„არსენალი“ 1886 წელს დაარსდა და ყველაზე სამხრეთული კლუბი იყო, რომელიც საფეხბურთო ლიგას შეუერთდა. პირველი მნიშვნელოვანი წარმატებები მეთოფეებმა 1930-იან წლებში მოიპოვეს. მათ ამ პერიოდში 5-ჯერ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი და 2-ჯერ ასოციაციის თასი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „არსენალი“ გახდა მეორე ინგლისური კლუბი, რომელმაც შეასრულა დუბლი და ერთ სეზონში მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასი (1970–71). კლუბისთვის განსაკუთრებით წარმატებული 1998–2006 წლები გამოდგა. 2004 წელს „არსენალი“ გახდა პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი კლუბი პრემიერლიგის ისტორიაში (1993 წლიდან), რომელმაც წაუგებლად მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. 2006 წელს, „არსენალი“ გახდა პირველი ლონდონური კლუბი, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიაღწია.
კლუბის ტრადიციული ფერებია წითელი და თეთრი. თავდაპირველად გუნდი ლონდონის გარეუბან ვულვიჩში დაფუძნდა, 1913 წელს კი იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში გადავიდა. ამ დროიდან კლუბი „ჰაიბერის“ სტადიონზე თამაშობდა, რომელიც 38,419 მაყურებელს იტევდა. 2006 წელს გაიხსნა ახალი არენა — ემირეიტსი, რომელიც 60,355 გულშემატკივარს იტევს. არსენალმა თავისი ისტორიის განმავლობაში მოგებული 13-ვე ინგლისის ჩემპიონის ტიტული, სტადიონ „ჰაიბერიზე“ ასპარეზობისას მოიგო.
1886 წლის 1 დეკემბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონის უბან ვულვიჩში, სამხედრო აღჭურვილობის დამამზადებელი ქარხნის მუშებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი სახელწოდებით „Dial Square“. პირველი კაპიტანი შოტლანდიელი დეივიდ დანსკინი იყო. ერთი თვის შემდეგ გუნდს სახელი შეეცვალა და „Royal Arsenal“ ეწოდა, ამავე სახელწოდების მქონე კომპლექსის პატივსაცემად[1][2]. გუნდის პირველი სტადიონი ფლამსთიდ-ქომანი (Plumstead Common) იყო[2], თუმცა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში თამაშობდნენ, უბან ფლამსთიდის მეორე მხარეს, სტადიონ მანორ-გრაუნდზე. „Royal Arsenal“-მა პირველი ტიტულები 1890 და 1891 წლებში მოიგო და ეს ორი ერთადერთი შემთხვევები იყო, როცა გუნდმა ტიტული მოიგო ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში ყოფნისას[3][4]. 1891 წელს, „Royal Arsenal“ პირველი ლონდონური გუნდი გახდა, რომელიც პროფესიონალური იყო[5].
გუნდმა კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი, როდესაც 1893 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბდა. მათ დაარეგისტრირეს ახალი სახელი, „Woolwich Arsenal“ და იმავე წლის ბოლოს შეუერთდნენ ინგლისის ფეხბურთის ლიგას[6][7]. „Woolwich Arsenal“-მა მეორე დივიზიონში დაიყო და 1904 წელს პირველ დივიზიონში მოიპოვა ადგილი. სტადიონზე დასწრებადობის დაბალმა მაჩვენებალმა, მუშების მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ და ქალაქში ახალი კლუბების გაჩენამ გუნდი გაკოტრებამდე მიიყვანა 1910 წელს[8][9]. გუნდის საქმეებში ჩაერთვნენ ბიზნესმენი ჰენრი ჯორჯ ნორისი და უილიამ ჰოლი და მისი სხვაგან გადატანა მოისურვეს[10][11].
1913 წელს, მეორე დივიზიონში დაქვეითების შემდეგ, „Woolwich Arsenal“ გადავიდა ახალ არსენალის სტადიონზე, ჩრდილოეთ ლონდონის უბან ჰაიბერიში. ამის შემდეგ გუნდმა მესამედ შეიცვალა სახელი, ის შემოკლდა და გახდა „The Arsenal“[12][13]. 1919 წელს ინგლისის ფეხბურთის ლიგამ კენჭისყრით გადაწყვიტა არსენალის პირველ დივიზიონში აღზევება დაქვეითებული „ტოტენჰემ ჰოტსპურის ნაცვლად. გავრცელდა ხმები, რომ კლუბის წარმომადგენლებმა ეს ლიგის წევრების მოსყიდვით შეძლეს[14]. იმავე წლის ბოლოდან, ოფიციალურ დოკუმენტებში გუნდის დასახელებიდან ქრება არტიკლი „The“ და იწოდება სახელით „Arsenal“, რითაც ცნობილია დღესდღეობით[15].
↑Attwood, Kelly & Andrews 2012, pp. 5–21. Woolwich Arsenal FC: 1893–1915 The club that changed football sfn error: no target: CITEREFAttwoodKellyAndrews2012 (help)
↑Attwood, Kelly & Andrews 2012, p. 112-149. Woolwich Arsenal FC: 1893–1915 The club that changed football sfn error: no target: CITEREFAttwoodKellyAndrews2012 (help)
↑Attwood, Kelly & Andrews 2012, pp. 22–42. Woolwich Arsenal FC: 1893–1915 The club that changed football sfn error: no target: CITEREFAttwoodKellyAndrews2012 (help)
↑Attwood, Kelly & Andrews 2012, pp. 43–64. Woolwich Arsenal FC: 1893–1915 The club that changed football sfn error: no target: CITEREFAttwoodKellyAndrews2012 (help)
↑Soar & Tyler (2005). The Official Illustrated History of Arsenal, გვ. 40.