Echoes (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Echoes“
კომპოზიციაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Meddle
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 ოქტომბერი 1971 (აშშ)
5 ნოემბერი 1971 (ბრიტანეთი)
ჩაიწერა იანვარი 1971
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
მარტი-აპრილი 1971
სტუდია AIR, ლონდონი
მაისი 1971
სტუდია Morgan, ლონდონი
ივნისი-ივლისი 1971
სტუდია Morgan, ლონდონი
სტუდია AIR, ლონდონი
აგვისტო 1971
სტუდია AIR, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი[1]
ხანგრძლივობა 23:30 (Meddle)
16:30 (Echoes: The Best of Pink Floyd)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი
Meddleსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

Echoes“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის კომპოზიცია, რომელიც ძირითადად ინსტრუმენტული პასაჟებისგან შედგება. მასში, მუსიკალურ იმპროვიზაციასთან ერთად გამოიყენება სხვადასხვა ხმოვანი ეფექტი. კომპოზიციის ავტორია ჯგუფის ოთხივე წევრი - როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი. Echoes არის მათი ალბომის Meddle უკანასკნელი, რიგით მეექვსე კომპოზიცია[2][3], რომლის ხანგრძლივობაა 23 წუთი და 31 წამი. იგი იკავებს ვინილის ფირფიტის ერთ მხარეს.

კომპოზიცია შემოკლებული ფორმით გამოჩნდა ჯგუფის კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd.[4] სხვა კომპოზიციის, „Atom Heart Mother“ შემდეგ ეს არის პინკ ფლოიდის ყველაზე ხანგრძლივი კომპოზიცია. ამასთან, თუ ჯგუფის ასეთი ხანგრძლივი კომპოზიციები ხშირად იყოფოდა ნაწილებად, „Echoes“ ორ ნაწილად მხოლოდ ფილმისათვის Live at Pompeii დაიყო.

კომპოზიცია აგრეთვე ჟღერს დეივიდ ელფიკის ფილმში „Crystal Voyager“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის თავდაპირველი სახელწოდება იყო „Nothing, Parts 1-24“ ("არაფერი, ნაწილები 1-24"). უოტერსი მას კონცერტებზე სხვადასხვა უცნაური სახელწოდებით წარადგენდა. მაგალითად, „არსენალის“ გამარჯვების შემდეგ გამოაცხადა, როგორც „We Won the Double“ (ორჯერ მოვიგეთ). სხვა ალტერნატიული სახელწოდებები იყო - „Looking Through the Knothole in Granny's Wooden Leg“ და „The March of the Dam Busters“. ცენტრალურ ნაწილს, რომელშიც გამოიყენება თოლიების ხმები, სტუდიაში „Gull Sounds“-ს უწოდებდნენ. კონცერტებზე „Echoes“-ს აგრეთვე წარადგენდნენ სხვა სახელწოდებებით - „Son of Nothing“, „Nothing To The Sun And Back“ და „The Return of the Son of Nothing“ (იგი სრულდებოდა განსხვავებული ტექსტით). თუმცა, საკონცერტო ბუტლეგებზე თავად გამომცემლებიც სხვა სახელწოდებებს იყენებდნენ.

სონარის ხმა, რომელიც კომპოზიციაში ჟღერს, სრულიად შემთხვევითი მოვლენა იყო - რიჩარდ რაიტმა უბრალოდ შეუერთა ფორტეპიანო Leslie-ს გამაძლიერებელს. მოგვიანებით დროის დიდი მონაკვეთი დაიკარგა, სანამ ჯგუფი ცდილობდა ორიგინალური ხმის გამეორებას სტუდიაში, ამიტომაც გამოიყენეს ჩანაწერი დემო-ფირიდან.

თავად რიჩარდის და დეივიდ გილმორის ორხმოვანი ვოკალური ჰარმონიის გარდა, აღსანიშნავია ნომრის კულმინაციაც (18:13-ზე). ჟურნალისტი ენდი მებეტი მას ასე აღწერს - „მესამე ნაწილის წინ ადგილი აქვს დაძაბულობას კრეშენდოში. იგი თავის კულმინაციას აღწევს, მაგრამ თავად სტროფი არის არა ანტიკლიმაქსი, არამედ პოსტკოიტალური ციმციმი“[3].

ცენტრალური იმპროვიზაცია (რომლის სამუშაო სახელწოდება იყო „Organ Drone“) გამოიყენებოდა „Embryo“-ს საკონცერტო ვერსიებში. კომპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვერსიაა Pink Floyd Live at Pompeii-ში შეტანილი და ორ ნაწილად დაყოფილი.

