კორნელი კეკელიძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორნელი სამსონის ძე კეკელიძე
კორნელი კეკელიძე.jpg
კორნელი კეკელიძის ერთ-ერთი ბოლო ფოტოსურათი
დაბადების თარიღი:

18 აპრილი/30 აპრილი, 1879

დაბადების ადგილი:

ტობანიერი, ვანის რაიონი

გარდაცვალების თარიღი:

7 ივნისი, 1962

გარდაცვალების ადგილი:

თბილისი

სამეცნიერო სფერო:

ფილოლოგია და ლიტერატურათმცოდნეობა

სამუშაოს ადგილი :

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი

ალმა-მატერი:

თბილისის სასულიერო სემინარია

ჯილდოები და პრემიები:

ლენინის ორდენით და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის თბილისის 29-ე საჯარო სკოლა

კორნელი სამსონის ძე კეკელიძე (დ. 18 აპრილი, 30 აპრილი, 1879 წელი, სოფ. ტობანიერი, ვანის რაიონი ― გ. 7 ივნისი, 1962 წელი, თბილისი), ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941 წლიდან), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943 წლიდან).[1]

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 19051906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კორნელი კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას.1919-1925 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო 19261930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 19211930 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 19331936 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 19421949 წლებში განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927 და 1929 წლებში).[1]

კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ 1905 წელს ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 წელშ გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908 წელს) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.[1]

19051912 წლებში თანამშრომლობდა კიევის სასულიერო აკადემისთან, 19121917 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, 1912 წელი, მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“, რუსულ ენაზე, 1912 წელი) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905 წელს) და სვანეთში (1911 წელს) დაცული ქართული ხელნაწერები. 19481954 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 წელს — ნ. ციციშვილის „შვიდი მთიები“, 1935 წელს — იოანე საბანის ძის „აბო თბილელის წამება“ და ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, 1936 და 1948 წლებში — იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი ა. ბარამიძე), 1938 წელს — „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ა. ბარამიძე და პ. ინგოროყვა), 1941 წელს — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი“ და სხვა.[1]

კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (19231960 წლებში ოთხჯერ გამოიცა). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, 1938 წელს). 1955 წელს იტალიის დედაქალაქ რომში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მიხეილ თარხნიშვილისა და იულიუს ასფალგის მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.[1]

კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.[1]

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბარამიძე ა., ჩვენი დიდი მეცნიერი, თბ., 1979;
  • დიდი ქართველი მეცნიერი აკად. კორნელი კეკელიძე. კრებულიშეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ს. ყუბანეიშვილმა, თბ., 1965;
  • კორნელი კეკელიძეს დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად. კრებული, თბ., 1959;
  • კორნელი კეკელიძის პირადი არქივის აღწერილობა, შეადგინა რ. კავილაძემ, თბ., 1979;
  • კორნელი კეკელიძე (1879—1962). ბიბლიოგრაფია, შემდგ. ს. ყუბანეიშვილი, ე. დოლიძე, თბ., 1979;
  • Rapp, Stephen H. (2003 წელი), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, გვ. 16.
  • Mikaberidze, Alexander (ed., 2007 წელი), Kekelidze, Korneli. Dictionary of Georgian National Biography. 26 მაისი 2007 წელი.
  • ბარამიძე ა., ქსე, ტ. 5, გვ. 461, თბ., 1980

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ბარამიძე ა., ქსე, ტ. 5, გვ. 461, თბ., 1980 წელი

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე