ელიზაბეტა ბოსნიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტა ბოსნიელი

ელიზაბეტა თავის ქალიშვილ მარიასთან ერთად ტყვეობაში
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 ივნისი, 1353
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1382
წინამორბედი: მარგარეტე ბოჰემიელი
მემკვიდრე: მარგერიტა დურაცოელი
პოლონეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 5 ნოემბერი, 1370
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1382
წინამორბედი: ჰედვიგია ზაგანელი
მემკვიდრე: ანა ცელიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1339
გარდ. თარიღი: 16 იანვარი, 1387, (47-48 წლის)
გარდ. ადგილი: ნოვიგრადი, დალმაცია, ხორვატიის სამეფო
დაკრძ. ადგილი: სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი
მეუღლე: ლუი I, უნგრეთისა და პოლონეთის მეფე
შვილები: კატალინა
მარია I, უნგრეთის დედოფალი
იადვიგა I, პოლონეთის დედოფალი
დინასტია: კოტრომანიჩები
მამა: სტეფან II, ბოსნიის ბანი
დედა: ელიზაბეტა კუიავია
რელიგია: კათოლიციზმი

ელიზაბეტა ბოსნიელი (ბოსნ. Elizabeta Kotromanić, უნგრ. Bosnyák Erzsébet, პოლ. Elżbieta Bośniaczka; დ. 1339 — გ. 16 იანვარი, 1387) — კოტრომანიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ბოსნიის მმართველ სტეფან II-ის ასული. ჯერ დედოფალი, შემდეგ კი რეგენტი უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთისა.

1353 წელს უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ლუი I-ზე ქორწინებით იგი დედოფალი ხდება. 1370 გააჩინა დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე, რომელსაც კატალინა დაარქვეს. ამავე წელს ლუი და ელიზაბეტა პოლონეთის ტახტზე ადიან. სამეფო წყვილს კიდევ ორი ქალიშვილი შეეძინა მარიასა და იადვიგას სახით, თუმცა კატალინა 1378 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად ელიზაბეტა პოლიტიკურად აქტიური პიროვნება არ იყო, თუმცა გავლენები მაინც ჰქონდა თავისი ფავორიტის, ნიკოლას I გარაის წყალობით. 1382 წელს, მას შემდეგ, რაც ლუი გარდაიცვალა, რეგენტი ელიზაბეტა ხდება და უნგრეთის ტახტზე მარიას, ხოლო პოლონეთისაზე იადვიგას სვავს. მიუხედავად ამისა უნგრეთისა და პოლონეთის ერთიანობა ვერ შენარჩუნდა, რადგან უნგრეთს მარიას ქმარი, ხოლო პოლონეთს იადვიგას მეუღლე განაგებდა.

უნგრეთში ელიზაბეტას რეგენტობა ხასიათდება დიდი მღელვარებებით. ამ მცირე დროში არაერთი აჯანყება მოხდა, რომელიც მიზნად ისახავდა მცირეწლოვანი მარიას დამხობას და ივან პალისნას გამეფებას. მდგომარეობის დასასტაბილურებლად ელიზაბეტა ქალიშვილთან ერთად ნეაპოლში გაიქცა, სადაც უნგრეთის მეფობა ნეაპოლის მეფე კარლო III-ს უბოძა. მან ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა, 1386 წელს კი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მარიას დაუბრუნდა. ელიზაბეტა უკვე მეორედ გახდა რეგენტი, რასაც კვლავ აჯანყებების სერია მოჰყვა. საბოლოოდ იგი დაატყვევეს და ხორვატიაში ციხესიმაგრეში გამოკეტეს, სადაც გარდაიცვალა მომდევნო წელს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტა დაიბადა 1339 წელს. იგი იყო კოტრომანიჩების დინასტიის ხელმძღვანელისა და ბოსნიის ბან სტეფან II-ისა და მისი მეუღლის, ელიზაბეტა კუიავიას ქალიშვილი. დედამისი იყო კუიავიების ძლევამოსილი პოლონური დინასტიის წარმომადგენელი, ენათესავებოდა მმართველ პიასტთა დინასტიას და თავად პოლონეთის მეფე ვლადისლავ I-ს ღვიძლ ბიძაშვილად ერგებოდა. იგი ერთხელ ეწვია კიდევად უნგრეთის დედოფალ ელიზაბეტა პოლონელს, რომელიც დედამისის ბიძაშვილი იყო. მას შემდეგ, რაც 1349 წელს ელიზაბეტის რძალი, დედოფალი მარგარეტე ბოჰემიელი შავი ჭირით გარდაიცვალა, მან თავისი დაქვრივებული ვაჟის, უნგრეთის მეფე ლუი I-ის დაქორწინებაზე დაიწყო და არჩევანის წორედ ელიზაბეტა ბოსნიელზე შეაჩერა. მან საქორწინო წინადადება წამოაყენა და მოითხოვა გოგონას დაუყოვნებლივ გაგზავნა ვისეგრადის სასახლეში, რათა ახლოდან გაეცნოთ იგი. მამამისის თავდაპირველი უარის მიუხედავად, ელიზაბეტა მალევე გააგზავნეს ვისეგრადში.

