შინაარსზე გადასვლა

მუსიკალური ალბომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტუდიური ალბომი)
პირველი ჩანაწერები წარმოადგენდა წიგნის მსგავს კორპუსში მოთავსებულ დისკებს

ალბომი ან მუსიკალური ალბომი — მუსიკალური ჩანაწერების კრებული, რომელიც ატარებს კომპაქტ-დისკის, გრამრფირფიტის, აუდიო კასეტის ან სხვა ხმოვანი მატარებლის სახეს. მუსიკალური ალბომები კომერციულად ან უფასოდ ვრცელდება მუსიკოსების მიერ, მაღაზიების, კონცერტების ან ვებ-გვერდების მეშვეობით.

ხშირად სიმღერები ან ინსტრუმენტული კომპოზიციები მუსიკალურ ალბომზე ერთმანეთს უკავშირდება ტექსტების თემებით, განწყობით ან ჟღერადობით. კონცეპტუალური ალბომები, მაგალითად, იცავენ სიუჟეტურ ხაზს ან ერთ საკითხთან დაკავშირებულ სიმღერებს შეიცავენ. სიმღერების მთელი რიგი ითვლება ალბომად იმ შემთხვევაში, თუ ეს დისკი სიმღერების ვრცელ სიას მოიცავს. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სიმღერების მცირე რაოდენობა, ხოლმე - ორი სიმღერაც. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია თითო სიმღერის ხანგრძლივობა შეადგენდეს 20-30 წუთს (მაგალითია მაიკ ოლდფილდის ალბომი Tubular Bells).

ალბომს, როგორც წესი, ახლავს ბუკლეტი სიმღერების ტექსტებით, ანოტაციებით, ისტორიებით, ფოტოსურათებით და სხვა ინფორმაციით.[1][2]

ხშირად ალბომი მეორედ გამოიცემა, გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს 1960-იან წლებში გამოსული მუსიკალური ალბომი, რომელზეც ათწლეულების შემდეგ კვლავ იმუშავეს ხმის ინჟინრებმა, გააუმჯობესეს მისი ჟღერადობა და გამოსცეს ასეთი სახით. ხშირად ახალ გამოცემებს ემატება დამატებითი კომპოზიციები, რომლებიც ჩაიწერა იმავე პერიოდში, რაც კონკრეტული ალბომი, მაგრამ არ იქნა შეტანილი ორიგინალურ გამოცემაში.

დღესდღეობით, კომპაქტ დისკებისა და ციფრული მუსიკის პოპულარობის გამო, აუდიო კასეტების პოპულარობამ საგრძნობლად იკლო, მაგრამ ბევრი მუსიკოსი კვლავ უშვებს საკუთარ ალბომებს გრამფირფიტის ფორმატში. ხშირად ეს აიხსნება ასეთი ჩანაწერის უბადლო ჟღერადობით, რასაც მუსიკის ბევრი მოყვარული ადასტურებს. ამასთან, ციფრული მუსიკის გაბატონების ეპოქაში მუსიკის მოყვარულებს ახალი გატაცება გაუჩნდა - გრამფირფიტებიდან მაქსიმალურად მაღალი ხარისხით ამა თუ იმ მუსიკალური მასალის ციფრულ ფორმატში გადაყვანა.

სტუდიური ალბომი არის მუსიკალური ალბომი, რომელიც შედგება ხმისჩამწერ სტუდიაში ჩაწერილი კომპოზიციებისგან. როგორც წესი, სტუდიური ალბომის შექმნა იგეგმება წინასწარ. ჩაწერა ხოლმე გრძელდება რამდენიმე დღიდან - ერთ წლამდე, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როგორიც არის Guns N' Roses-ის ალბომი Chinese Democracy, რომელიც იწერებოდა 10 წლის განმავლობაში.

თანამედროვე ხმისჩამწერი ტექნოლოგიებით მუსიკოსებს შეუძლიათ მუშაობა სტუდიის სხვადასხვა ოთახებში და საკუთარი პარტიების ცალკე ჩაწერა.

  1. Album Cover Art Series. Rock Art Picture Show. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 30 May 2012.
  2. The history of the CD - The 'Jewel Case'. Philips Research. ციტირების თარიღი: 30 May 2012.