სოჭის კონფლიქტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოჭის კონფლიქტი
სოხუმიდან სოჭისკენ.jpg
თარიღი 22 იანვარი, 1918
29 იანვარი, 1919
მდებარეობა ჩრდილო-დასავლეთ საქართველო
შედეგი მაკოფსე-ფსოუს მონაკვეთის გადაცემა რუსეთისთვის, ფსოუ-ბზიფის მონაკვეთის გადაცემა საქართველოსთვის.
ტერიტორიული
ცვლილებები
მაკოფსე-ბზიფის მონაკვეთის გარდამავალი კონტროლი.
მხარეები
Flag of Georgia (1990-2004).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის დროშა რუსეთი რსფსრ-ის დროშა რსფსრ
მეთაურები
Flag of Georgia (1990-2004).svg გიორგი მაზნიაშვილი რუსეთის დროშა რუსეთი ანტონ დენიკინი

რსფსრ-ის დროშა რსფსრ გენერალი კოვტიუხი

სოჭის კონფლიქტი — შავიზღვისპირა ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რსფსრ-ს და რუსეთის თეთრგვარდიელებს შორის 1918—1919 წლებში. 1919 წელს დიდი ბრიტანეთის შუამავლობით დამთავრდა დაზავებით, რომლის მიხედვით მაკოფსე-ფსოუს მონაკვეთი გადაეცა რუსეთს, ხოლო ფსოუ-ბზიფის მონაკვეთი გადაეცა საქართველოს, სადემარკაციო ხაზად დადგენილ იქნა მდინარე ფსოუ.

სოჭი-ტუაფსეს კამპანია[რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ჯიქეთის ტერიტორიაზე შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი. 1896 წელს ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში სამი ადმინისტრაციული ერთეულით — სოჭის, ტუაფსის და ნოვოროსიისკის ოლქით. გუბერნიის ცენტრად ქალაქი ნოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ ეს საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია — შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა მიწა. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის სამეფისნაცვლოში ძალაუფლება ხელში აიღო ე. წ. „ოზაკომ-მა“ („ოსობი ზაკავკაზსკი კომიტეტ“). ამ ორგანოში მნიშვნელოვანი ქართული გავლენის წყალობით 1917 წლის 30 ოქტომბერს, სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების აღმასკომისა და ადგილობრივი მეტყევეების შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც მხარს უჭერდნენ ძველი გაგრისა და სოფელ ალახაძის მცხოვრებნი, აღადგინეს ადმინისტრაციული საზღვრის ძველი, 1904 წლამდე არსებული მდგომარეობა. დადგენილებას ხელი მოაწერა „ოზაკომ-ის“ თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა[1].

1918 წლის მარტში გუდაუთის მაზრაში აფხაზმა ბოლშევიკებმა ეფრემ ეშბამ, ნესტორ ლაკობამ და სხვებმა საბაბად გამოიყენეს მიწის რეფორმის არასწორი გატარება, ადგილობრივი გლეხობის ნაწილი (აფხაზები, სომხები, რუსები) ამიერკავკასიის სეიმისა (პარლამენტის) და კომისარიატის (მთავრობის) წინააღმდეგ ააჯანყეს და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ჩამოაყალიბეს რევკომი და საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილსაც არ მალავდნენ. აფხაზი ბოლშევიკების დაპირებებით მოხიბლულმა კარგად შეიარაღებულმა გლეხთა რაზმებმა ჩრდილოკავკასიელი კომუნისტების დახმარებით 26 მარტს სოხუმი დაიკავეს, მაისს კი სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთების თაობაზე. გარდა ამისა, ისინი უახლოეს მიზნად მიიჩნევდნენ ამიერკავკასიის კომისარიატის დამხობასაც. აფხაზი ბოლშევიკების ლოზუნგს — „მიწა გლეხებს“ — წამოეგო სამურზაყანოს (გალის მაზრის) გლეხობის ნაწილიც, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ასეთ პირობებში ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება სოხუმის ოკრუგში წესრიგის აღდგენის შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სეიმმა ეს დადგენილება მიიღო აფხაზთა სახალხო საბჭოს (სოხუმის ოლქის მმართველი ადგილობრივი ორგანოს) თხოვნით; რომლის წევრები, გავლენიანი თავადები ალ. შერვაშიძე, ტ. მარშანია და სხვები. მართალია თბილისისადმი დაქვემდებარების მომხრენი მაინცდამაინც არ იყვნენ (მათ მთიელთა რესპუბლიკასთან კავშირი უფრო იზიდავდათ), მაგრამ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად მაინც თბილისს დაუკავშირდნენ.

