ოცდაათწლიანი ომი
ოცდაათწლიანი ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
კარლ ვალბომი გამოსახავს მეფე გუსტავ ადოლფის სიკვდილს 1632 წლის 16 ნოემბერს. | |||||
თარიღი | 1618 - 1648 | ||||
მდებარეობა | ევროპა, უმთავრესად დღევანდელი გერმანია | ||||
შედეგი | ვესტფალიის ზავი | ||||
მხარეები | |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ოცდაათწლიანი ომი ვიკისაწყობში |
ოცდაათწლიანი ომი (1618-1648) — 1555 წლის აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა ვერ მოუღო ბოლო კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაპირისპირებას გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში. კათოლიკეების თავგამოდებული მომხრე ავსტრიელი ჰაბსბურგების საიმპერატორო სახლი, ყოველნაირად ავიწროებდა ჩეხ ჰუსიტებს. 1618 წელს ჩეხები იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ასე დაიწყო ოცდაათწლიანი ომი. იმპერატორმა ფერდინანდ II-მ ჩეხები დაამარცხა და მათ სასტიკად გაუსწორდა. იმპერატორის ხელისუფლებამ დაიწყო უმკაცრესი ღონისძიების გატარება ჩეხეთის გაგერმანელებისა და გაკათოლიკებისთვის. გერმანელ პროტესტანტ მთავრებს შეეშინდათ, რომ იმპერატორი მათ სამფლობელოებშიც შეეცდებოდა კათოლიკობის აღდგენას. გაჩაღდა დაუნდობელი ომი გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორს შორის. იმპერიაში დაწყებული არეულობით ისარგებლეს მეზობელმა ქვეყნებმა და ჩაერივნენ გერმანიის შინააშლილობაში. პროტესტანტული შვედეთისა და კათოლიკური საფრანგეთის ჯარებმა ააოხრეს გერმანია. ოცდაათწლიანი ომი დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით. ამ ზავით, გაჩანაგებული და დარბეული გერმანიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა შვედეთისა და საფრანგეთის ხელში, გერმანელი მთავრები კი ავსტრიის იმპერატორისაგან დამოუკიდებელი თვითმპყრობელები გახდნენ. გერმანული ერის საღვთო რომის იმპერია დანაწევრდა 1500-მდე სარაინდო მამულად და დაახლოებით იმდენივე სახელმწიფოდ რამდენი დღეც არის წელიწადში.
ჰაბსბურგების საიმპერატორო სახლის ხელისუფლება გერმანული ერის საღვთო რომის იმპერიაზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ომის მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოცდაათწლიანი ომის მიზეზები ბევრად ადრე გაჩნდა. 1438 წელს საღვთო რომის იმპერიის სათავეში მოვიდა ჰაბსბურგების დინასტია. ისინი მიზნად ისახავდნენ გერმანიის იმპერიის გაძლიერებას და ამას კათოლიციზმის გაძლიერებაში ხედავდნენ. ამ დროს ევროპაში უკვე ვრცელდებოდა პროტესტანტული მიმდინარეობები. საღვთო რომის იმპერია ასობით პატარა სამთავროს ნაკრებს წარმოადგენდა, რომელთა უმრავლესობას პროტესტანტები წარმოადგენდნენ. პროტესტანტული რელიგია გერმანიიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ამის აღმოსაფხვრელად რომის პაპმა 1540 წელს დაამტკიცა იეზუიტ ბერთა ორდენი. მათ ავსტრიაში შედეგს მიაღწიეს და მოსახლეობის უმრავლესობა ისევ კათოლიციზმზე მოაქციეს.
ამ პერიოდში დაიწყო საფრანგეთში რელიგიური ომები. ჰუგენოტებს (ფრანგ კალვინისტებს) ინგლისი და პროტესტანტული გერმანული სამთავროები უჭერდნენ მხარს. ბოლოს, 1589 წელს საფრანგეთის მეფე ანრი III-მ ანრი IV ბურბონი საფრანგეთის მეფედ აღიარა. ამით საფრანგეთი და ნავარა გაერთიანდა. საფრანგეთის სათავეში ჰუგენოტები მოვიდნენ.
