აფხაზეთის სამთავრო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
აფხაზეთის სამთავროს გერბი ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით

აფხაზეთის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო XVII-XIX საუკუნეების დასავლეთ საქართველოში. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის დროს (XV საუკუნის II ნახევარი) აფხაზეთი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა. XVI საუკუნის ბოლოდან აფხაზმა ფეოდალებმა შარვაშიძეების მეთაურობით იწყეს განკერძოებისათვის ბრძოლა, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში დამთავრდა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავროს შექმნით.

გეოგრაფია[რედაქტირება]

აფხაზეთის სამთავრო 1843 წელს

აფხაზეთის სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი იყო მდინარე კოდორი. აფხაზი ფეოდალები სამთავროს საზღვრების გასაფართოებლად ებრძოდნენ დადიანებს, ცდილობდნენ დაჰპატრონებოდნენ სამეგრელოს მიწა-წყალს მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირზე. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ბოლოს, XVII საუკუნის მიწურულს შარვაშიძეებმა სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე ენგურამდე გადასწიეს.

ისტორია[რედაქტირება]

ტერიტორიული დანაწილება[რედაქტირება]

XVII—XVIII საუკუნეების მიჯნაზე მთავარ ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტორია მდინარე ბზიფსა და კოდორს შუა, ჯიქეშიას — კოდორსა და ღალიძგას შუა (აბჟუა), ყვაპუს — დალიძგისა და ენგურს შუა, რომელსაც შემდეგში სამურზაყანო ეწოდა (სახელწოდება წარმოდგა ყვაპუს შვილის მურზაყანის სახელიდან). ფორმალურად აფხაზეთის სამთავრო იმერეთის სამეფოში შედიოდა. სამთავროს სათავეში ედგა მთავარი (აფხაზურად — აჰ). მისი რეზიდენცია იყო სოფ. ლიხნში. აფხაზეთის სამთავრო იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი (მდინარე ბზიფსა და გუმისტას შორის), რომელიც მთავრის უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა, საძნი (ქართულად ჯიქეთი, გაგრა-ადლერის მხარე), გუმა (მდინარე გუმისთასა და კოდორს შორის), აბჟუა (მდინარე კოდორსა და დალიძგას შორის), სამურზაყანო (ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი) და წაბალდალი (წებელდის მხარე).

გუმა, აბჟუა და სამურზაყანო მთავრის საგვარეულოს (შარვაშიძე-ჩაჩბა) უმცროსი შტოების საუფლისწულო იყო, საძებში უფროსობდა თავადი გეჩბა, წაბალ-დალში — თავადი მარშანია. მთავრის დომენი და საუფლისწულოები იყოფოდა ცალკეულ სენიორებად, რომელთა სათავეში იდგნენ თავადები (ათაუად) აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ძიაფშ-იფა, ინალ-იფა, ჩაბალურხუა და ჩხოტუა.

კლასობრივი დანაწილება[რედაქტირება]

მთავარსა და უფლისწულებს (აჰიფა) თავადების გარდა, ყმა-ვასალებად ჰყავდათ აზნაურებიც (აამსთა). მათ შორის ყველაზე გამოჩენილი იყვნენ: მაანი (მარღანია), ლაკირბა, მიქანბა, ზვანბა და სხვა. აზნაურები ჰყავდათ თავადებსაც. მტავრის ხელისუფლება ემყარებოდა ფეოდალურ ლაშქარს. მთავარს ჰყავდა აგრეთვე ახლო ნათესავებისა და ერთგული ხელქვეითებისაგან შემდგარი შეიარაღებული რაზმეული, რომელსაც კიარაზი ეწოდებოდა. მთავრის შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს ყმა გლეხთა ბეგარა-გადასახადი შეადგენდა. მის ხაზინაშივე შედიოდა ჯარიმები (აიბარი), სავაჭრო ბაჟი, „ნებაყოფლობითი“ საჩუქრები და სხვა.

XVI—XVIII საუკუნეებში აფხაზეთი საზოგადოება იყოფოდა ორ ძირითად კლასად: ფეოდალებად (თავადები, აზნაურები) და გლეხებად. გლეხთა კლასი შემდეგ კატეგორიებად იყოფოდა: ანხაიუ, ამაწურასგუ, ახოიუ და ახაშალა. გლეხობა კლასობრივი ბრძოლის სხვადასხვა ფორმას მიმართავდა: უარს ამბობდა გადასახადების გაღებაზე, გარბოდა „უკეთეს“ ბატონთან, კლავდა ფეოდალს. უფრო იშვიათად გლეხები კოლექტიური პროტესტებითაც გამოდიოდნენ. ამ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა იყო მთიელი აფხაზების თანდათანობითი ჩამოსახლება მთისძირა და ზღვისპირა ზოლში. ამის შედეგად თავისუფალ გლეხთა ფენა იყრდებოდა, ფეოდალური წყობილება რამდენადმე სუსტდებოდა და ერთგვარ პატრიატქალურ ელფერს იღებდა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

აფხაზეთის სამთავროს ეკონომიკურ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი ეკავა სოფლის მეურნეობას. მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას (უმთავრესად ზღვისპირა ზოლში), მევენახეობა-მეღვინეობას, მესაქონლეობას (უპირატესად მთიან მუნიციპალიტეტებში), მეფუტკრეობას, ნადირობას. XVII საუკუნემდე ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა ღომი იყო. სიმინდი მასობრივად გავრცელდა XVIII საუკუნეში. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ლობიოს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა პრიმიტიული და მარტივი იყო (ხის კავი — წნული ფარცხი, ხისა და კრინის თოხი). აფხაზეთიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ თაფლი და ცვილი.

