იოსებ გრიშაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ioseb Grishashvili.jpg

იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი (ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი მამულაშვილი)(დ. 12 აპრილი/24 აპრილი, 1889, თბილისი ― გ. 3 აგვისტო, 1965, იქვე), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს.

შემოქმედება[რედაქტირება]

გრიშაშვილის ლექსთა პირველ კრებულებში ("ვარდის კონა", 1906; "ფანტაზია", 1907) უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებებია წარმოსახული, თუმცა სოციალური პრობლემებისადმი ცხოველი ინტერესიც შეიმჩნევა ("ტუსაღის სიმღერა", 1906; "ბრძოლა", 1907; "დაჰბერე ქარო!", 1907). ლექსთა მომდევნო კრებულებში (1909, 1914, ტ.1) საბოლოოდ გამოიკვეთა პოეტის შემოქმედების პირველი პერიოდის (1905-1920) ძირითადი, ინტიმურ-სატრფიალო მოტივი. გრიშაშვილისთვის სიყვარული ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადების უშრეტი წყაროა ("მაჯამა", 1907; "ლერწამი ხარ!...", 1911; "რა კარგი ხარ, რა კარგი!", "ხელთათმანის ღილი", 1914). თხზულებათა II ტომმა (1922) ერთგვარი ზღვარი დაუდო გრიშაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს.

მეორე პერიოდში (1920-1965), როცა გრიშაშვილის ლირიკაში მთავარი ადგილი დაიჭირა მოქალაქეობრივმა მოტივებმა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო მოტივმაც (ციკლი "მხოლოდ სიყვარული", 1922-1960). ლექსებით "გამოთხოვება ძველ თბილისთან" (1925), "ლამპების საუბარი" (1927), "საუბარი ასოთამწყობთან" (1929) და სხვა.

გრიშაშვილი საბოლოოდ დაუახლოვდა საბჭოთა სინამდვილეს და თავის პოეზიაში თავისუფალი შრომის პათოსი და ახალი დროის რომანტიკა დაამკვიდრა ("ერთი დღე სოფელში", 1934; "ნარინჯიანო", 1937; "სამშობლოსადმი", 1938; "ჯილდო", 1944; "სამგორი", 1951 და სხვა). სამშობლოს სიყვარული გრიშაშვილის პოეზიაში ორგანულად ერწყმის თბილისის თემას. თბილისის ისტორია, ქალაქური ყოფის კოლორიტული სურათები, მამაცი, ალალი, გულუხვი თბილისელები, ქალაქის გუშინდელი თუ დღევანდელი დღე, მისი მომავლის პერსპექტივა წარმოგვიდგება გრიშაშვილის ლექსებში: "ტრიოლეტები შეითანბაზარში", 1918; "აშპაშხანისკენ", 1920; "გრიგოლ ორბელიანი კომკავშირის ხეივანში", 1939; "ჩემი თბილისი", 1955 და ა.შ. საბჭოთა პატრიოტიზმი ვლინდება დიდი სამამულო ომის დროინდელი ლექსებში: "ორი სიტყვა", 1941; "მეისტორიევ, წიგნი დახურე", 1941; "ბალადა ხელმანდილზე", 1942 და სხვა. 1950 პოეტს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა ლექსთა ერთტომეულისათვის (1949).

გრიშაშვილი XX საუკუნის ქართული ვერსიფიკაციის ერთ-ერთი რეფორმატორია; მისი ლექსების ორიგინალური რიტმი და რითმა, შთამბეჭდავი პოეტური ტროპები, ოსტატური ბგერწერა ზედმიწევნით გამოხატავს პოეტის იდეურ ჩანაფიქრს. გრიშაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული საბჭოთა საბავშვო ლიტერატურის განვითარებას (ციკლი "თქვენთვის, ჩემო პატარებო", 1923-1960).

გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927), ნაშრომები ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, მ.ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ხინთიბიძე ა., იოსებ გრიშაშვილი, თბ., 1956;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 3, თბ., 1959;
  • მერკვილაძე გ., ქსე, ტ. 3, გვ. 276, თბ., 1978


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]