რუსეთ-საქართველოს ომი (1921)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსეთ-საქართველოს ომი 1921
Red Army in Tiflis Feb 25 1921.jpg
წითელი არმია თბილისში
თარიღი 15 თებერვალი - 17 მარტი, 1921 წელი
მდებარეობა საქართველო
შედეგი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს მიერთება
მხარეები
Flag of Russian SFSR (1918-1937).svg საბჭოური რუსეთი
Flag of Turkey.svg თურქეთი
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მეთაურები
Flag of Russian SFSR (1918-1937).svg ანატოლი გეკერი
Flag of Russian SFSR (1918-1937).svg მიხეილ ველიკანოვი
Flag of Russian SFSR (1918-1937).svg იოსებ სტალინი
Flag of Russian SFSR (1918-1937).svg გრიგოლ ორჯონიკიძე
Flag of Russian SFSR (1918-1937).svg ფილიპე მახარაძე
Flag of Turkey.svg ყაზიმ კარაბეკირი
Flag of Georgia (1918-1921).svg გიორგი კვინიტაძე
Flag of Georgia (1918-1921).svg გიორგი მაზნიაშვილი
Flag of Georgia (1918-1921).svg ვალიკო ჯუღელი
ძალები
50 000 (წითელი არმია) 35 000
დანაკარგები
მიახლოებით 5 500 წითელარმიელი მიახლოებით 3 000 ქართველი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1921 წელს.
ომის შედეგად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი (ართვინის, ოლთისის და არტაანის ჩათვლით) ხელში ჩაიგდო თურქეთმა, ხოლო ქვეყნის ყველა დანარჩენი ტერიტორია ხელში ჩაიგდო რსფსრ-მ.
სტაფილოსფრად აღნიშნულია სოჭის ოლქი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკავა 1918–1919 წლებში და კავკასიონის ჩრდილოეთი კალთები (დვალეთი).

რუსეთ-საქართველოს ომი 1921, ასევე ცნობილი როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, საბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი, 1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებისა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების მიზნით. კონფლიქტი იყო საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა რევოლუციური გარდაქმნები მოეხდინათ საკუთარ ქვეყანაში, სადაც მათ საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ ძალებში არ ჰქონდათ უცხოური ინტერვენციის გარეშე.

წინაისტორია[რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციების სერიის შედეგად, 1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.

თავდაპირველად ქართულ ელიტას არ სურდა რუსეთისგან გამოყოფა, მაგრამ კავკასიის ფრონტის დაშლამ, უცხო ქვეყნების შემოჭრისა და ქაოსის საფრთხემ ის იძულებული გახადა შეექმნა სახელმწიფო საქართველოს დასაცავად, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გამოწვევებისგან – ბოლშევიკებისგან, ანტი–ბოლშევიკებისაგან და თურქებისაგან, რომელიც ცდილობდა თავისი გავლენის განვრცობას სამხრეთ კავკასიაზე. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საქართველოს მაგალითს მიბაძეს.[1]

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ზომიერი სოციალისტებით სათავეში, საკმაო წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში.[2] მაგრამ ამ პროცესში ქვეყანა წააწყდა ბევრ გამოწვევას: სამხედრო კონფლიქტები თურქეთთან, სომხეთთან, ასევე სამხრეთ რუსეთის "წითლებთან" და "თეთრებთან", ეკონომიკური ბლოკადა დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან, 1920 წლამდე საერთაშორისო აღიარების დაგვიანება, შიდა კონფლიქტები ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობასთან, ადგილობრივი ბოლშევიკების დივერსიული საქმიანობა, რომელიც ხალისდებოდნენ მოსკოვიდან და კრემლის ბრძანებებს ასრულებდნენ.[3]

1920 წლის თებერვლის ბოლოს გაფორმდა ალიანსი თურქეთის ქემალისტურ მთავრობასა და რუსეთის საბჭოურ ხელისუფლებას შორის. ახალი ალიანსი მოითხოვდა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოფილიყო სტაბილური სახმელეთო კავშირი. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო, რომ სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო – აზერბაჯანის, სომხეთის და საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკები განაწილებულიყო თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. 1920 წლის 31 მაისს რუსეთის მე-11 წითელი არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოხდა მისი სოვეტიზაცია. ოთხი თვის შემდეგ თურქეთი შეიჭრა სომხეთში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეთმო თავისი ტერიტორიის ნახევარი, დარჩენილი ტერიტორია იმავე წლის ბოლოს დაიპყრო წითელმა არმიამ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უკანასკნელი დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფო, რომელიც დასავლეთის ბასტიონად იყო მიჩნეული, მომწყვდეული იყო ქემალისტებსა და საბჭოეთს შორის და იმისთვის, რომ დასრულებულიყო თურქულ–საბჭოთა პროექტი კავკასიაში, ისიც უნდა დაცემულიყო.

დასაწყისი[რედაქტირება]

1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რსპუბლიკაში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლითაც დაირღვა 1920 წლის 7 მარტის საბჭოეთ–საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება, მოგვიანებით საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში ახსნილი და წარმოდგენილი იყო, როგორც პასუხი ვითომცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარებაზე დაღესტნის პარტიზანული მოძრაობისთვის, ადგილობრივი ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის და უკვე საბჭოთა სომხეთის ეკონომიკური ბლოკადისთვის.

საქართველოზე მასიური შეტევის დაწყებას წინ უძღოდა საბჭოთა "სახალხო აჯანყება" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ძირითადად, სომხებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში და ასევე, ძლიერი სასაზღვრო შეტაკებები ქალაქ ზაქათალასთან, რომელზედაც პრეტენზიას საბჭოთა აზერბაიჯანი აცხადებდა.

