ხევი (ერთეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხევი.

ხევი — უძველესი ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. დამოწმებულია ე. წ. "აშხარაცუიცში" (სომხეთის "გეოგრაფიაში"), რომლის ცნობები საქართველოს შესახებ IV-V საუკუნეებზე უგვიანესი არ უნდა იყოს. ქართულ წყაროებში პირველად VI საუკუნეში მოიხსენიება ("ევსტათი მცხეთელის მარტვილობა"). წყაროების მიხედვით, ხევი ყოფილა როგორც დასავლეთ (ზემო იმერეთი, რაჭა, სვანეთი), ისე მთელ აღმოსავლეთ საქართველოში (ძველი "ქართლის სამეფოს" ტერიტორია).

უკანასკნელ ხანამდე ხევის წარმოქმნას მხოლოდ საქართველოს რელიეფის სპეციფიურობას უკავშირებდნენ (ჟ. სენ-მარტენი, ივ. ჯავახიშვილი). "ხევი", როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული ცნება, სოციალური მოვლენაა. სულხან-საბა ორბელიანი აღნიშნავდა, რომ ტერმინი „ხეობა“ გულისხმობს „ერთს წყალზედ მრავალ მოსახლეს“. "ხევის", როგორც სოციალურ-ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობის ინტერპრეტაცია ნ. ბერძენიშვილს ეკუთვნის. მისი თვალსაზრისით, ხევი არის სოციალური ერთობა, შექმნილი ერთიან საირიგაციო სისტემაზე დამყარებული ეკონომიკის საფუძველზე. მაგრამ თუ ბარში ხევის, როგორც სოციალური უჯრედის, წარმოქმნისათვის გადამწყვეტი შეიძლება ირიგაცია ყოფილიყო, მთაში ძირითადი იყო ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორი, საერთო საძოვრები, გზები და სხვა. მეორე მხრივ, ესა თუ ის ხევი ხშირად ეთნიკურ-ეთნოგრაფიული თავისებურებასაც გულისხმობს.ხევი პირველყოფილ-თემური წყობილების დროს წარმოიქმნა, ეს პროცესი გვაროვნული საზოგადოების რღვევის პარალელური მოვლენა უნდა ყოფილიყო.

გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან) საქართველოს მთელი ტერიტორია დიდ-პატარა ხევებად იყო დანაწილებული. სოციალური დიფერენციის შემდგომი გაღრმავების და კლასობრივი ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესი ამიერიდან ხევში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ქართლის (იბერიის) სამეფო ამგვარ ხევთა შერწყმა გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა ქართლის ხევის ჰეგემონობით.

ადრინდელი კლასობრივი და ადრინდელი ფეოდალური ურთიერთობის პერიოდში ხევი იყო სახელმწიფოს ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურული ელემენტი, ხოლო "ქართლის სამეფო" - "ჴევთა ქართლისათა" კრებული. განვითარებული ფეოდალური ურთიერთობის ხანაში ხევი ბარის საქართველოში გადმონაშთის სახით კიდევ არსებობდა, ხოლო მთაში, სადაც ადრინდელი ფეოდალური ურთიერთობა დიდხანს შემორჩა, ხევი როგორც საზოგადოების ძირითადი სტრუქტურული ელემენტი, კვლავ დამახასიათებელი იყო (ხევი, ფშავის ხევი და სხვა). დღეს იგი ტოპონიმის სახითაა მხოლოდ შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964;
  • მისივე, წგნ. 8, თბ., 1975;
  • მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები ნ. ბერძენიშვილის შრომებში, «მაცნე», 1965;
  • მისივე, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1, თბ., 1977;