ელისუს სასულთნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელისუს სასულთნოს რუკა

ელისუს სასულთნო — ძველი ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირი თემი, მდინარეებს ყანი-ყობასა და ყაფიუჩაის შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც 1604 წელს აბას I-მა კახეთის მეფე კონსტანტინე I-ს გამოსთხოვა საჩუქრად. ეს ტერიტორია შაჰმა საგამგებლოდ წახურელ ალიბეგს უწყალობა, სულთნობა უბოძა და თავისი მფარველობის ქვეშ გამოაცხადა (სხვა მოსაზრებით, გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს უწყალობა). ელისუს სასულთნოს, სულთანთა ხელისუფლება ფაქტობრივად კახეთის სამეფოში შემავალი წუქეთის მოურავების ხელისუფლების გაგრძელება იყო. ამით კახეთს აღმოსავლეთის კედელი მოერღვა და საფუძველი ჩაეყარა ელისუს სასულთნოს, რომელიც შემდგომში საქართველოს წინააღმდეგ აღმდგარი მტრული ძალების ფორპოსტი გახდა.

მუსლიმანური სასულთნოს შექმნამ დაასუსტა კახეთის თავდაცვისუნარიანობა. წახურელ ლეკებს გზა გაეხსნათ კახეთში ჩამოსახლებლად. ადგილობრივი ქართული მოსახლეობის გვერდით ამიერიდან თანდათან იწყეს ჩამოსახლება მთის გაღმიდან წახურელმა მოახალშენეებმა. ქართველები ელისუს სასულთნოს თავისად თვლიდნენ. ამის გამო წახურის სულთანსა და კახელებს შორის მტრობა ჩამოვარდა. წახურის მფლობელი დახმარებისათვის ხან ირანს, ხან კი ოსმალეთს მიმართავდა. ოსმალეთი სულთნისა და ირანის შაჰის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფმა ელისუს სულთანმა მათგან თავისი მფლობელობის დამამტკიცებელი სიგელებიც მიიღო.

ელისუს სასულთნოში პრივილეგირებულ ფენას ბეგები წარმოადგენდნენ. ეს ფენა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობით ერთფეროვანი არ იყო. ბეგები თავიანთი სოციალური ბუნებით გამოირჩეოდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ბეგებისაგან. მათგან განსხვავებით თვიანთ მიწებს მემკვიდრეობით მფლობელობის წესით ინარჩუნებდნენ და ამით ქართული ბატონყმური ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტს წარმოადგენენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
  • დუმბაძე მ., აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბ., 1953;
  • პაპუაშვილი თ., ჭარბელაქანი, თბ., 1972;
  • Петрушевский И., Джаро-белаканские вольные общества в первой трети ХIХ столетия, Тфл., 1934;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]