აკაკი შანიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი შანიძე
დაბ. თარიღი 14 თებერვალი/26 თებერვალი, 1887 წელი
დაბ. ადგილი სოფელი ნოღა, თან. სამტრედიის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 29 მარტი, 1987 წელი
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
სამეცნიერო სფერო ქართული ენა
ჯილდოები 3 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ხალხთა მეგობრობის ორდენებითა და მედლებით.

აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 14 თებერვალი/26 თებერვალი, 1887, სოფ. ნოღა, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, იქვე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე (1918-1930), ქართული ენის კათედრის გამგე (1919-1945), ძველი ქართული ენის კათედრის გამგე (1945-იდან). ი. ყიფშიძესთან და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს.

აკაკი შანიძის ნაშრომები შეეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ქართული ტექსტოლოგიის, ქართული ეპიგრაფიკის, ქართული ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. მისმა მონოგრაფიამ „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობოექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“ (1920) საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. ამას მოჰყვა გამოკვლევები, რომლებშიც გამოვლენილი და დადგენილია ზმნის რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი კატეგორია, გამოკვლეულია ზოგი საკვანძო საკითხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომები „წელიწადის ეტიმოლოგიისათვის“ (1924), „ქართული ზმნის საქცევი“ (1927) და სხვა. ფონეტიკურ და მორფოლოგიურ დარგებში შანიძის ადრეული ძიებები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული გრამატიკა, I. მორფოლოგია“ (1930), რომელიც წარმოადგენს ახალი ქართული ენის პირველ მეცნიერულ გრამატიკას. მან დიდი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართული მყარი საფუძვლის შექმნისა და შემდგომი კვლევის საქმეში. წიგნმა მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ევროპაში ქართული ენის კვლევა-ძიების გაცხოველებას. მისი არსებითად შევსებულ-გადამუშავებული გამოცემა „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია“ (1953) სრულად ასახავს ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკის (მორფოლოგია) აღნაგობას, ფართოდ წარმოადგენს ქართული ენის სტრუქტურულ თავისებურებებს. ახალი კატეგორიების დადგენასთან ერთად შანიძემ შემოიღო მთელი რიგი ახალი გრამატიკული ტერმინები, რომლებიც დამკვიდრდნენ საერთოდ გრამატიკულ ლიტერატურაში. აკაკი შანიძემ ამაგი დასდო აგრეთვე სხვა ქართველური ენების კვლევა-ძიებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომი „უმლაუტი სვანურში“ (1925) და სვანური მეტყველების ტექსტების პუბლიკაცია.

აკაკი შანიძე (მარცხნივ) გერმანელ ქართველოლოგ ჰაინც ფენრიხთან ერთად (1981 წ.)

აკაკი შანიძემ ახალ ნიადაგზე დააფუძნა ძველი ქართული ენის წერილობითი ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური პუბლიკაციის საქმე. სხვადასხვა დროს დააარსა გამოცემათა სერიები და გამოაქვეყნა კრიტიკულად დადგენილი და ფართო მეცნიერული აპარატით აღჭურვილი ტექსტები, ძველი ქართული ენის პირველხარისხოვანი ძეგლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. დიდია შანიძის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენაში, რუსთაველის პოემის ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევაძიებაში. აკაკი შანიძის გამოკვლევები ქართული დიალექტების (უმთავრესად ე. წ. მთის კილოების) შესწავლის დარგში ახალი ეტაპია ქართულ დიალექტოლოგიაში. მისმა კაპიტალურმა წიგნმა „ქართული ხალხური პოეზია. I ხევსურული“ (1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.

აკაკი შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის ალბანოლოგიის (აწ გადაშენებული კავკასიური წარმოშობის ხალხის — ალბანელების — ენისა და დამწერლობის შესწავლა) დაფუძნება.

1939 წლიდან საშუალო სკოლებში ისწავლება შანიძის შედგენილი „ქართული ენის გრამატიკა“. შანიძე ინტენსიურად იკვლევს სალიტერატურო ქართულის პრაქტიკულ საკითხებს. წლების მანძილზე იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სამეცნიერო კადრების აღზრდაშიც. საქართველოს სსრ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ხალხთა მეგობრობის ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ორიონი. აკაკი შანიძეს. საიუბილეო კრებული, მიძღვნილი დაბადების 80 წლისთავისადმი, თბილისი, 1967;
  • აკაკი შანიძეს. კრებული, მიძღვნილი დაბადების 95 წლისთავისადმი, თბილისი, 1981;
  • ძიძიგური შ., აკაკი შანიძე, თბ., 1977 (რუს. ენაზე — 1977);
  • აკაკი შანიძე. ბიბლიოგრაფია, თბ., 1977;
  • ძიძიგური შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 682-683, თბ., 1986 წელი.