1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის სამხედრო ძალებმა შეაღწიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ბორჩალოში და ადგილობრივი მაცხოვრებლების გარკვეული მხარდაჭერით თავს დაესხა სამხედრო გარნიზონებს სანაინში და ვორონცოვკაში (ტაშირი).

მოულოდნელი მიყენებული მძიმე დარტყმისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა დაიხიეს ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით. 68 საათის შემდეგ მათ მიიღეს შეზღუდული მხარდაჭერა (მხოლოდ ერთი ბატალიონი) და განახორციელეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნეის უშედეგო მცდელობა. წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმა კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ დაიხიეს: აირუმი–სადახლოს ხაზზე (სანაინის რაზმი) და ეკატერინენფელდისკენ (ვორონცოვკის რაზმი).

16 თებერვალს საბჭოთა სამხედრო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბოლშევიკთა ადგილობრივი მომხრეების ჩათვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული "საქართველოს რევოლუციური კომიტეტი", რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი ბოლშევიკებისგან შედგებოდა. იმავე დღეს კომიტეტმა თავი გამოაცხადა საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად და მოუწოდა საბჭოთა რუსეთს გადაუდებელი სამხედრო ინტერვენციისკენ. რამდენიმე საათის შემდგომ მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა[4]. მეორე დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია. ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებრვლისა.

იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის 98–ე მსროლელი ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად ამზადებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე შეტევას თერგის ოლქიდან როკისა და მამისონის უღელტეხილებით, ხოლო მე–9 არმიას უნდა შეეტია აფხაზეთიდან და წაწეულიყო შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ.

ბრიტანული Mark V ტიპის ტანკი, რომელიც წითელმა არმიამ სამოქალაქო ომის და უცხოური ინტერვენციის დროს შეიძინა და რომელმაც განაპირობა საბჭოელთა გამარჯვება ტფილისის ბრძოლაში.[5]

საბჭოთა რუსეთს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. 1921 წლის 16 თებერვლისთვის მთლიანობაში საბჭოთა სამხედრო ძალები მე–11 და მე–9 არმიის ჩათვლით და თავის მხარდამჭერ ერთეულებიანად – 98–ე მსროლელი ბრიგადის, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბაქოს წითელი ბრიგადის ჩათვლით, ითვლიდა 40 ათასზე მეტ გამოცდილ მეომარს 4 300–იანი კავალერიით მათ შორის, ასევე მათ ჰქონდათ 196 ცალი საარტილერიო დანადგარი, 1065 ტყვიამფრქვევი, 50 თვითმფრინავი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ტანკი და უამრავი ჯავშნოსანი მანქანა.

ამ ძალებისთვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეძლო მხოლოდ დაეპირისპირებინა დაახლოებით 1 და მე–2 მსროლელი დივიზიის 11 ათასი ჯარისკაცი, სამთო საარტილერიო დივიზია, სოხუმის 1 სასაზღვრო პოლკი, მე–2 სასაზღვრო პოლკი

თბილისის ბრძოლა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტფილისის ბრძოლა.
მე-11 წითელი არმიის "ტფილისის ოპერაცია", 17-25 თბერვალი, 1921.

ბრძოლა აღმოსავლეთ საქართველოსთვის, აფხაზეთისა და რაჭისთვის[რედაქტირება]

სურამის ბრძოლა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სურამის ბრძოლა.

1921 წლის 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა.

დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია. გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი.

თურქეთის ჩართულობა[რედაქტირება]

ყაზიმ კარაბეკირ ფაშა

დასავლეთ საქართველოს დაცემა, უკანდახევა ბათუმისკენ[რედაქტირება]

მემორიალური დაფა იმ ადგილზე სადაც ქართველი იუნკერები შეებრძოლნენ რუსულ საოკუპაციო ჯარებს.
ლაშა ხაჩიძის ფოტო

16 თებერვალს - წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ.

17 თებერვალს - სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე. 18 თებერვალს - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.

20 თებერვალს, კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.

19-20 თებერვალს, სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.

23 თებერვალს, სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით.

17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ- საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო.

24 თებერვალს, საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ.

შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლების გამართვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“

თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.

საქართველოს მთავრობის ევაკუაცია[რედაქტირება]

ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვითონ დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.

შედეგები[რედაქტირება]

საომარი მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში. აპრილი 1920 – ივლისი 1921

რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით. დემოკრატიულ საქართველოში, კომუნისტური ტირანიის დამყარებამ უდიდესი წინააღმდეგობის კერები წარმოშვა შემდგომში.

რუსეთ-საქართველოს ომი ხელოვნებაში[რედაქტირება]

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თემაზეა შექმნილი ქართველი პოეტის კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“:

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Stephen F. Jones, “Transcaucasia: Revolution and Civil War” in H, Shukman (ed.), The Blackwell Encyclopedia of the Russian Revolution (Oxford, 1988).
  2. Stephen F. Jones, “Georgia: The Trauma of Statehood” in J. Bremmer and R. Taras (eds.), New States New Politics: Building the Post-Soviet Nations (Cambridge, 1997), p. 508.
  3. Stephen Blank, “Bolshevik Organizational Development in Early Soviet Transcaucasia: 1918-1924” in R.G. Suny (ed.), Transcaucasua, Nationalism and Social Change (Ann Arbor, 1999)
  4. Giorgi Kvinitadze, My Memoirs from the Years of Independence 1917–1921 (Paris, 1985), p. 282
  5. Aksenov, A., Bullok, D (2006), Armored Units of the Russian Civil War: Red Army, p. Osprey Publishing, ISBN 1-84176-545-7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]