ბეატრის I ბურგუნდიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეატრის I ბურგუნდიელი
საღვთო რომის იმპერატრიცა და იტალიის დედოფალი
კორონაცია: 1 აგვისტო, 1167,
რომი, იტალია
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1156
მმართ. დასასრული: 15 ნოემბერი, 1184
წინამორბედი: რიჩენცა ფონ ნორთაიმი
მემკვიდრე: კონსტანცია სიცილიელი
ბურგუნდიისა და გერმანიის დედოფალი
კორონაცია: აგვისტო, 1178,
ვიენა, საფრანგეთი
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1156
მმართ. დასასრული: 15 ნოემბერი, 1184
წინამორბედი: ადელჰაიდ ფონ ვოჰბურგი
მემკვიდრე: კონსტანცია სიცილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1143
გარდ. თარიღი: 15 ნოემბერი, 1184
მეუღლე: ფრიდრიხ I, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: თერთმეტი შვილი
დინასტია: ივრეა
მამა: რეჯინალდ III, ბურგუნდიის გრაფი
დედა: აგათა ლოთარინგიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბეატრის I ბურგუნდიელი (ფრანგ. Béatrice Ire de Bourgogne, გერმ. Beatrix von Burgund, იტალ. Beatrice di Borgogna; დ. 1143 — გ. 15 ნოემბერი, 1184) — ბურგუნდიის გრაფინია 1148-1184 წლებში. საღვთო რომის იმპერატრიცა, იტალიის დედოფალი, ბურგუნდიისა და გერმანიის დედოფალი 1156-1184 წლებში როგორც იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას მეუღლე. იმპერატორ ჰაინრიხ VI-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისი დაიბადა 1143 წელს. იგი იყო ბურგუნდიის გრაფ რეჯინალდ III-ისა და მისი მეუღლის, აგათა ლოთარინგიელის ერთადერთი შვილი. 1148 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ბურგუნდიის გრაფინია გახდა, რის შემდეგაც იგი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საპატარძლოდ იქცა ევროპაში.

ფრიდრიხისა და ბეატრისის ქორწინება

1156 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 13 წლის ბეატრისი დაქორწინდა 20 წლის საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსაზე, რომელიც თავის პირველ ცოლს, დედოფალ ადელჰაიდს ამ ამბამდე სამი წლით ადრე გაეყარა. მასზე ქორწინებით ფრიდრიხმა გაიმყარა თავისი ძალაუფლება ბურგუნდიაში, სადაც გერმანელ იმპერატორებს ყოველთვის სუსტი გავლენა ჰქონდათ. მასთან ქორწინებამ უამრავი სარგებელი მოუტანა იმპერატორს, მაგალითად: ბეატრისის ოჯახის პრესტიჟმა გაზარდა ფრიდრიხის პრესტიჟიც, ასევე გაზარდა მისი შემოსავალიც, რადგან ბურგუნდია ძალიან მდიდარი მხარე იყო.

1167 წელს ბეატრისი და ფრიდრიხი იტალიაში ჩავიდნენ. აქ, საკმაოდ მძიმე ბრძოლებისა და სისხლიანი გზის გავლის შემდეგ მიადგნენ რომს, რომელსაც იმპერატორმა მაშინვე ალყა შემოარტყა. პაპმა ალექსანდრე III-მ ისინი ქალაქში შეუშვა და ბეატრისი საღვთო რომის იმპერატრიცად და იტალიის გვირგვინოსან დედოფლად აკურთხა, თუმცა ფრიდრიხს უარი უთხრა ღირსების მინიჭებაზე. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ბარბაროსა 1159 წლიდან მოყოლებული ანტიპაპებს უჭერდა მხარს.

