არაბობა საქართველოში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაბობა საქართველოში — არაბთა ფეოდალური სახელმწიფოს (სახალიფოს) მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, რომელიც მეტ-ნაკლები სიძლიერითა და მოცულობით VII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის შუაწლებამდე გრძელდებოდა.

არაბობა საქართველოში შეიძლება სამ მთავარ პერიოდად დაიყოს:

  1. საქართველოში არაბთა შემოსვლიდან თბილისის საამიროს დაარსებამდე (VII საუკუნის 50-იანი წლები - VIII საუკუნის 30-იანი წლები). ეს იყო სახალიფოს მიერ საქართველოში გაბატონებისათვის ბრძოლის ხანა;
  2. VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან IX საუკუნის 80-იან წლებამდე (თბილისის საამიროს დაარსებიდან სახალიფოსგან მის ჩამოშორებამდე და დამოუკიდებელ სამთავროდ გადაქცევამდე). ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა მყარი ბატონობის ხანა;
  3. IX საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის შუაწლებამდე (ახლო და შუა აღმოსავლეთში სელჩუკების გაბატონებამდე). ამ პერიოდში არაბობა საქართველოში, როგორც არაბთა ბატონობა, ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო და იგი მხოლოდ გადმონაშთის — თბილისის საამიროს სახით არსებობდა.

პირველად არაბები საქართველოში 642-643 შემოიჭრნენ, მაგრამ ამ ლაშქრობას არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, არაბები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მხოლოდ ირანის (651) და სომხეთის (652) დაპყრობის შემდეგ დაიწყო არაბების სისტემატური ბრძოლა საქართველოში გაბატონებისათვის. პირველად არაბებმა ქართლი დაიმორჩილეს 654-655 ჰაბიბ იბნ მასლამის შემოსევის შედეგად. არაბ-ქართველთა ურთიერთობას განსაზღვრავდა „დაცვის სიგელი“, რომლითაც ქართლის მოსახლეობა არაბების სასარგებლოდ ხარკს იხიდიდა. ამჯერად არაბთა ბატონობა ქართლში მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ქართველებმა ისარგებლეს სახალიფოში ტახტისათვის ატეხილი შინაომით (651-661) და არაბებს ხარკის მიცემა შეუწყვიტეს. VII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს არაბებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი ბატონობა ქართლში. საქართველოსათვის ბრძოლაში არაბებს ბიზანტიის იმპერია ეცილებოდა. 685 წელს სახალიფოსა და ბიზანტიას შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც კუნძულ კვიპროსიდან, სომხეთიდან და იბერიიდან მიღებული ხარკი ამ ორ ქვეყანას თანასწორად უნდა გაეყო. მაგრამ ქართველი ხალხი არც ერთ დამპყრობელს არ ემორჩილებოდა. 686 წელს ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებამ იფეთქა. ქართლის ერისმთავარმა ნერსემ სასტიკად დაამარცხა სომხეთში მყოფი არაბთა სარდალი ბარაბა. ამავე ხანებში არაბებს ამიერკავკასიაში ბატონობას ეცილებოდა ხაზართა სახელმწიფოც. VII საუკუნის 80-იან წლებში ხაზარები ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. არაბებს მათთან მძომე ბრძოლა მოუხდათ. ქართველები ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ ხაზარ-არაბთა მეტოქეობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

697 ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) მმართველი სერგი ბარნუკის ძე ბიზანტიელების წინააღმდეგ აჯანყდა და თავისი სამფლობელო არაბებს გადასცა. არაბებმა დაიკავეს ეგრისის დედაქალაქი ციხეგოჯი (ახლანდელი ნაქალაქევი) და რამდენიმე ციხე კოდორის ხეობაში, მაგრამ მალე დატოვეს დასავლეთი საქართველო. VIII საუკუნის დასაწყისში არაბები დამკვიდრნენ ქართლში. 704-705 წლებში მათ აქ საკუთარი ვერცხლის მონეტა მოჭრეს. VIII საუკუნის 20-იან წლებში ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის განსამტკიცებლად ხალიფა ჰიშამმა გამოგზავნა დამსჯელი ჯარი ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰის სარდლობით. ამავე მიზნით 30-იან წლებში გამოგზავნეს მურვან იბნ მუჰამადი (ქართული წყაროებით — მურვან ყრუ). 735-736 წლებში მურვანმა ააოხრა საქართველო. ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავიანთი მოხელე (ამირა) დანიშნეს. მისი რეზიდენცია თბილისში იყო. არაბთა ბატონობა საქართველოში სტაბილური გახდა.