XVI—XVIII საუკუნეებში აფხაზეთის სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა-მრეწველობა, საქალაქო ცხოვრება და ქალაქები X—XII საუკუეებთან შედარებით დაკნინდა. ამის უმთავრესი მიზეზები იყო ოსმალეთის თითქმის სამასწლიანი ბატონობის და შინაფეოდალური ომები. შედარებით აღორძინდა აფხაზეთის სამთავროს ეკონომიკა XVIII საუკუნის მიწურულს. აფხაზეთის სამთავროში მისი არსებობის მთელ მანძილზე გაბატონებული იყო ნატურალური მეურნეობა.

აფხაზეთსა და სამეგრელოში, კერძოდ, ქიფურიაში, კორცხელში, ილორსა და ბედიაში იმართებოდა რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული ბაზრობა. XVI—XVIII საუკუნეებში აფხაზეთში გაჩაღებული იყო ე. წ. „სანაპირო ვაჭრობა“, რომელიც თურქი კომერსანტების შუამავლობით წარმოებდა. თურქებს აფხაზეთში შემოჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის საქონელი და ჩალის ფასად გაჰქონდათ ბზა, ქონი, ბეწვეული, ტყავეული და სხვა.

ოსმალეთის გავლენა[რედაქტირება]

XVI საუკუნეში აფხაზეთი, ისე როგორც მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენა-ბატონობის სფეროში მოექცა და ხარკს უხდიდა მას. ოსმალეთი მოსახლეობას სრულ დამორჩილებასა და ასიმილაციას ისახავდა მიზნად. თანდათანობით ვრცელდებოდა ისლამი. თურქი დამპყრობლების და ადგილობრივი ფეოდალების გარკვეული ნაწილის წყალობით აფხაზეთის სამთავროში გავრცელდა „ტყვის სყიდვა“, დიდძალი აფხაზი ჭაბუკი და ქალწული იყიდებოდა სკურჩასა და სოხუმში.

აფხაზი ხალხი აქტიურად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. 1725 და 1728 აჯანყებულმა აფხაზებმა ალყა შემოარტყეს ფაშის რეზიდენციას, სოხუმის ციხეს. 1733 ოსმალეთის მრავალრიცხოვანმა ჯარმა გააპარტახა სამეგრელოსა და აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამან გამოიწვია საყოველთაო აჯანყება. აფხაზებმა დაამარცხეს ოსმალეთის ჯარი და განდევნეს ქვეყნის უდიდესი ნაწილიდან. მტრის ხელთ დარჩა მხოლოდ რამდენიმე ზღვისპირა ციხესიმაგრე. ფეოდალური დაქიცმაცებულობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთიანი ძალით იბრძოდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. აფხაზები მონაწილეობდნენ ხრესილის ბრძოლაში (1757), სადაც დასავლეთ საქართველოს გაერთიანებულმა ლაშქარმა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მეთაურობით დაამარცა თურქთა რჩეული ჯარი. 1770 აფხაზთა რაზმი რუსებსა და ქართველებთან ერთად იბრძოდა თურქების წინააღმდეგ ქ. ფოთთან. 1771 აჯანყებულმა აფხაზებმა აიღეს სოხუმის ციხე-სიმაგრე, მაგრამ აჯანყებულთა შორის განხეთქილების შედეგად ვერ შესძლეს მისი შენარჩუნება. აფხაზეთის განთავისუფლება ოსმალეთის ბატონობისაგან შესაძლებელი გახდა რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ.

რუსეთის ანექსია[რედაქტირება]

ქართლ-კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ აფხაზეთის მთავარი ქელეშბეი რუსეთის ქვეშევრდომობის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ მეტი კომპენსაციის მიღების მიზნით საქმეს აყოვნებდა. ამავე დროს იგი აშკარად განუდგა ოსმალეთს და განდევნა მისი ჯარი აფხაზეთიდან. 1808 წლის 2 მაისს ოსმალეთის აგენტებმა ქელეშბეი მოკლეს. სოხუმი ისევ ოსმანთა ხელში გადავიდა. 1809 წელს აფხაზეთის სამთავროს ტახტის მემკვიდრე გიორგიმ (საფარბეი) ხელი მოაწერა ე. წ. „სათხოვრის პუნქტებს“, სადაც გამოთქვამდა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობისა და სამსახურის სურვილს. 1810 წლის 17 თებერვალს ალექსანრე I-მა დაამტკიცა „სათხოვარი პუნქტები“ და გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის მემკვიდრეობით მთავრად დანიშნა. 1810 წლის 2 ივლისს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო სოხუმ-კალეს სიმაგრე. დამკვიდრების შემდეგ ცარიზმი ყოველნაირად განამტკიცებდა აფხაზეთში ფეოდალურ ბატონყმურ ურთიერთობას, ატარებდა მკაცრი კოლონიურ ექსპლუატაციისა და ეროვნული ჩაგვრის პოლიტიკას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ანთელავა ი., ანჩაბაძე ზ., ქსე, ტ. 2, გვ. 31-32, თბ., 1977