1178 წელს ბეატრისი ვიენაში ჩავიდა, სადაც ეკურთხა ბურგუნდიისა და გერმანიის გვირგვინოსან დედოფლად. მის თანამედროვე წყაროებზე დაყრდნობით, იგი ერთობ ლამაზი ქალი იყო. მემატიანეთა მიხედვით, ბეატრისსა და ფრიდრიხს ჰარმონიული ქორწინება ჰქონდათ. მათ ბედნიერი და მოსიყვარულე ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ეტიკეტის გარკვეულ საზღვრებს მაინც არასოდეს აბიჯებდნენ. თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეატრისმა მშობლიურ ბურგუნდიაში გაატარა. აღსანიშნავია, რომ ბურგუნდიას იგი ყოველთვის დამოუკიდებლად მართავდა და სურდა, რომ ქვეყანას მის შემდეგაც შეენარჩუნებინა სუვერენიტეტი, რის გამოც ეს მხარე სიცოცხლეშივე უანდერძა თავის უმცროს ვაჟს, ოტოს.

1184 წლის 15 ნოემბერს იგი გარდაიცვალა. ამავე წელს იგი გადაასვენეს და დაკრძალეს გერმანიაში. მოგვიანებით, მის გვერდით დაკრძალეს მისი 3 წლის ასაკში გარდაცვლილი ნაბოლარა ქალიშვილი აგნესაც. აღსანიშნავია, რომ ფრიდრიხი ამის შემდეგ აღარ დაქორწინებულა და იგი 1190 წელს გარდაიცვალა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბეატრიქსი (1162-1174), დანიშნული იყო სიცილიის მეფე გულიელმო II-ზე, თუმცა ქორწილამდე გარდაიცვალა;
  2. ფრიდრიხ V (1164-1170), შვაბიის ჰერცოგი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ჰაინრიხ VI (1165-1194), საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, იტალიისა და სიცილიის მეფე. ცოლად შეირთო დედოფალი კონსტანცია სიცილიელი, რომელთანაც შეეძინა იმპერატორი ფრიდრიხ II;
  4. ფრიდრიხ VI (1167-1191), შვაბიის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. გიზელა (1168-1184), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  6. ოტო I (1170-1200), ბურგუნდიის გრაფი. ცოლად შეირთო გრაფინია მარგარიტა ბლუელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  7. კონრად II (1172-1196), შვაბიის ჰერცოგი. დანიშნული იყო ბერენგარია კასტილიელზე, მაგრამ ქორწინება ვერ შედგა;
  8. რენოდი (1173), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. ვილჰელმი (1176), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. ფილიპე (1177-1208), შვაბიის ჰერცოგი და გერმანიის მეფე. ცოლად შეირთო ირენე ანგელინა, რომელთანაც შეეძინა შვილები: საღვთო რომის იმპერატრიცა ბეატრიქსი, ბოჰემიის დედოფალი კუნიგუნდა, ბრაბანტის ჰერცოგინია მარია და კასტილიის დედოფალი ელიზაბეთი;
  11. აგნესა (1181-1184), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Heinrich Appelt: Kaiserin Beatrix und das Erbe der Grafen von Burgund. In: Hubert Mordek (Hrsg.): Aus Kirche und Reich. Studien zu Theologie, Politik und Recht im Mittelalter. Festschrift für Friedrich Kempf. Thorbecke, Sigmaringen 1983, ISBN 3-7995-7021-7, S. 275–283.
  • Knut Görich: Friedrich Barbarossa: Eine Biographie. Beck, München 2011, ISBN 978-3-406-59823-4, speziell S. 256–262.
  • Knut Görich: Kaiserin Beatrix. In: Frauen der Staufer (= Schriften zur staufischen Geschichte und Kunst. Bd. 25). Hrsg. von Karl-Heinz Rueß. Göppingen 2006, S. 43–58
  • Martina Hartmann: Beatrix. In: Amalie Fößel (Hrsg.): Die Kaiserinnen des Mittelalters. Pustet, Regensburg 2011, ISBN 978-3-7917-2360-0, S. 197–212.
  • Hans-Walter Herrmann: Beatrix von Burgund. In: Lexikon des Mittelalters (LexMA). Band 1, Artemis & Winkler, München/Zürich 1980, ISBN 3-7608-8901-8, Sp. 1742 f.
  • Hans Conrad Peyer: Beatrix von Burgund. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 681