სიმღერის სტუდიური ვერსია მიჰყვება ფილმს Crystal Voyager, სერფინგის მოყვარულების შესახებ. იგივე კადრები გამოყენებული იყო საკონცერტო გამოსვლების დროს.

2011 წლის 7 ოქტომბერს BBC-ის ეთერში გასულ გადაცემაში The Record Producers წამყვანებმა წარადგინეს კომპოზიციის მრავალფირიანი ვერსია - ცალკე არხებად დაშლილი ინსტრუმენტებისა და ვოკალების დემონსტრირებით. აქვე გაიჟღერა Nothing-ის ნაწყვეტმა.

2016 წელს „Nothing“-ის მე-14 ნაწილი ოფიციალურად გამოიცა ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში. იმავე წლის 9 ნოემბერს YouTube-ზე სპეციალური ტრანსლირებისას აჩვენეს პრომო ვიდეო ამ ნაწილით, რომელშიც გამოყენებულია იენ იმსის ანიმაციური ნამუშევრები. ობრი პაუელის შენიშვნები:

იენ იმსთან შეხვედრისას ვიხილე მისი რამდენიმე ანიმაციური რგოლი, რომელზეც 1970-იანებში მუშაობდა. აქამდე ისინი არავის უნახავს, ამიტომ, გადავწყვიტე, ბენი ტრიკეტის და რესტავრისას მეშვეობით, მეცადა, მოერგებოდა თუ არა Nothing-ის #14 ნაწილს. კომპოზიციის რიტმს გარკვეულწილად მშვენივრად მოერგო, იგი იმსის ანიმაციის ორიგინალური და გულმოდგინე სახეს ასახავს. იმსმა შექმნა საათები Time-ისთვის და One Of These Days-ის მიხედვით ვიდეო French Windows.

1971 წელს სამხრეთ აფრიკის რადიოსადგურებისთვის გავრცელა აცეტატური პრომო-გრამფირფიტა კომპოზიციის შემოკლებული ვერსიით[5].

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიციის ყოველი ვოკალური მონაკვეთი აგებულია სამ სტროფზე.

პიესას ხსნის რიჩარდ რაიტის ერთი ნოტი, რომელიც მეორდება. მას ემატება სხვა ინსტრუმენტები და ყალიბდება ძირითადი აკორდები. თავდაპირველი ვოკალური ნაწილების შუალედში ჟღერს ინსტრუმენტული ჩანართები. ძირითადი თემის განმეორებითი შესრულების შემდეგ შემოდის შუა, „ფანკური“ ნაწილი, აგებული მტკიცე რიტმზე. რიტმულ ნაწილს მოჰყვება ხმოვანი კოლაჟი სონარის ეფექტით და სხვადასხვა ინსტრუმენტული მანიპულირებით. ამის შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა უბრუნდება ძირითად თემას და თავის კულმინაციას აღწევს შთამბეჭდავი კრეშენდოს და ერთგვარი ინსტრუმენტული შეტევის დროს. მეორდება პირველი სტროფების თანხლები მელოდია, რომელიც იცლება ინსტრუმენტებისგან, ბოლოს კი რჩება მხოლოდ გუგუნი, რომელიც ასევე ნელი ტემპით ქრება.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლამდე „Echoes“ აქტიურად სრულდებოდა კონცერტებზე და ამის შემდეგ, 1987 წელს, დროებით დაბრუნდა პროგრამაში (შესრულდა მხოლოდ 11-ჯერ). 2006 წელს დეივიდ გილმორი კვლავ ასრულებდა მას საკუთარ სოლო-კონცერტებზე (რიჩარდ რაიტთან ერთად), მოგვიანებით კი განსხვავებული ვერსიაც დაუკრა - აკუსტიკურად, ები როუდზე, როდესაც იწერებოდა სპეციალური გადაცემა Live from Abbey Road. ეს ნომერი თავად გადაცემაში არ შეიტანეს - მიუხედავად ამისა, ვიდეო მოხვდა გილმორის DVD დისკებზე Remember That Night და Live In Gdansk. ამ უკანასკნელის პირველ DVD დისკზე წარმოდგენილია დამალული ვიდეორგოლი, სადაც დეივიდი და რიკი საუბრობენ კომპოზიციის შექმნაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Murphy, Sean. (22 May 2011) The 25 Best Progressive Rock Songs of All Time. ციტირების თარიღი: 31 July 2016
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. 3.0 3.1 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  4. Echoes: the album credits. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 20 June 2013.
  5. http://www.discogs.com/Pink-Floyd-Echoes/release/9241874