საღვთო რომის იმპერიის ძალაუფლება იზრდებოდა. კარლ V-ის დროს ჰაბსბურგები ფლობდნენ ესპანეთს, იტალიას, სილეზიას, ნიდერლანდებს, ავსტრიას, მთელ დღევანდელ გერმანიას, უნგრეთის ნაწილს, ბოჰემიას და ესპანეთის ამერიკულ კოლონიებს. 1556 წელს, კარლ V-ის გადადგომის შემდეგ იმპერია ორად გაიყო. ფილიპემ მიიღო ესპანეთი მისი კოლონიებით, ნიდერლანდები და იტალია, მაგრამ ნიდერლანდებში დაწყებული აჯანყების შეჩერება ვერ შეძლო და იქ ახალი სახელმწიფო, ჰოლანდია ჩამოყალიბდა.
იეზუიტებმა ახლა ჩეხეთში გადაწყვიტეს პროტესტანტიზმის აღმოფხვრა. გერმანელმა მთავრება იგრძნეს მოახლოებული საფრთხე და 1608 წელს შექმნეს პროტესტანტული (ევანგელური) უნია. მათ მხარს უჭერდნენ ინგლისი და საფრანგეთი. ამის საპასუხოდ 1609 წელს ჩამოყალიბდა ჰაბსბურგების მეშვეობით კათოლიკური ლიგა. ანტიჰაბსბურგული კოალიციის მეთაური იყო ანრი IV ბურბონი, რომელმაც საერთოევროპული ომისთვის მზადება დაამთავრა. ამას ჰაბსბურგები უნდა გაენადგურებინა, მაგრამ 1610 წელს იგი მოკლეს და ომის საფრთხე დროებით გაქრა.
1618 წელს ჩეხ პროტესტანთა ჯგუფი შეიჭრა პრაღის სეიმის შენობაში და იმპერატორის მაცნეებს პასუხი მოსთხოვეს რელიგიურ დევნაზე, შემდეგ კი ფანჯრიდან გადაყარეს. ეს გადაიზარდა აჯანყებაში. აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს არმია, მთავრობა, აკრიფეს გადასახადები. ასე დაიწყო ოცდაათწლიანი ომი.
ომის ეტაპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომი ოთხ ეტაპად იყოფა. ჩეხურ–პფალცურ (1618–1623), დანიურ (1624–1629), შვედურ (1630–1634) და შვედურ–ფრანგულ (1635–1648). ჩეხებმა ბოჰემიის მეფედ აირჩიეს ფრიდრიხ V პფალცელი, პროტესტანტული უნიის მეთაური. ომის დრო ცუდად შეირჩა. არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ ეცალა ამ ომისთვის. გადამწყვეტი ბრძოლა თეთრ მთასთან გაიმართა. იმპერიის ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს და ფრიდრიხს პფალცის საგრაფოდან წასვლა მოუწია. იმპერატორმა აკრძალა კათოლიციზმის გარდა სხვა ნებისმიერი სარწმუნოება.
დანიური ომი. ჰაბსურგების ძალაუფლების ზრდით შეშფოთებული იყო საფრანგეთი. ის და ინგლისი დიდძალ თანხას აძლევდნენ მის მეფეს ქრისტიან IV–ს ომის საწარმოებლად. ასევე ლუი XIII–ის თაოსნობით ჩამოყალიბდა ანტიჰაბსბურგული კოალიცია, რომელშიც ინგლისი, შვედეთი და ჰოლანდიაც შევიდნენ. იმპერიის ძალებმა დანიელები ყველგან დაამარცხეს და აიძულეს, აღარ ჩარეულიყო გერმანიის საქმეებში. ეს ეტაპიც იმპერიამ მოიგო.
