრძოლა გაიმართა 20 ოქტომბერს. ნასაკირალის ბრძოლაში ძირითადად დვაბზუსა და ბახვის სასოფლო საზოგადოებები მონაწილეობდნენ. აჯანყებულებიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცი იყო კარგად შეიარაღებული, დანარჩენებს კი კაჟიანი თოფები, ცულები, წალდები და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღი ჰქონდათ. ბრძოლას ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ბრძოლაში გლეხებმა მოკლეს 10, დაჭრეს 14 და ტყვედ აიყვანეს 6 კაზაკი, ასევე ხელში ჩაიგდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ცხენები. აჯანყებულებს მოუკლეს ერთი კაცი და ორი დაჭრეს.[14]. 21 ოქტომბერს აჯანყებულებმა გაიგეს 17 ოქტომბრის მანიფესტის შესახებ. გამართულ მიტინგზე აჯანყებულებმა უარყოფითად მიიღეს და დაგმეს ოქტომბრის მანიფესტი, თუმცა შეწყვიტეს ბრძოლა და ლაზარენკოს რაზმს გასვლის საშუალება მისცეს. 22 ოქტომბერს ოზურგეთის გარნიზონი, 150-მდე პლასტუნი ნასაკირალისკენ გაეშურა, შეუერთდა ლაზარენკოს რაზმს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. უკან დაბრუნებულებმა სოფელ დვაბზუდან ოზურგეთამდე გადაწვეს 46 ოჯახი და 90-მდე შენობა, მათ შორის დვაბზუს სოფლის კანცელარია, სკოლა და ამხანაგობა „შუამავალი“. 23 ოქტომბერს აჯანყებულებმა ხელისუფლებას ჩააბარეს 8 ტყვე და 2 მოკლულის გვამი.[15]

ბრძოლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

28 ოქტომბერს გურიაში ჩავიდა ქუთაისის გუბერნატორი ვლადიმირ სტაროსელსკი. მან შეხვედრები გამართა ხიდისთავში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში და ხალხისგან მორჩილების პირობა მიიღო. სტაროსელსკიმ ასევე გადააყენა ლაზარენკო.

ნოემბერში აჯანყებულებმა დაიკავეს ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი, რკინიგზა, აიღეს მაზრის ცენტრი ოზურგეთი და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკის შექმნა. პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი გამოცხადდა. იმავე წლის 21 ოქტომბერს რიონის რკინიგზიდან გადავარდა სამხედრო მატარებელი, რომლითაც გურიაში დამსჯელი რაზმი იგზავნებოდა. ლიანდაგი წინასწარ იყო გაფუჭებული, რათა ხელი შეეშალათ მატარებლის მოძარაობისთვის.[16]

გურიისთვის მიყენებულმა ზარალმა 100000 მანეთს გადააჭარბა.[1] 16 ნოემბერს შეიქმნა დაზარალებული გურულების დახმარების ფონდი, რომლის აღმასრულებელ კომიტეტში შედიოდნენ იაკობ გოგებაშვილი, ვასილ რცხილაძე, ივანე დურგლიშვილი და ვასილ ყიფიანი.[1] მსგავსი დამხმარე კომიტეტები იქმნებოდა მაზრებშიც. ხელისუფლებას ეშინოდა ასეთი კომიტეტებისა. 1906 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს ოზურგეთში ასეთი კომიტეტის წევრები, მეუღლეები ილია ნაკაშიძე და ნინო ნაკაშიძე.[1]1905 წლის 20 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ სახაზინო თეატრში დადგა სევილიელი დალაქი“, შემოსავალი კი გურულების დახმარების ფონდში გადარიცხა.[1]დაზარალებულთა დასახმარებლად თანხას აგროვებდნენ გაზეთების რედაქციები, საზოგადოებრივი დაწესებულებები, მოქალაქეები, სასტუმროების და სასადილოების თანამშრომლები, გარემოვაჭრეები, ქარხნების მუშები, რკინიგზის მუშები, სასულიერო პირები, ტფილისის და ბათუმის საქალაქო საბჭოები[1]

დამარცხება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის დასასჯელად ხერსონიდან გამოიძახეს პოლკოვნიკი კონსტანტინე კრილოვი. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიცია ჩავიდა სადგურ ნატანებში, საიდანაც ქალაქ ოზურგეთისკენ გაემართა. გურიის კომიტეტმა კრილოვთან დეპუტაცია გაგზავნა, რომელმაც ითხოვა ეპატიება გურულებისთვის. კრილოვი მათ პატიებას დაპირდა და დეპუტაციას აღუთქვა, რომ მშვიდობიანი გზებით იმოქმედებდა. 12 იანვარს კრილოვი ოზურგეთში შევიდა და დაპირების მიუხედავად ქალაქი გადაწვა. კრილოვი შეხვდა თემების წარმომადგენლებს და მოსთხოვა: იარაღის ჩაბარებას, რევოლუციონერთა გაცემა, ხალხის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულება და გადასახადების გადახდა. მაზრის დატოვება მხოლოდ სპეციალური საბუთით გახდა შესაძლებელი.[17]

სასამართლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის რესპუბლიკის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიება მინდობილი ჰქონდა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ს. სიონკევიჩს. რესპუბლიკის მოთავეებს ბრალი ედებოდათ 102-ე სტატიით: სპეციალური ორგანიზაციის შექმნა თვითმპყრობელობის დასამხობად შეიარაღებული საშუალებით. ბრალდებულები იყვნენ ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი, სიმონ ღლონტი, სერგო სურგულაძე, მოსე ტუღუში, რაჟდენ ხომერიკი, გიორგი მამულაიშვილი, ანტონ ლომჯარია, სიმონ ტოტოჩავა, პარმენ თოთიბაძე, კარლო ლომაძე. ბრალდებულები წინასწარი პატიმრობის სახით ორ წელიწადზე მეტ ხანს ისხდნენ ციხეში. სასამართლო პროცესი დაიწყო 1908 წლის 21 იანვარს თბილისში.[18]

სასამართლოზე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ბენიამინ ჩხიკვიშვილი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე და პროცესი დემონსტრაციად გადაიქცა.[19] მოსამართლეებს ეშინოდათ რევოლუციონერების თავდასხმებისა, ამიტომ გადაწყდა სასამართლო პროცესის გადატანა ოდესაში, სადაც ქალაქის ხელმძღვანელად იმყოფებოდა გენერალი ივანე ტოლმაჩოვი. გამოძახებული 58 მოწმიდან პროცესზე გამოცხადდა მხოლოდ 13.[20] პროცესის მიმართ მაღალი ინტერესის მიუხედავად, ის დახურულად წარიმართა. ნესტორ ერქომაიშვილს მიესაჯა კატორღა ექვსი წლით, ბენიამინ ჩხიკვიშვილს 4 წლით, მამულაიშვილს, ტუღუშს, სურგულაძეს, ლომჯარიას და ტოტოჩავას მიესაჯათ სამუდამო გადასახლება, 2 ბრალდებული განთავისუფლდა. მოგვიანებით, ქუთაისში გაასამართლეს შილაკაძე, რომელსაც მიუსაჯეს ციმბირში სამუდამო გადასახლება, და ძმები გოგოტიძეები, რომლებსაც მიესაჯათ კატორღა 6 და 4 წლით.[21]

გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები „გურია“ და „გურული მუშები და გლეხები“ მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020, ISBN 978-9941-8-2176-9.
  • მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“ — „აზრი", თბილისი, 2016
  • შრომის ზეიმი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1968
  • სიხარულიძე ვ. „გლეხთა რევოლუციური მოძრაობა გურიაში 1900-1905 წლებში“ „საბჭოთა საქართველო“, 1958
  • სტაროსელსკი ვ., „გლეხთა მოძრაობა ქუთაისის გუბერნიაში“ — „სახელგამი“, ტფილისი, 1928
  • ჟღენტი თ., „1905 წელი გურიაში“ — 1927
  • მახარაძე ფ., „1905 წელის ამიერ-კავკასიაში“ // გაზეთი „კომუნისტი“, N292-293 — ტფილისი, 1925

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ირემაძე ი., „სოლიდარობა პოლიტიკური და სამხედრო კრიზისების დროს და დამოუკიდებლობის დაცვისათვის“ // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, ტ. III, თბ., 2021. — გვ. 146-153, ISBN 978-9941-8-3108-9.
  2. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 6
  3. ლი ე., ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია, „პოეზია“, 2018. — გვ. 39.
  4. ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906]. — გვ. 62, ISBN 978-9941-13-503-3.
  5. Теодор Шанин, Революция как момент истины: 1905—1907 гг. — 1917—1922 гг., М. «Весь мир», 1997 (რუსული)
  6. ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906]. — გვ. 60-61, ISBN 978-9941-13-503-3.
  7. ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906]. — გვ. 62, ISBN 978-9941-13-503-3.
  8. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ N2739 გვ. 2 — 1905 წ.
  9. „ივერია“, №2 - 18 თებერვალი, 1905.
  10. ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906]. — გვ. 64, ISBN 978-9941-13-503-3.
  11. „ცნობის ფურცელი“, N2899 გვ 3. 1905
  12. 12.0 12.1 მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 16
  13. ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 11 ოქტომბერი, 1905.
  14. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 17
  15. გურიის ამბები // ივერია : გაზეთი, 3 ნოემბერი, 1905, № 196, გვ. 2-3.
  16. გაზეთი „ივერია“ N 191 გვ. 3 — 1905 წ.
  17. დასავლეთ საქართველოში // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 24 იანვარი, 1906, № 2986, გვ. 1-2.
  18. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 20
  19. რამიშვილი ი., მოგონებები, თბილისი, არტანუჯი, 2012, ISBN 9789941421624 გვ. 465
  20. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 22
  21. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 23
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.