არაბებმა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას დააკისრეს მძიმე გადასახადები ხარაჯა და ჯიზია. ხალხს დაეკისრა აგრეთვე სამხედრო რაზმებისა და მრავალრიცხოვან მოხელეთა შენახვა. მოსახლეობას დაადეს ბეგრად გზების, ხიდების და სხვა ობიექტების მშენებლობა. არაბთა ბატონობას მოჰყვა მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენა საქართველოში. VIII საუკუნის II ნახევრიდან არაბებმა დაიწყეს ჩარევა დაპყრობილი ქვეყნების საშინაო საქმეებში. IX საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება გააუქმეს. არაბთა ბატონობით უკმაყოფილო იყო ქართული საზოგადოების ყველა ფენა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობის მწარმოებელი ნაწილი, რომელიც იხდიდა ხარკს და ასრულებდა ყოველგვარ ვალდებულებას დამპყრობელთა სასარგებლოდ. არაბთა ბატონობა შედარებით მტკიცე იყო საქართველოს ცენტრალურ რაიონებში, განაპირა მხარეები კი მალე განთავისუფლდნენ მათი ბატონობისაგან.

VIII—IX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე დამოუკიდებელი ფეოდალური სამეფო და სამთავრო (დასავლეთი საქართველო, კახეთი, ჰერეთი, ტაო-კლარჯეთი). თბილისის საამიროს ფარგლეში დარჩა მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორია. IX საუკუნიდან დაიწყო თბილისის ამირების ბრძოლა სახალიფოს ცენტრალური ხელისიფლების წინააღმდეგ. არაბთა სახელმწიფო დასუსტდა და დაიშალა. IX საუკუნის II ნახევარში თბილისის საამირო იქცა ადგილობრივი ფეოდალური სამთავროდ. სახალიფოს ცდას — დაემორჩილებინა გამდგარი ამირები და კვლავ გაბატონებულიყო საქართველოში — შედეგი არ მოჰყოლია. 853 წელს ხალიფა მუთავაქილმა ამიერკავკასიაში გამოგზავნა დიდი ჯარი ბუღა თურქის მეთაურობით. მან აიღო თბილისი, მაგრამ არაბთა ადრინდელი ბატონობის აღდგენა საქართველოში ვერ შეძლო (იხ. ბუღა თურქის შემოსევა).

914 წელს ხალიფას ბრძანებით აბულ-კასიმ საჯმა სცადა სომხეთისა და საქართველოს დაპყრობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია (იხ. აბულ კასიმის ლაშქრობა საქართველოში). ეს იყო უკანასკნელი და უშედეგო ცდა არაბთა ბატონობის აღდგენისა საქართველოში.

არაბობა საქართველოში მძიმე მოვლენა იყო ქართველი ხალხის ცხოვრებაში. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იდეოლოგიურ ბრძოლას. ამ მხრივ აღსანიშნავია იოანე საბანისძის პატრიოტული ქადაგება. აბო თბილელის მოწამეობის აღწერით მან დიდი პროპაგანდა გასწია ქრისტიანობისა და ეროვნული თვითმყოფობის შესანარჩუნებლად.

არაბთა ბატონობამ საგრძნობლად შეაფერხა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. მაგრამ აღმავალი ფეოდალური განვითარების გზით მიმავალი ქვეყანა საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა ამ მძიმე განსაცდელიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე მ., ქსე, ტ. 1, გვ. 525, თბ., 1975