შვედური ომი. მიმდინარე მოვლენები აშფოთებდა შვედებსა და საფრანგეთს. მისმა პირველმა მინისტრმა, კარდინალმა რიშელიემ გადაწყვიტა დიდძალი თანხა მიეცა გუსტავ–ადოლფისთვის,რაზეც შვედეთი დათანხმდა. ასევე რიშელიემ შეძლო პოლონეთსა და შვედეთს შორის ზავის გაფორმება. ამან შვედებს ხელ–ფეხი გაუხსნა. გუსტავ–ადლოფს ბალტიის ზღვაზე კონტროლის მოპოვება და მასთან მდებარე გერმანული მიწების დაუფლება სურდა. რიშელიეს კი საფრანგეთის ისტორიული საზღვრების დაბრუნება. იმპერიის ჯარები გუსტავმა თითქმის ყველა ბრძოლაში დაამარცხა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1632 წელს. შვედბმა გაიმარჯვეს, მაგრამ გუსტავ ადოლფი ბრძოლაში დაიღუპა, რამაც ომის შედეგზე იმოქმედა. გერმანელებმა შვედები 1634 წელს ნორდილნგენთან დაამარცხეს და პროტესტანტული სამთავროების ანექსია დაიწყეს. 1635 წელს გაფორმდა ზავი საქსონიაში. ეს ეტაპიც იმპერიამ მოიგო.
შვედურ–ფრანგული ომი. ამ ვითარებაში საფრანგეთმა ომში უშუალოდ ჩაბმა გადაწყვიტა და შვედეთთან კავშირი განაახლა. ამ კავშირს ვენეციის რესპუბლიკა, სავოიის საჰერცოგო და ჰოლანდია შეუერთდა. საფრანგეთს თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ხელთ იგდო უპირატესობა. გააქტიურდნენ შვედებიც, რომელთაცც ახალი მთავარსარდალი, ლენარტ ტორსტენსონი ედგა სათავეში. 1642 წელს გარდაიცვალა რიშელიე, მაგრამ კარდინალმა ჯულიო მაზარინიმ მისი პოლიტიკა განაგრძო. მათ ესპანეთსა და იმპერიას მარცხი მიაყენეს. საფრთხე თვით იმპერიის მიწებს დაემუქრა და ამიტომ იმპერატორმა ზავზე დაიწყო ფიქრი. 1648 წელს დაიდო ვესტფალიის ზავი. შვედეთი ბალტიის ზღვაზე გაბატონდა. საფრანგეთმა მიიღო ელზასი და ლოთარინგია სტრასბურგის გარეშე. გერმანია ასობით სამეფო–სამთავროებად დაიყო. საფრანგეთი ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა, რაც დაკანონდა 1659 წლის პირენეის ზავით, რომლითაც საფრანგეთმა ესპანეთი დაამარცხა და ახლი ტერიტორიები შემოირთა.
ომის შედეგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომმა საშინელი შედეგი მოუტანა ევროპას. იმის მიუხედავად, მტერი მოდიოდა თუ მოყვარე, ქალაქები და სოფლები ოხრდებოდა. განსაკუთრებით დაზარალდა გერმანია. დაეცა ეკონომიკა და განახევრდა მოსახლეობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Thirty Years' War - ჩეხეთის რესპუბლიკა დაარქივებული 2008-05-04 საიტზე Wayback Machine.
- Thirty Years' War - LoveToKnow 1911
- The Thirty Years War - კათოლიკური ენციკლოპედია
- The Thirty Years War
- ოცდაათწლიანი ომის ქრონოლოგია
- Project "Peace of Westphalia" (among others with Essay Volumes of the 26th Exhibition of the Council of Europe "1648: War and Peace in Europe", 1998/99) დაარქივებული 2020-05-30 საიტზე Wayback Machine.
- History of the Thirty Years' War - ფრიდრიხ შილერი, Project Gutenberg
- ოცდაათწლიანი ომი დაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wilson, P. (2009). Europe's Tragedy: A History of the Thirty Years War. Penguin, გვ. 4. ISBN 978-0-7139-9592-3.
|