დიმიტრი უზნაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე (დ. 2 დეკემბერი, 1886, სოფელი ქვედა საქარა, ამჟამად ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1950, თბილისი), ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1904 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1909 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია). ეს ნაშრომი ეძღვნებოდა ვ.სოლოვიოვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და წარმოადგენდა ამ საკითხზე დაცულ პირველ სადისერტაციო ნაშრომს. 1913 წელს უზნაძემ ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის (უკრაინა) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით.

1909-1918 წლებში უზნაძე მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. 1917-1918 წლებში იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილთან და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად აფუძნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 1918-1950 წლებში იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე იყ. 1935 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე. დღეს ეს ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, მის სახელს ატარებს. 1933-1942 წლებში უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.

უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი "განწყობის თეორია", რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია" (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966). ამ მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა 1923 წელს, როდესაც თსუ-ის პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში "ჩვენი მეცნიერება" (N 1) გამოქვეყნდა დ. უზნაძის სტატია. ჯერ კიდევ 1939 წელს სკანდინავიაში გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში "Acta Psychologica" გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში. ამდენად, დღეს დიმიტრი უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა, უზნაძე ითვლება ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ 1912 წელს მან გამოსცა "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი", რითაც სათავე დაუდო ჩვენში ამ მიმართულებას.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო საქართველოს სოციალ-ფერედალისტთა პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, 1917-1919 წლებში კი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, მან ხელი მოაწერა "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს".

დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წელს, 63 წლის ასაკში. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.

უზნაძის მიდგომები თამაშსა და სწავლაზე[რედაქტირება]

დ. უზნაძე თავისი თეორიის ფარგლებში აშუქებს ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას. უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს. ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძის განმარტებით ფუნქციონალური ტენდენცია ჰქვია.

დ. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა.

მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრის ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არანაირი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ, მოზარდი ზოგჯერ მარტოც მიმართავს საკუთარი მოტორული აპარატის ამოქმედებას. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს სულ უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.

ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი “ფიზიკური თამაშის” გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.

დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების (“ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.

სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების (“ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, “ახსნა.” “ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.” ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის “ძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.

ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]