1350 წელს სერბეთის მეფე სტეფან დუშან I ბოსნიაში შეიჭრა და ვრცელი მიწები მიიტაცა. ვინაიდან ბოსნიელები ზედიზედ განიცდიდნენ მარცხებს, ელიზაბეტას მამამ სტეფანთან მოლაპარაკებების წამოწყება მოისურვა. მოლაპარაკებებისას მამამისმა სტეფანს ელიზაბეტას მის ვაჟზე და სერბეთის მომავალ მეფეზე მითხოვება შეჰპირდა, თუ იგი მას მიტაცებულ მიწებს დაუბრუნებდა. სტეფან დუშანი ქორწინებაზე სიხარულით დასთანხმდა, მაგრამ მიწების დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განუცხადა, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა და ელიზაბეტა კვლავ ლუის საცოლედ დარჩა. მალევე ელიზაბეტა 24 წლის ლუი I-ზე დანიშნეს, რომელიც ასევე სტეფან დუშანის მოსისხლე მტერი იყო. ლუი იმედოვნებდა, რომ ბოსნიის ტახტის მემკვიდრე გახდებოდა, რასაც შემდგომში პლაცტარმად გამოიყენებდა სერბების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრული კარიკატურა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ლოცავს დიდმოწამე ეკატერინე ალექსანდრიელი ლუისა და ელიზაბეტას ქორწინებას ზეციდან

1353 წლის 20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაში შედგა ელიზაბეტასა და ლუის ქორწინება, რის შემდეგაც იგი უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი გახდა. მიუხედავად ქორწინებისა, წყვილს სარეცელის გაყოფა სასტიკად ეკრძალებოდა, რადგან ლუი და ელიზაბეტა პირველი თაობის ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ და ამისათვის რომის პაპის თანხმობა იყო საჭირო, რასაც რომელსაც ქორწილის შემდეგ კიდევ ოთხი თვე ელოდნენ. მისი ქორწინებიდან მალევე ელიზაბეტას დედა გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ იგი ორსულად იყო და სწორედ დედის დაკარგვით გამოწვეული დიდი მწუხარების გამო მას ნაყოფი მოეშალა. მომდევნო დაფეხმძიმებას კი მრავალი წელი დასჭირდა. 1357 წელს გარდაიცვალა ელიზაბეტას მამაც. ლუი აღშფოთებული დარჩა, როდესაც ბოსნიის ტახტზე ელიზაბეტას ბიძაშვილი სტეფან ტვრტკო I ავიდა, რადგან მხოლოდ ამ ტახტის გამო იქორწინა მან ელიზაბეტაზე. ამავე წელს ლუი ბოსნიაში შეიჭრა და დაიპყრო პოჟეგა. მალევე მან ახალგაზრდა სტეფანი აიძულა მისთვის დაეთმო მთლიანი საჰუმლია.

