გიორგი ახვლედიანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია აკადემიკოსს ეხება. მწერლის შესახებ იხილეთ აკა მორჩილაძე.
გიორგი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:

13 აპრილი, 1887

დაბადების ადგილი:

დერჩი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

გარდაცვალების თარიღი:

7 ივლისი, 1973

გარდაცვალების ადგილი:

თბილისი

სამეცნიერო სფერო:

ენათმეცნიერება

გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი (დ. 13 აპრილი, 1887, სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1973, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას "ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სვალურ ენებში" ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები ("ენათმეცნიერების შესავალი", 1918-1919; "სანსკრიტი", 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.

ახვლედიანმა ი. ყიფშიძესთან და ა. შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება". ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკაში, ოსოლოგიაში.

მისი ნაშრომები "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები" (ტ. 1, 1938), "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები" (1949), "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების - ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.

ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან "ავესტა" (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს ("ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო", 1914).

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში" (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

[რედაქტირება] ტრივია

  • თბილისის 130-ე საშუალო სკოლა გიორგი ახვლედიანის სახელს ატარებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • თბილისის უნივერსიტეტი - გიორგი ახვლედიანს (საიუბილეო კრ., მიძღვნილი გიორგი ახვლედიანის დაბადების 80 წლისთავისადმი), თბ., 1969;
  • ძიძიგური შ., გიორგი ახვლედიანი, თბ., 1967;
  • Жгенти С. М., Георгий Сариданович Ахвледиани (к 70-летию со дня рождения), «Фонетический сборник», 1959, т. 1;
  • ძიძიგური შ., ქსე, ტ. 2, გვ. 104


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე