ბელაქნისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელაქნისწყალი
IMAG2180 1(1).jpg
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ბელაქანის რაიონი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ქალაქები ბელაქანი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი
41°52′50″ ჩ. გ. 46°31′50″ ა. გ. / 41.88056° ჩ. გ. 46.53056° ა. გ. / 41.88056; 46.53056
სათავის სიმაღლე 2500 მ
შესართავი ალაზანი
41°35′40″ ჩ. გ. 46°19′50″ ა. გ. / 41.59444° ჩ. გ. 46.33056° ა. გ. / 41.59444; 46.33056
შესართავის სიმაღლე 185 მ
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 320 კმ²
მდინარის სისტემა ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 3.51 მ³/წმ
ბელაქნისწყალი — საქართველო
ბელაქნისწყალი
ბელაქნისწყალი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი

ბელაქნისწყალი, ბელაქანჩაი (აზერ. Balakənçay) — მდინარე აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვარზე. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 320 კმ². წარმოიქმნება მდინარეების საათიორისა და რეხუსაათიორის შეერთების შედეგად. უმთავრესად მიედინება სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ქალაქ ბელაქანთან იყოფა ორ ძირითად ტოტად, რომელთაგან ერთი — პატარა ბელაქნისწყალი მიედინება სოფელ ქორთალის აღმოსავლეთით და ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მ სიმაღლეზე ერთვის მდინარე კატეხისწყალს მარჯვენა მხრიდან, ხოლო მეორე — ბელაქნისწყალი 185 მ სიმაღლეზე მარცხენა მხრიდან ერთვის მდინარე ალაზანს. ბელაქნისწყლის აუზი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. მისი საშუალო სიგანეა 8.2 კმ, ხოლო საშუალო სიმაღლე 958 მ.[1] ბელაქნისწყლის კალაპოტი ალაზანთან არხის მეშვეობითაა დაკავშირებული.[2]

ქვემო დინებაში გაშლილია ალაზნის ვაკეზე. ორივე მხრიდან ერთვის მრავალი მდინარე, რომელთა შორის გამოიყოფა: სოლბანჩაი, ყარაბორი, ჯილთიქჩაი და სხვა. როგორ წესი, მაქსიმალური დონეები მაისშია, იშვიათ შემთხვევაში ივნისში. დაბალი დონეები ზამთრის თვეებშია, კერძოდ იანვარ-თებერვალში. ივნისიდან იცის ზაფხულის წყალმცირობა. ღვარცოფი მდინარის აუზში ყველაზე სახიფათო ჰიდროლოგიურ და ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევა. მდინარის აუზში კატასტროფული სელური მოვლენები დაფიქსირდა: 1862, 1877, 1889, 1914, 1924, 1927, 1931 და 1932 წლებში.[1]

ყინულოვანი მოვლენები არამდგრადი ხასიათისააა და გვხვდება ეპიზოდურად. განვითარებულია ყინულნაპირისი. ყინულსვლა არ იცის და როგორ წესი ყინული ადგილზევე დნება. ბელაქნისწყლის წყალი ქიმიური შედგენილობით ჰიდროკარბონატულია, მთელ სიგრძეზე სასმელად ვარგისია, მხოლოდ წყალმოვარდნისას საჭიროებს ფილტრაციას. გამოიყენება სარწყავად. საშუალო წლიური ხარჯი 3.51 მ³/წმ.[3]

მდინარის ნაპირებზეა ქალაქი ბელაქანი, სოფელი ერისიმედი და სხვა. ბელაქნისწყლისა და ალაზნის შეერთების ადგილზე მდებარეობდა ქალაქი ბოეთანი;[4] თავის დროზე ბელაქნისწყალს მოიცავდა საქართველოს ისტორიული მხარე ელისენი. მდინარის ხეობაში შემორჩენილია ნაწილობრივ დანგრეული თამარის ციხე.[5] აღსანიშნავია, რომ ბელაქნისწყალზე 1605 წელს გაიმართა კახეთის აჯანყება.[6]

ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბატონიშვილი ბელაქნისწყლის შესახებ გადმოგვცემს:[7]

ვიკიციტატა
„ხოლო ბელაქნის წყალი გამოსდის ხუნზახსა და ამას შორის კავკასს, მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. აქ, მთის კალთას, არს ციხე მაკაბელი და სასახლე მეფეთა, რომელსა ეწოდა პირველ ნოსპატო.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Материалы по гидрографии СССР. Реки Азербайджанской ССР. Том 3. Бассейн Кавказа. Выпуск 4. Бассейны р. Куры (без Аракса). Баку, 1955 г., 324 стр.
  2. ჯავახიანი. საქართველოს საზღვრების პრობლემა XX საუკუნის I ნახევარში და ივანე ჯავახიშვილი. ნაწილი I. თბილისი 2017
  3. Maqbet Məmmədov. Azərbaycanın Hidroqrafiyası. Bakı,. „Təhsil“, NPM, 2012, 254 səh.
  4. გვასალია ჯ., მარჯანიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 454.
  5. ფერი ყალა (თამარის ციხე) (გვიანდელი ფეოდალური ხანა) | საქართველოს ძეგლები dzeglebi.ge
  6. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967
  7. ბატონოშვილი ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა. თფილისი, 1904