უნგრეთის ახალი დედოფალი მთლიანად თავისი დედამთილის, დედა-დედოფალ ელიზაბეტა პოლონეთის დაქვემდებარებაში იყო. ის ფაქტი, რომ დედოფლის რუტინა შედგებოდა დედა-დედოფლის მომსახურებითა და მისი სიამოვნებისათვის შრომაში, მიუთითებს იმაზე, რომ ელიზაბეტა ბოსნიელს საკუთარი სამეფო კარი არ ჰქონია, როგორც ეს სხვა ევროპელ დედოფლებს ჰქონდათ. ელიზაბეტა პოლონელის გავლენა განსაკუთრებით 1370 წელს გაიზარდა, როდესაც მოხდა ლუის დაახლოვება ბიძამისთან, პოლონეთის მეფე კაზიმირ III-თან. ვინაიდან ლუის ძალიან უნდოდა პოლონეთის მეფეც გამხდარიყო, იგი ყველანაირად ცდილობდა ბიძისათვის ესიამოვნებინა, რომელსაც ტახტის მემკვიდრედ მის გარდა კიდევ ერთი ძმის შვილი ჰყავდა. ამისათვის ლუიმ კაზიმირის მცირეწლოვანი ქალიშვილები, პრინცესა ანა და პრინცესა იადვიგა თავის სამეფო კარზე ჩაიყანა განათლების მისაღებად, მათი აღზრდა კი რაღათქმაუნდა ელიზაბეტა ბოსნიელს დაეკისრა.

ლუისა და ელიზაბეტას ქორწინებაში მნიშვნელოვან ბზარს აჩენდა უშვილობა. დედოფალი ელიზაბეტა მრავალი წლის მანძილზე მიიჩნეოდა უნაყოფო ქალად, რაც თავისთავად მემკვიდრის კრიზისს იწვევდა. ასე თუ ისე, 1354 წლამდე ვითარება სტაბილური იყო, სანამ მისი მაზლი იშტვანი არ დაიღუპა, რომელიც ტახტის მემკვიდრე იყო. ამან უნგრეთის ტახტი სრულიად უმემკვიდრეოდ დატოვა. 1360 წელს დედოფალს მუცელი მოეშალა, 1365 წელს კი ელიზაბეტამ ნანატრი მემკვიდრე გააჩინა, რომელიც მეორე წელს დაიღუპა. მალევე მეფის სლავონიელმა ბიძაშვილმა ივანმა და მისმა დამ, პრინცესა ელიზაბეტამ ინტრიგების ხლართვა და საზღვარგარეთ ძლიერი მოკავშირეების ძებნა დაიწყეს, რათა ლუის გარდაცვალებისთანავე ჩაეგდოთ ხელში უნგრეთის ტახტი. თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, რამდენიმე წლის შემდეგ დედოფალი კვლავ დაორსულდა. ყველა ელოდა, რომ წინა შემთხვევების მსგავსად ბავშვი ან მუცელშივე მოკვდებოდა, ან გაჩენიდან მცირე დროში. 1370 წელს დედოფალმა გოგონა გააჩინა, რომელსაც კატალინა დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაჟი არ იყო, მემკვიდრე მაინც გახდა, რადგანაც განსხვავებით საფრანგეთისაგან, უნგრეთში სალიკური კანონი, რომლის მიხედვითაც ქალის ტახტზე ასვლა არ შეიძლებოდა, არ მოქმედებდა. ამას მოჰყვა 1371 წელს პრინცესა მარიას, ხოლო 1373 წელს პრინცესა იადვიგას გაჩენა. ცნობილია, რომ დედოფალ ელიზაბეტას ქალიშვილებისათვის საუკეთესო განათლების მიცემა სურდა, რის გამოც მან საფრანგეთიდან ჩამოატანინა უიშვიათესი წიგნები, რომლებიც დღეისათვის დაკარგულია.

1374 წლის 17 სექტემბერს, ლუიმ დათმობაზე წამოიყვანა პოლონელი დიდგვაროვნები და მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი პოლონეთის მომავალ დედოფლად აცნობინა. თუმცაღა მეფისა და დედოფლისათვის ყველაზე რთული იყო ამოერჩიათ, თუ მათი რომელი გოგონა გამხდარიყო პოლონეთის და რომელი უნგრეთის დედოფალი, მესამე კი საზღვარგარეთ უნდა გაეთხოვებინათ, რაც მეტად რთული გადასაწყვეტი იყო. ელიზაბეტამ და ლუიმ გადაწყვიტეს, რომ კატალინა პოლონეთის დედოფალი გახდებოდა, მარია უნგრეთის, იადვიგას კი რომელიმე უცხოელ მონარქზე დააქორწინებდნენ. მათ მალევე დაიწყეს ფიქრი სამივე ქალიშვილის ქორწინებაზე. სულ რაღაც ერთი წლის მარია დანიშნეს საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ ლუქსემბურგელზე. პატარა კატალინა დანიშნეს საფრანგეთის მეფე შარლ V-ის უმცროს ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ზე, ხოლო იადვიგა დანიშნეს ავსტრიის ერცჰერცოგ ვილჰელმ ჰაბსბურგზე. ყველაფერი გეგმების მიხედვით მიდიოდა, თუმცა 1378 წელს კატალინას გარდაცვალებით ყველაფერი აირია. ახლა პოლონეთის მომავალ დედოფლად იადვიგა გამოცხადდა, ვინაიდან მარიას უკვე ამზადებდნენ უნგრეთში გასამეფებლად. 1380 წლის 12 თებერვალს ელიზაბეტა და ლუი ზოლიომში ჩავიდა, სადაც საზეიმოდ გამოაცხადეს იადვიგასა და ვილჰელმ ავსტრიელის ნიშნობა.

ბოლო წლებში ლუი ძალიან დაავადდა და დასუსტდა, რის გამოც იგი უფრო მორწმუნე გახდა და ხშირად ლოცულობდა, დედამისი კი 1374 წლიდან მშობლიურ პოლონეთში დაბრუნდა. დედამთილის გამგზავრებიდან მალევე ელიზაბეტა უფრო აქტიური გახდა და სამეფო კარზეც მთელი ძალაუფლება მან აიღო ხელში. მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა და გამყარდა, მას შემდეგ, რაც მან ლუის მემკვიდრეები გაუჩინა. ელიზაბეტა ამ დროიდანვე ზრუნავდა იმაზე, რომ მის ქალიშვილებს ქვეყნის მართვა არ გასჭირვებოდათ, რის გამოც მათთვის ერთგულ ხალხს კრებდა. დედოფლის განსაკუთრებული ნდობით კი სარგებლობდა უნგრეთის კურფიურსტი ნიკოლას გარაი.

ქვრივობა და რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნები რომლებსაც ლუი მართავდა: წითლად უნგრეთი და პოლონეთი, ვარდისფრად კი მისი ვასლები:მოლდოვეთი, ვალახეთი, სერბეთი, ბოსნია და ნეაპოლი

ლუი I 1382 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა თავის საძინებელში, ელიზაბეტას, მარიასა და იადვიგას გარემოცვაში. დედოფალ ელიზაბეტას გლოვისათვის დიდი დრო არ დაუთმია და სულ შვიდ დღეში მარია უნგრეთის „მეფედ“ აკურთხა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მარიასათვის მამაკაცის ტიტულის მინიჭება იყო მინიშნება სიგიზმუნდ ლუქსემბურგელისათვის, რომ ქვეყნის მმართველი ის კი არა, არამედ მისი ცოლი იქნებოდა. 11 წლის მარიას რეგენტად დედამისი, დედა-დედოფალი ელიზაბეტა ბოსნიელი დაენიშნა, რომლის მრჩეველიც ნიკოლას გარაი იყო. მართალია სამეფო კარზე სიმშვიდე იყო, მაგრამ უნგრულ არისტოკრატიას არ სურდა, რომ მათი ქვეყანა ქალს ემართა, მით უმეტეს „უცხოელის“ რეგენტობის ქვეშ, ამიტომაც ისინი მარიას გამეფებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ტახტის კანონიერი მემკვიდრე მისი ბიძაშვილი, ნეაპოლის მეფე კარლო III იყო. კარლომ ამ დროისათვის მარიას ჩამოგდება ვერ გაბედა, რადგანაც მას უამრავი ძლევამოსილი მოკავშირე ჰყავდა მთელი ევროპის მასშტაბით.

პირველად ელიზაბეტას წინააღმდეგ 1383 წელს ივან პალისნამ გაილაშქრა, რომელიც ვრანას გუბერნატორი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ ელიზაბეტას ბიძაშვილმა, სტეფან ტვრტკომ ისარგებლა უნგრეთში არსებული არეულობით და ბოსნიას ის მიწები დაუბრუნა, რომელიც მას 1357 წელს ლუიმ ჩამოაჭრა. მალევე ტვრტკომ და ივანმა ელიზაბეტას წინააღმდეგ ალიანსი ჩამოაყალიბეს, თუმცაღა საბოლოოდ ისინი ელიზაბეტას სამეფო არმიამ სასტიკად დაამარცხეს, რის გამოც როგორც უნგრეთის, ისე ბოსნიის დატოვება და საზღვარგარეთ გაქცევა მოუწიათ.

პოლონეთის მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ლუიმ სიკვდილის წინ უნგრეთისა და პოლონეთის ტახტების მემკვიდრედ მარია დაასახელა, პოლონელ დიდგვაროვნებს უნგრეთთან გაერთიანების პროცესის დასრულება სურდათ, რის გამოც მათ არ სცნეს მარიას სუვერენული მმართველობა. პოლონელებმა განაცხადეს, რომ ისინი მიიღებდნენ მარიას თავიანთ მონარქად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კრაკოვში (იმ დროის პოლონეთის დედაქალაქი) და იქიდან მართავდა სახელმწიფოს და არა უნგრეთიდან. ამის განსახორციელებლად მარიასა და ელიზაბეტას შესთავაზეს მისი დაქორწინება რომელიმე უნგრელ დიდგვაროვანზე, რომელიც უნგრეთის მართვას თავის თავზე აიღებდა, სანამ მარია პოლონეთში იმეფებდა. მაგრამ ელიზაბეტას არ სურდა ამის გაკეთება, რადგან იცოდა, რომ მის ქალიშვილს პოლონეთში არავინ უერთგულებდა.

1383 წლის 26 თებერვალს ქალაქ სიერადცში პოლონელ დელეგატებსა და ელიზაბეტას შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება. დედოფალმა პოლონელებს შესთავაზა თავისი უმცროსი ქალიშვილი იადვიგა, როგორ ლუის მემკვიდრე პოლონეთში. პოლონელები დასთანხმდნენ ამ წინადადებას და ელიზაბეტამაც იადვიგას კრაკოვში გასაგზავნად დაიწყო მზადება, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ სანამ შესაბამის ასაკს არ მიაღწევდა, იადვიგა უნგრეთში უნდა დარჩენილიყო. მან კიდევ სამი წელი იცხოვრა ბუდაში. კიდევ უფრო დიდხანსაც აპირებდა დარჩენას, მაგრამ პოლონეთი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო, რის შესაჩერებლადაც დიდგვაროვნებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მათი მონარქის კრაკოვში ჩასვლა. 28 მარტს იადვიგა კრაკოვში იყო, სადაც მას დახვდა მისი შორეული ნათესავი, მოსავიის ჰერცოგი სიემოვიტ IV, რომელმაც სიტუაციაში გაარკვია. თუმცა აღმოჩნდა, რომ სიემოვიტს სულ სხვა გეგმები სცადა. 16 ივნისს პოლონეთის სეიმზე მან საჯაროდ მოსთხოვა იადვიგას პოლონეთის გვირგვინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტახტიდან ჩამოგდებით დაემუქრა. ამაზე რეაგირება ელიზაბეტამ დაუყოვნებლივ მოახდინა და 12, 000 უნგრელი ჯარისკაცი გააგზავნა პოლონეთში, რომლებმაც ამოხოცეს მოსავიის ჰერცოგი და მისი მოკავშირეები. იადვიგა ტახტზე 1384 წლის 16 ოქტომბერს ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ ათი წლისა იყო და რეგენტი სჭირდებოდა, იგი რეგენტის გარეშე მართავდა პოლონეთს. ამის შემდეგ ელიზაბეტას იადვიგა აღარ უნახავს.

1385 წელს ელიზაბეტამ მიიღო ლიტველთა დელეგაცია, რომელიც ლიტვის დიდი მთავრის, იაგაილოსაგან იყო გამოგზავნილი, რომელსაც სურდა იადვიგაზე ექორწინა და პოლონეთ-ლიტვა გაეერთიანებინა. ელიზაბეტას მოეწონა ლიტველების წინადადება და დასთანხმდა, მაგრამ სიტუაციას ის ართულებდა, რომ იადვიგა უკვე დანიშნული იყო ავსტრიის ერცჰერცოგ ვილჰელმზე. უნგრელებმა ვილჰელმს დიდი კომპენსაცია გადაუხადეს და ყოველივე ამის შემდეგ ოფიციალურად გამოაცხადეს იადვიგასა და იაგაილოს ნიშნობა. 1386 წელს შედგა მათი ქორწინება, რითაც ჩამოყალიბდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, რაც მათმა შთამომავლებმა შემდგომში 1569 წელს ერთ სახელმწიფოდ გააერთიანეს და რეჩ-პოსპოლიტა უწოდეს.