16 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის (ფაქტობრივად საქართველოს) სამხედრო ძალები მდინარე კოდორს მიადგნენ. ვალიკო ჯუღელმა და პოლკოვნიკმა კონიაშვილმა ბოლშევიკებს ულტიმატუმი წაუყენეს, რათა საღამოს 5 საათამდე დაეყარათ იარაღი. აფხაზმა კომუნისტებმა ქართველებს საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს. გვარდიელებმა მძაფრი ბრძოლის შემდეგ კოდორის ხიდი დაიკავეს. სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით გვარდიამ გუდაუთა და ახალი ათონიც გაათავისუფლა. თუმცა აფხაზი ბოლშევიკებმა დახმარებისათვის კვლავ ჩრდილოკავკასიელ კომუნისტებს მიმართეს (იმ დროისათვის უკვე გამოცხადებული იყო ყუბანისა და შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკები). შესაბამისად, ქმედითი დახმარება ოპერატიულად მიიღეს - სოჭიდან ავტომანქანებით გადმოისროლეს დაახლოებით ორიათასკაციანი ქვედანაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დუშეთის მაზრაში ბოლშევიკების ხელმძღვანელობით დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად მთავრობამ გვარდიის ნაწილები სასწრაფოდ უკან გაიწვია, რის შედეგადაც გუდაუთაში დარჩა მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი. 18 ივნისს ბოლშევიკურმა რაზმებმა ქართველ გვარდიელებს ალყა შემოარტყეს. ორი დღის ბრძოლების შემდეგ ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, მათი ნაწილი ტყვედაც ჩავარდა. 20 ივნისს მტერმა დაიკავა ახალი ათონიც, რის გამოც საშიშროება უკვე სოხუმსაც შეექმნა.

18 ივნისს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. მან ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საქართველოს რეგულარული საარმიო ნაწილები, კერძოდ პირველი მსროლელი დივიზია (საინტერესოა რომ 300 მხედრიანი აფხაზური კავალერიით), გუდაუთისაკენ გაგზავნა, ხოლო თავად 19 ივნისს სოხუმში ჩავიდა. 22 ივნისს კარგად მომზადებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მტრისაგან გათავისუფლდა გუდაუთა, 28 ივნისს - გაგრა, გადაილახა მდინარე მეხადირი, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში (დღევანდელი განთიადი) და მიადგნენ მდინარე ფსოუს - სოჭის ოლქის საზღვარს.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებიდან:

„როგორც თბილისიდან, ისევე აფხაზეთის ეროვნული საბჭოსაგან მივიღე ბრძანებები-წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი. მიზეზი, როგორც გადმომცეს ტელეგრაფის პირდაპირი მავთულით, თხოვნა-მუდარა იყო სოჭში მცხოვრები ქართველებისა. ხოლო აფხაზთა ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არათუ სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვრები უძველეს დროში ანაპამდეც კი მიდიოდაო. ამ ბრძანების შემდეგ მთელი ერთი კვირა წინ არ მივდიოდი, მაგრამ ნელ-ნელა მზადებას შევუდექი სოჭის ასაღებად… გვეუბნებოდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები მოუთმენლად ელიან ქართული ჯარის მისვლასო… გარდა ამისა, სანამ სოჭში ბოლშევიკები იქნებოდნენ, მათი შემოსევისა და პროვოკაციების საფრთხე მუდმივად იარსებებდა.“

29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა შემდეგ დაიკავეს ადლერი. მიუხედავად იმისა, რომ ზურგში ვითარება სერიოზულად გართულდა-აფხაზეთში თურქებმა შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს, მათი განადგურება მოხერხდა და მთელი ძალები ისევ სოჭისკენ იქნა მიმართული. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა, 6 ივლისს კი შევიდნენ საოლქო ცენტრში - ქალაქ სოჭში. 26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ბოლშევიკები გარეკეს ქალაქ ტუაფსედანაც. თბილისიდან გენერალმა მორიგი ბრძანება მიიღო, უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. ქართულმა ქვედანაყოფებმა გადალახეს გოითხის უღელტეხილი, ისარგებლეს რკინიგზითა და გზატკეცილით, მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და უბრძოლველად დაიკავეს ჯერ დაბა ხადიჟენსკი, შემდეგ კი მსხვილი ქალაქი ბელორეჩენსკი.

