ნოდარ ცინცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოდარ ცინცაძე
დაბ. თარიღი 22 თებერვალი, 1930(1930-02-22)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 22 ივნისი, 2020(2020-06-22) (90 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი და International Centre for Theoretical Physics
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ხარკოვის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ნოდარ ცინცაძე (დ. 22 თებერვალი, 1930, თბილისი — გ. 22 ივნისი, 2020,[1] იქვე) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ჰიროსიმის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1930 წლის 22 თებერვალს, თბილისში. აქვე დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა, ოქროს მედლით. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ნოდარ ცინცაძე ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში აკადემიკოს ილია ახიეზერის ჯგუფში. 1958 წელს დაიცვა დისერტაცია, საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო - „Сильноточные электронные пучки“.

დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მაგრამ იმავე 1958 წელს, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, დაბრუნდა საქართველოში და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფს. მისი პირველი მოწაფეები იყვნენ: ავთანდილ პატარაია და ჯუმბერ ლომინაძე.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოდარ ცინცაძე 1958–1960 წლებში ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო. 1960–2006 წლებში ის იყო პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი. 1964 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме“.

1960 წლიდან ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1960–1967 წლებში ნოდარ ცინცაძე იყო ფიზიკის ფაკულტეტის, თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი.

1965–1993 და 1994-2006 წლებში ნოდარ ცინცაძე იყო თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე იყო. 2010 წლიდან იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 2006-2010 წლებში ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაზმის ფიზიკის მიმართულების სრული პროფესორი.

ჯუმბერ ლომინაძე, ნოდარ ცინცაძე, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ალბერტ თავხელიძე და დევი ღარიბაშვილი

1988 გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, 2001 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

მეცნიერი წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში, როგორც მიწვეული პროფესორი. იგი ლექციებს კითხულობდა ამერიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის: კოლუმბიის, კორნელისა და ბერკლის უნივერსიტეტებში. ნოდარ ცინცაძე 1974-2002 წლებში მოღვაწეობდა პორტუგალიასა და შვედეთში, კერძოდ გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტებში. მეცნიერი არის ხიროსიმის (იაპონია) სინთეზის თეორიის ინსტიტუტის საპატიო წევრი.

ნოდარ ცინცაძე 1987-1993 იყო აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP) დირექტორი (ტრიესტი). სწორედ იქ ჩააკითხა ირანის მინისტრმა და მიიპატიჟა თავის სამშობლოში პლაზმის ფიზიკის სკოლის შესაქმნელად.

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა უმეტესობა ფართოდ არის ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის, მათ შორის საინტერესოა ორი მონოგრაფია: „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“ (1989) [2] და „10th European School on Plasma Physics“ (1990)[3]

პლაზმის ფიზიკა პაკისტანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეირანის მათემატიკისა და ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში ნოდარ ცინცაძემ შვიდი მეცნიერი აღზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ირანში საერთოდ არ იყო პლაზმის მეცნიერება. სწორედ იგივე მდგომარეობა იყო პაკისტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნობელიანტი ფიზიკოსი მოჰამედ აბდუს სალამი წარმოშობით პაკისტანიდან იყო, მის სამშობლოში პლაზმური ფიზიკის სკოლის ფუძემდემდებლად, სწორედ ქართველი მეცნიერი ნოდარ ცინცაძე მოგვევლინა.

აბდუს სალამი - ნობელიანტი ფიზიკოსი

2004-2011 წლებში ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში (პაკისტანი), სადაც მისი ხელმძღვანელობით ექვსი მეცნიერი აღიზარდა.

ინოვატორი მეცნიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდია აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების საქმეში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნოდარ ცინცაძე იყო პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მეცნიერის მიერ პირველად იყო შემუშავებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც სწორედ საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას. ნოდარ ცინცაძეს აგრეთვე ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც. მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება კი, ინტენსიურად გამოიყენება დღეს საქართველოშიც და საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას. 1970 წელს პროფესორ ნოდარ ცინცაძის მიერ შეიქმნა „ელექტრონების მასის რელატივისტური ოსცილაციით (რხევით) გამოწვეული პარამეტრული მოვლენების თეორია“. ეს შრომა მოხსენიებული იქნა საერთაშორისო კონფერენციაზე [4].

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აგრეთვე ქართული მეცნიერების საერთაშორისო არენაზე ღირსეულად წარმოჩენისათვის, აქტიური პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, ნოდარ ცინცაძეს გადაეცა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – ბრწყინვალების ორდენი [5].

სამეცნიერო ინტერესის სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია;
  • პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია;
  • ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე;
  • კვანტური ფერმი;
  • ბოზეს გაზის თვისებების დადგენა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოდარ ცინცაძე გარდაიცვალა თბილისში, 2020 წლის 22 ივნისს, 90 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საინტერესო ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციები და ასოციაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, პროფესორი ნოდარ ცინცაძე. imedinews.ge (22 ივნისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-27. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2020.
  2. Цинцадзе Н. „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“, Тбилиси, Мецниереба, 1989.
  3. Tsintsadze N. „10th European School on Plasma Physics“, Tbilisi, September 2-15, 1990
  4. Tsintsadze L. JETP 32,684 (1971). `IV European Conf. on Cont Fusion and Plasma Phys. Rome, Italy 1970
  5. მეცნიერი ნოდარ ცინცაძე თამარ სანიკიძემ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-03. ციტირების თარიღი: 2021-10-03.
  6. „მოშინაურებული მზე“.
  7. საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე თსუ-ს საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.