მარიას გათხოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ მარია სიგიზმუნდზე დაინიშნებოდა, იგი დანიშნული იყო სიგიზმუნდის ძმა ვენეცელზე, რომელიც იყო გერმანიისა და ბოჰემიის მეფე. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ იგი უკვე თავად სიგიზმუნდზე დანიშნეს. ელიზაბეტა და მისი მრჩეველი გარაი სიგიზმუნდს დიდად არ ენდობოდნენ, ვინაიდან იგი ნეაპოლის მეფე კარლო III-თან ერთად აცხადებდა პრეტენზიას უნგრეთის ტახტზე და შეჭრითაც იმუქრებოდა თუ მარიას არ მიათხოვებდნენ. სწორედ ამიტომ, 1384 წლიდან ელიზაბეტამ ფარული მოლაპარაკებები დაიწყო მარიასა და საფრანგეთის მეფე შარლ V-ის უმცროსი ვაჟის, ორლეანის ჰერცოგ ლუი დე ვალუას ქორწინებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და პაპს გაუხარდა კიდევაც, როდესაც შეიტყო საფრანგეთსა და უნგრეთს შორის ასეთი კავშირის შესახებ. მან დალოცა ლუისა და მარიას ქორწინება, მაგრამ მალევე სიგიზმუნდის უნგრეთში შემოჭრის თავიდან ასაცილებლად ნიშნობა გააუქმეს და კვლავ სიგიზმუნდზე დანიშნეს. 1385 წელს ბუდაში შედგა მარიასა და სიგიზმუნდის მარიონეტული ქორწინება.

თუმცა ელიზაბეტა ჯერ კიდევ ფიქრობდა ქალიშვილის საფრანგეთში გათხოვებაზე. თუმცა უნგრეთი უკვე სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო და საფრანგეთში მყოფი მარია მის მართვას ვერაფრით შესძლებდა, ამიტომაც საბოლოოდ ელიზაბეტამ დაივიწყა ეს იდეა და სიგიზმუნდზე გადაერთო. სწორედ ამ დროს უნგრეთში ნეაპოლის მეფე კარლო III-ის დიდი ჯარები შეიჭრა. მას მალევე მიემხრნენ ზაგრების არქიეპისკოპოსი, ივან ჰორვატი და სხვა დიდგვაროვნები. ამის გამო ელიზაბეტამ სასწრაფოდ მიავლინა თავისი ელჩობა პარიზში და მეფე შარლს უნგრეთის გვირგვინსა და თავის ქალიშვილს ჰპირდებოდა, თუ იგი დაეხმარებოდა, რაზეც მან უარი მიიღო.

ყოველივე ამის შემდგომ, განწირულმა ელიზაბეტამ დახმარებისათვის სიგიზმუნდს მიმართა, რომელიც შემოდგომაზე უნგრეთში დამხმარე ჯარებით შევიდა. იგი სასტიკად დაამარცხა კარლომ, რის გამოც სიგიზმუნდს პრაღისათვის მოუწია თავის შეფარება.

ტახტის დაკარგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტა და მარია ლუის სამარხთან

სანამ კარლო უნგრეთში შეიჭრებოდა, კარგად მოემზადა. მან გადმოიბირა სრულიად უნგრული დიპლომატები და არისტოკრატები, აგრეთვე შეკრიბა უზარმაზარი არმია, რომელსაც ელიზაბეტას არმია წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. საბოლოოდ ელიზაბეტა და მარია იძულებულნი გახდნენ 1385 წლის 31 მარტს კარლოსათვის უნგრეთის ტახტი დაეთმოთ. მან ისინი აიძულა კიდევაც, რომ თავის მეფედ კურთხევას დასწრებოდნენ.

ელიზაბეტამ მთელი ძალაუფლება დაკარგა, რის გამოც ბუდას სამეფო კარზე ყოფინისას მან კარლოს მეგობრული ურთიერთობა გამოუცხადა, რითაც თავისა და ქალიშვილის გადარჩენა შესძლო. თუმცა ამავდროულად იგი კარლოს წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა, რომლის ჩავარდნის შემდეგაც ელიზაბეტა დაატუსაღეს და 1386 წლის 7 თებერვალს ვისეგარდის ციხესიმაგრეში გამოკეტეს.

