შინაარსზე გადასვლა

წუღრუღაშენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წუღრუღაშენი

წუღრუღაშენი — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბოლნისის სიონიდან 2 კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ტაძარი აშენებულია 1212-1222 წლებში, ხუთშაბათის წმინდა გიორგის ჯვრის სახელზე. მსგავსი სახელის სხვა ტაძარს ქართული არქიტექტურა არ იცნობს. მისი მშენებელი იყო ჰასან არსენის ძე. ადგილის სახელწოდება წუღრუღაშენი მოდის სახელ წუღრუღადან, რომელიც მონღოლური წარმოშობისაა. სოფელი წუღრუღაშენი იხსენიება 1619-1620 წლების ორბელთა მამულების ნუსხაში. წუღრუღაშენი იხსენიება 1689, 1690 და 1691 წლის საბუთებშიც. 1721 წლის აღწერით არსებობდა ორი წუღრუღაშენი: წუღრუღაშენი და ახალი წუღრუღაშენი. ეს სოფლები სვიმონ ბატონიშვილს ეკუთვნოდა. წუღრუღაშენში ცხოვრობდა 9 კომლი გლეხი და სამი ბოგანო, ხოლო ახალ წუღრუღაშენში 9 კომლი გლეხი, ერთი აზნაური და სამი ბოგანო. XVIII საუკუნეში ორივე სოფელი დაცვლილი, ხოლო ტაძარი უმოქმედო იყო. ის შეაკეთეს 1938-1939 წლებში, ხოლო გალავანი 1936-1939 წლებში.

წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ტაძრის სიგრძეა 12,5 მ, სიგანე 9 მ, ხოლო სიმაღლე 17 მ. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. კიდევ ერთი მინაშენი ტაძარს აქვს სამხრეთის მხრიდან. ეს მინაშენი ძლიერ დაზიანებულია. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.

ტაძარი მოხატული იყო. ინტერიერში გამოყენებულია შეისრული თაღები. ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები ორიარუსიანია, იატაკიდან 6 მეტრზე. კიბე შემორჩენილი არ არის.

ტაძარზე სამი წარწერაა შემორჩენილი. ერთი კარგად იკითხება, ერთი დაზიანებულია, მესამეს კი მხოლოდ რამდნეიმე ასო აქვს. წარწერები მრავალჯერაა გამოცემული, ისინი გამოსცეს მარი ბროსე, ექვთიმე თაყაიშვილმა, პარმენ ზაქარაიამ და სხვებმა. ბოლო გამოცემა ეკუთვნის ვ. სილოგავას.

პირველი, უკეთ შემორჩენილი წარწერა შესრულებულია ასომთავრულით და მოთავსებულია დასავლეთის კარის მარჯვნივ, დიდ ცისფერ ქვაზე. შედგება ათი სტრიქონისგან. მეორე წარწერა მდებარეობს სამხრეთის კარის არქიტრავის მორთულ ქვაზე და შესრულებულია ორი ოსტატის მიერ. ამ წარწერის პირველი ორი სტრიქონი უკეთაა შესრულებული, ვიდრე შემდეგი სამი სტრიქონი.

წარწერაში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. წარწერების თავდაპირველი გამომცემლები ვარაუდობდნენ, რომ ნახსენები გიორგი იყო გიორგი ბრწყინვალე და ძეგლსაც XIV საუკუნით ათარიღებდნენ. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 351.
  • მჭედლძე, გ. „ქვემო ქართლის მონასტრების ისტორიიდან (წუღრუღაშენი)“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 77-82 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008
  • ზაქარაია, პ. „წუღრუღაშენი“ — თბილისი, 1952

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6821