შლუყურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შლუყურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე, ნასოფლარ შლუყურის სამხრეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (11,5 X 6,5 მ), ნაგებია ქვიშაქვით, ნატეხი ქვითა და ხით. შეკეთების დროს ხის კამარა და კონქი ორფერდა სახურავით შეუცვლიათ. ეკლესიის სამხრეთით და დასავლეთით ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. ორ-ორი ასეთივე სარკმელი ჩრდილო და სამხრეთ კედლებშია. კარ-სარკმელს შიგნიდან აგურის, ხოლო გარედან ქვის სხივისებურად ნაწყობი თაღები აქვს. აფსიდში ჩრდილოეთით მცირე ზომის თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი და ნახევარწრიული არდაბაგი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის სარკმლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის კედელი უშუალოდ ერწყმის დარბაზის გრძივ კედლებს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილი ყოფილა ხის კანკელით. გრძივ კედლებში შემორჩენილია ხის პატრონიკეს ძელების ბუდეები. პატრონიკე თაღოვანი გასასვლელით ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულ სამრეკლოს მეორე სართულს უკავშირდებოდა. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. იატაკზე ქვიშაქვის თლილი კვადრებია მოგებული.

სამრეკლო (2,5 X 2,5 მ) ორსართულიანია. ორივე სართული სამ მხარეს გახსნილია ნახევარწრიული თაღებით, რომლებიც ეკლესიის დასავლეთ კედლის ორ პილასტრს და ორ თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. პირველი სართული ხის ბრტყელი სახურავითაა გადახურული. ანალოგიურია მეორე სართული. სამრეკლოს თუნუქის პირამიდული სახურავი აქვს.

ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი და კრამიტით გადახურული კარიბჭეა. კარიბჭის და სამრეკლოს თაღების ქუსლებთან მაღალი რთულპროფილიანი იმპოსტებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7147