გარდაცვალება და შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარაი იცავს ელიზაბეტასა და მარიას ამბოხებულთაგან

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bertényi, Iván (1989). Nagy Lajos király. Kossuth Könyvkiadó. ISBN 963-09-3388-8.
  • Creighton, Mandell (2011). A History of the Papacy During the Period of the Reformation. Cambridge University Press. ISBN 1-108-04106-X.
  • Duggan, Anne J. (2002). Queens and Queenship in Medieval Europe: Proceedings of a Conference Held at King's College London, April 1995. Boydell Press. ISBN 0-85115-881-1.
  • Engel, Pal (1999). Ayton, Andrew, ed. The realm of St. Stephen: a history of medieval Hungary, 895–1526 Volume 19 of International Library of Historical Studies. Penn State Press. ISBN 0-271-01758-9.
  • Radovi: Razdio filoloških znanosti. 9. Filozofski fakultet u Zadru. 1976.
  • Gaži, Stephen (1973). A History of Croatia. Philosophical Library.
  • Goodman, Anthony; Gillespie, James (2003). Richard II: The Art of Kingship. Oxford University Press. ISBN 0-19-926220-9.
  • Grierson, Philip; Travaini, Lucia (1998). Medieval European coinage: with a catalogue of the coins in the Fitzwilliam Museum, Cambridge, Volume 14. Cambridge University Press. ISBN 0-521-58231-8.
  • Gromada, Tadeusz; Halecki, Oskar (1991). Jadwiga of Anjou and the rise of East Central Europe. Social Science Monographs. ISBN 0-88033-206-9.
  • Instytut Historii (Polska Akademia Nauk) (2004). Acta Poloniae historica, Issues 89–90. Zakład Narodowy im. Ossolińskich.
  • Jansen, Sharon L. (2004). Anne of France : lessons for my daughter – Library of medieval women. DS Brewer. ISBN 1-84384-016-2.
  • Jasienica, Paweł (1978). Jagiellonian Poland. American Institute of Polish Culture. ISBN 978-1-881284-01-7.
  • Johnson, Ian Richard; Wogan-Browne, Jocelyn (1999). The idea of the vernacular: an anthology of Middle English literary theory, 1280–1520 Library of medieval women. Penn State Press. ISBN 0-271-01758-9.
  • Kellogg, Charlotte (1936). Jadwiga, Queen of Poland. Anderson House.
  • Lietuvos Istorijos institutas (Lietuvos Mokslų akademija) (1996). Lithuanian historical studies, Volume 1. The Institute.
  • McKitterick, Rosamond (2000). Jones, Michael, ed. The New Cambridge Medieval History: c. 1300–c. 1415. Cambridge University Press. ISBN 0-521-36290-3.
  • Kosáry, Domokos G.; Várdy, Steven Béla (1969). History of the Hungarian Nation. Danubian Press.
  • Maurice, Michael (1997). The Annals of Jan Długosz: An English Abridgement, Part 1480. IM Publications. ISBN 1-901019-00-4.
  • Parsons, John Carmi (1997). Medieval Queenship. Palgrave Macmillan. ISBN 0-312-17298-2.
  • Petricioli, Ivo (1996). Srednjovjekovnim graditeljima u spomen (in Croatian). Književni krug.
  • Przybyszewski, Bolesław (1997). Saint Jadwiga, Queen of Poland 1374–1399. Veritas Foundation Publication Centre. ISBN 0-948202-69-6.
  • Reddaway, William Fiddian (1950). The Cambridge history of Poland. Cambridge University Press.
  • Rożek, Michał (1987). Polskie koronacje i korony (in Polish). Krajowa Agencja Wydawnicza. ISBN 83-03-01913-9.
  • Rudzki, Edward (1990). Polskie królowe (in Polish). 1. Instytut Prasy i Wydawnictw "Novum".
  • Stewart, James (2006). Croatia. New Holland Publishers. ISBN 1-86011-319-2.
  • Šišić, Ferdo (1902). Vojvoda Hrvoje Vukc̆ić Hrvatinić i njegovo doba (1350–1416) (in Croatian). Zagreb: Matice hrvatske.
  • Van Antwerp Fine, John (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. University of Michigan Press. ISBN 0-472-08260-4.
  • Várdy, Steven Béla; Grosschmid, Géza; Domonkos, Leslie S. (1986). Louis the Great: King of Hungary and Poland. East European Monographs. ISBN 0-88033-087-2.
  • Varga, Domonkos (1982). Hungary in greatness and decline: the 14th and 15th centuries. Hungarian Cultural Foundation. ISBN 0-914648-11-X.