კონსტანტინე გამსახურდია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდია
დაბ. თარიღი 3/15 მაისი, 1893
დაბ. ადგილი ძველი აბაშა
გარდ. თარიღი 17 ივლისი, 1975
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
ჟანრი ისტორიული რომანი
მიმდინარეობა ექსპრესიონიზმი
Magnum opus დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა (1939)

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი) — ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა ხოლმე.

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.

1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. 2008 წლის 5 მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

შემოქმედება[რედაქტირება]

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914 წელს დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჟურნალებს: „ილიონი“, „ლომისი“, „საქართველოს სამრეკლო“. ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“, 1924) თავი იჩინა გამსახურდიას ექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამ. ამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობა, რომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეა. ფსიქოლოგიზმი შენაცვლებულია ანტიფსიქოლოგიზმით. „ზარები გრიგალში“ (1924) რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზია: საკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქცია, ზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. სოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში („ქოსა გახუ“, 1927-1929; „ტაბუ“, 1925-1927; „ხოგაის მინდია“, 1937). ნოველაში „მკვდართან შეხვედრა“ (1919) ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანის, პიროვნების გაუცხოების საკითხი. პიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებით. ადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიან. ისინი ვერ შველიან ერთმანეთს. მკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება „პორცელანი“, „ლილ“ (1922), „ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს „ფოტოგრაფი“ (1919), „ტაბუ“, „მშვენიერება“.

ეროვნული სულისკვეთება, მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაც, „დიონისოს ღიმილი“ (1925). კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX ს. 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალისა, რომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარა, არამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდა. მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. „დიონისოს ღიმილი“ ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია. თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი – ტრილოგიის, „მთვარის მოტაცების“ (1935-1936) მთავარი გმირი. ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებთად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრეს კოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი არისტოკრატიის პრობლემას; ინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთან. თარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაება) მოტაცებას შეუდარა; ამასთან, გაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო.

გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან. რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.

რომანში „ვაზის ყვავილობა“ (1955) გამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემას. მასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა.

გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“ ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII საუკუნეების აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში.

გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – „გოეტეს ცხოვრების რომანი“ (1934). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველ, რუს, სომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, უოლტ უიტმენის ლექსები და სხვ.

სტილი[რედაქტირება]

თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ ნიღაბს სიძველის კოლორიტის, განცდის შესაქმნელად. ასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნია, არამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპად. თუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სოსო სიგუა, „მარტვილი და ალამდარი“, ტ. 1

სქოლიო[რედაქტირება]