საინტერესოა, რომ თვითონ გენერალი მაზნიაშვილი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ტუაფსეს აღებასა და ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრებას ზედმეტად მიიჩნევდა. მისი აზრით, საკმარისი იყო სოჭსა და ლაზარევსკაიას შორის მდებარე მდინარე შახეს ნაპირებზე თავდაცვითი ზღუდეები მოეწყოთ და ამით სოჭი მტრისაგან დაცული იქნებოდა. თუმცა მთავრობა არ დაეთანხმა იმ მოსაზრებით რომ საქართველოში მწვავედ იდგა ხორბლის და ნავთობის კრიზისი, რომლის გადაჭრა შეეძლო ტუაფსეს ნავსადგურს. ამასთან, ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენელი ლაპინი გენერალ მაზნიაშვილს და სოჭის ოლქში საქართველოს მთავრობის რწმუნებულს გიზო ანჯაფარიძეს სთხოვდა, რომ თუ ქართველები ბოლშევიკებისგან გაანთავისუფლებდნენ მაიკოპს, მაშინ იგი მზად იყო საქართველოსთვის მოეყიდა ხორბალი თბილისისთვის ხელსაყრელ ფასებში.

ამრიგად, ბელორეჩენსკში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა დაიწყეს მზადება მაიკოპის დასაკავებლად, რომელიც 50 კილომეტრში მდებარეობდა. ამ დროს რუსეთის მოხალისეთა არმიის გენერლების ანტონ დენიკინისა და მიხეილ ალექსეევის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ქართველებს უკანდახევა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვეს.

მოხალისეთა არმიამ ყუბანის ოლქს თავშეფარებული ბოლშევიკები ძლიერ შეავიწროვა. ტამანის წითელი არმია კოვტიუხის მეთაურობით იძულებული გახდა ისევ ტუაფსესაკენ მოტრიალებულიყო. 1918 წლის აგვისტოს ბოლოს მათ შეტაკება ჰქონდათ ქართულ ნაწილებთან, რომლებმაც სარდლობის ტაქტიკური მოსაზრებით უკან დაიხიეს, ტუაფსე ჯერ დატოვეს, შემდეგ ისევ შეტევაზე გადავიდნენ და წითლები ისევ გარეკეს. 6 სექტემბერს კი ქალაქს დენიკინელები მოადგნენ. გენერალმა მაზნიაშვილმა დიდი სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად ჯარები სადგურ ლოოსკენ დასწია, ტუაფსე კი „გათეთრდა“ - ქალაქში თეთრარმიელები შევიდნენ.

ეკატერინოდარის მოლაპარაკება[რედაქტირება]

1918 წლის სექტემბერს საქართველოს საგარეო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სოჭში ჩავიდა, რათა მოლაპარაკება გაემართა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საზღვრების მოწესრიგებისა და საქონლის გაცვლა-გამოცვლის მიზნით. რაც შეეხება ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას, მას თბილისი მომლაპარაკებელ მხარედ არ ცნობდა, თუმცა მხედველობაში იღებდა მომავალ საშიშროებას. საზღვრების საკითხში საქართველოს უნდა მოეთხოვა მაქსიმუმ ტუაფსეს ოლქი, ხოლო სოჭის ოლქი და გაგრის რაიონი არ უნდა დაეთმო. სოჭში ჩასვლისას ევგენი გეგეჭკორი გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან და გიზო ანჯაფარიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საუბრისას გამოირკვა, რომ სოჭის ოლქის მოსახლეობა საქართველოსადმი სიმპათიით იყო განწყობილი. ამასობაში ყუბანის რესპუბლიკაში ძალაუფლება ხელში დენიკინის არმიამ აიღო და საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა მოლაპარაკებები მასთან გაემართა. 1918 წლის 25 სექტემბერს ეკატერინოდარში დაიწყო მოლაპარაკება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას და დენიკინის არმიას შორის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ოლქის ტერიტორია საქართველომ დაიკავა დროებით, სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობიანობა არ დამყარდებოდა. ამის მიუხედავად, დენიკინმა კვლავ ულტიმატუმური ფორმით მოითხოვა სოჭის ოლქის და გაგრის ოლქის დაცლა მდინარე ბზიფამდე. (სოჭის ოლქის შემთხვევაში მოტივაცია იყო მოსახლეობის ეთნიკურ სტრუქტურაში რუსების სიჭარბე, ხოლო გაგრის ოლქის შემთხვევაში რუსეთის მთავრობის დიდი მატერიალური დანახარჯები კურორტების მოსაწყობად). ამრიგად, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. დენიკინმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალა საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ სოჭის ოლქი სრულად არ იქნებოდა გაწმენდილი ქართული ჯარისაგან.

სოჭი საქართველოს შემადგენლობაში[რედაქტირება]

დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა. დაისახა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მიწათმოქმედების და აფხაზეთის საქმეების სამინისტროების ერთობლივი სამოქმედო გეგმა სოჭის ოლქში ნორმალური ვითარების აღდგენის მიზნით. სოჭის ბანკში ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი (ბონებით) და ასეული ათასი სხვადასხვა ვალუტა. აღსანიშნავია რომ ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან-განსაკუთრებით დენიკინის მიერ მოჭრილთან შედარებით საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი. ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის ფეშენებელური სასტუმრო „კავკასიის რივიერაში“ განთავსდა. იმავდროულად, მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორაზე-ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის ქალაქებში (ეკატერინოდარში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში) გაზეთები მოსახლეობას საქართველოს წინააღმდეგ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები საქართველოს მკაცრად დასჯის მოთხოვნით. დენიკინმა დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზარევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან. საქართველოს მთვრობამ სთხოვა ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობას (რომელიც ანტანტას წარმოადგენდა საქართველოში პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებით გამოწვეული გერმანული ჯარების გაწვევის შემდეგ), რომ სოჭის ოლქი დროებით მაინც მათ დაეკავებინათ თეთრგვარდიელების ნაცვლად. თუმცა დიდმა ბრიტანეთმა მიზანშეწონილად მიიჩნია სოჭის ოლქი კვლავ ქართული იურისდიქციის ქვეშ დარჩენილიყო; საბოლოოდ კი ოლქის კუთვნილების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა. რაც შეეხება დენიკინის ჯარების თავმოყრას ლაზარევსკაია-ლოოს პლაცდარმთან, ბრიტანული სამხედრო მისიის წევრებმა მათთან მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი და გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი დაამშვიდეს, რომ მოხალისეთა არმიისაგან საფრთხე მოსალოდნელი არ იქნებოდა. მათი დაპირების იმედზე მყოფმა საქართველოს მთავრობამ სოჭის რაიონში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილები აწყურ-ახალციხის ფრონტზე გადაისროლა, რადგან ყარსიდან და არტაანიდან შემოსეულმა თურქთა შეიარაღებულმა რაზმებმა ახალციხე დაიკავეს.

სოჭი-ბზიფის კამპანია[რედაქტირება]

ბრიტანელებიდან უსაფრთხოების აღთქმის მიუხედავად 1919 წლის 29 იანვარს, დილით ლოო-გოლოვინკის საგუშაგოზე ქართველებს თეთრგვარდიელებმა ულტიმატუმი წაუყენეს-იარაღი დაეყარათ და სოჭიდან უკან დაეხიათ. სოჭის გარნიზონის უფროსმა გენერალმა კონიაშვილმა და მთავრობის რწმუნებულმა მუხრან ხოჭოლავამ ეს ამბავი თბილისს დაუყოვნებლივ აცნობეს. თავის მხრივ მინისტრმა გეგეჭკორმა სთხოვა ინგლისის მისიას, კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინა მოხალისეები, წინ არ წამოსულიყვნენ. მაგრამ ამასობაში იქ დისლოცირებულ მცირერიცხოვან ქართულ გარნიზონს დენიკინელებმა ალყა შემოარტყეს, ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს. სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდნენ გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი და მთავრობის რწმუნებული სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა (მარტის ბოლოს ბრიტანული სამხედრო მისიის ჩარევის შედეგად, ისინი გაათავისუფლეს). დენიკინელებს ქალაქის აღებაში დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა სომხებმა, რომლებიც ორი თვის წინათ ბორჩალოს მაზრაში მომხდარი საქართველო-სომხეთის შეტაკებაში განცდილი დამარცხების გამო ანტიქართულად იყვნენ განწყობილნი.

სოჭის ოლქში დაიწყო რეპრესიები, იქ დარჩენილი ქართველების დაპატიმრება და მათი ძარცვა. ნოე ჟორდანიამ დაიწყო საპროტესტო ნოტების გაგზავნა ლონდონში. თუმცა სანამ თბილისში ნოტების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, დენიკინელებმა დაიკავეს ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ და აღადგინეს 1904 წელს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვარი. 9 აპრილს მოსახლეობა აჯანყდა. საპასუხოდ მოხალისეები შეეცადნენ პლასტუნკისა და სხვა სოფლების გადაწვას.

16 აპრილს ქართულმა ქვედანაყოფებმა გადალახეს ბზიფი, დენიკინელები გაყარეს სოფელ ოტრადნოედან, კოლხიდიდან, დაიკავეს გაგრა, 18 აპრილს მდინარე მეხადირიც უკან მოიტოვეს. გვარდიის შეტევის დაწყების შემდეგ ბრიტანელები ოპერატიულად ამოქმედდნენ. საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ ნოტაში ისინი მიუთითებდნენ, რომ მზად არიან სადემარკაციო ხაზის გასავლებად მდინარე ბზიფთან და ამიტომ ქართველებმა უკან უნდა დაიხიონ. რაც შეეხება პარიზის სამშვიდობო კონფერენციას, საქართველოს დელეგაციამ ანტანტის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე წარადგინა მოთხოვნები საზღვრების დადგენის შესახებ, რომლის თანახმად სოჭის ოლქში საზღვარი უნდა გავლებულიყო ტუაფსედან 14 კილომეტრის დაშორებით მდინარე მაკოფსეზე, მაგრამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

1920 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია-გაანადგურა მოხალისეთა არმია და სოჭი-ადლერი დაიკავა, აპრილში მდინარე ფსოუსთან წითლების მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. გაერთიანებული სამეფო კი, ანტონ დენიკინის დამარცხების შემდეგ, ამ რაიონის ბედით აღარ იყო დაინტერესებული. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ხელი აეღო ტერიტორიულ პრეტენზიებზე სოჭის ოლქის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების პირველ პუნქტში ჩაიწერა, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე, ბოლშევიკებმა მაინც მიაღწიეს მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ტერიტორიის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას.

განთიადის საკითხი[რედაქტირება]

საქართველოს ოკუპაციის და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ რუსეთს ახალი ტერიტორიული პრეტენზია გაუჩნდა დაბა პილენკოვოს (დღევანდელი განთიადის) მიმართ. ისტორიულად აქ უძველესი დასახლება წანდრიფში არსებობდა, შემდეგ კი, შავიზღვისპირეთში რუსეთის განმტკიცების დროს, ტოპონიმი შეიცვალა და აქ შექმნილ დასახლებულ პუნქტს რუსებმა 1867 წელს პილენკოვო უწოდეს-შავი ზღვის ოკრუგის უფროსის, გენერალ პილენკოს პატივსაცემად. მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის მდებარე ნაყოფიერმა მიწებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბევრი მეწარმე მიიზიდა. თუ ამას დავუმატებთ საკურორტო ზონის ფაქტორსაც, შესაბამისად იმ დროისათვის პილენკოვოს თემის სოფლები საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო, მით უმეტეს რომ იქვე გადიოდა სოხუმი-სოჭის გზატკეცილი. აღსანიშნავია, რომ სოფელში მეშვიდე-მერვე საუკუნის ქრისტიანული ტაძარიც არსებობდა.

1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთის მეცხრე წითელმა არმიამ ფსოუ გადმოლახა, საქართველოში შემოიჭრა და სოხუმი დაიკავა; სოჭის საოლქო ხელისუფლებისა და რსფსრ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, დაადგინეს პილენკოვოს თემის სოფლების სოჭის ოლქთან მიერთება და იქ რუსული ადმინისტრაცია შექმნეს. 1922 წლის აპრილის ბოლოს აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) პრეზიდიუმმა სთხოვა სრულიად რუსეთის ცაკ-ს, რათა ეს რაიონი აფხაზეთს მიერთებოდა მდინარე ფსოუმდე. საკითხის განხილვა გაჭიანურდა და მხოლოდ 1924 წელს, უკვე საბჭოთა კავშირის ცაკ-მა შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც დაინტერესებული მხარეების — რსფსრ-სა და აფხაზეთის წარმომადგენლები შევიდნენ (აქვე უნდა განვმარტოთ, რომ იმ წლებში სოხუმის ხელისუფლება თბილისისაგან გარკვეულ დისტანციაზე იმყოფებოდა და რიგ საკითხებს მეზობელ რუსეთთან ავტონომიურად წყვეტდა).

კომისიამ წევრების აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა და საკითხი სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გავიდა. 1924 წლის 31 ოქტომბერს პრეზიდიუმმა პილენკოვოს რაიონი აფხაზეთის სსრ-ს მიაკუთვნა. 1943 წლის 12 ივნისს, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომპარტიის ცეკამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, პილენკოვოს სახელი გადაერქვა და განთიადი ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი-სცსსა, ფონდი 1818, აღწ. 2, საქმე 135