ლუიზა ულრიკა პრუსიელი
ლუიზა ულრიკა პრუსიელი | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 მარტი, 1751 |
მმართ. დასასრული: | 12 თებერვალი, 1771 |
წინამორბედი: | ულრიკა ელეონორა შვედი |
მემკვიდრე: | სოფია მაგდალენა დანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ივლისი, 1720 |
დაბ. ადგილი: | ბერლინი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 16 ივლისი, 1782, (61 წლის) |
გარდ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
მეუღლე: |
ადოლფ ფრედრიკი, შვედეთის მეფე (ქ. 1744 - გარდ. 1771) |
შვილები: |
გუსტავ III, შვედეთის მეფე კარლ XIII, შვედეთის მეფე ფრედრიკი, ოსტერგოტლანდის ჰერცოგი სოფია, კედლინბურგის აბატისა |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | ფრიდრიხ ვილჰელმ I, პრუსიის მეფე |
დედა: | სოფია დოროთეა ჰანოვერელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ლუიზა ულრიკა პრუსიელი (გერმ. Luise Ulrike von Preußen, შვედ. Lovisa Ulrika av Preussen; დ. 24 ივლისი, 1720, ბერლინი, პრუსიის სამეფო — გ. 16 ივლისი, 1782, სტოკჰოლმი, შვედეთის სამეფო) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის ასული. შვედეთის დედოფალი 1751-1771 წლებში როგორც მეფე ადოლფ ფრედრიკის მეუღლე. შვედეთის ორი მეფის: გუსტავ III-ისა და კარლ XIII-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზა ულრიკა დაიბადა 1720 წლის 24 ივლისს ბერლინში. იგი იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია დოროთეა ჰანოვერელის ქალიშვილი. დედის მხრიდან მისი ბაბუა იყო ჰანოვერის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ I.
1744 წლის 17 ივლისს, ბერლინში შედგა ლუიზა ულრიკასა და შვედეთის ტახტის მემკვიდრის, პრინც ადოლფ ფრედრიკ ჰოლშტაინ-გოტორპელის ქორწინება. ქორწილი მეორედ გადაიხადეს 1744 წლის 29 აგვისტოს შვედეთშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მეუღლე შვედეთის ტახტის მემკვიდრე მხოლოდ რუსეთის იმპერიის გავლენით გახდა და არა მემკვიდრეობით.
ახალგაზრდა პრინცესა მალევე ჩაება შვედეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავისი ძმის, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის მსგავსად ლუიზა ულრიკაც ფრანგული კულტურის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რის გამოც მან შვედეთის სამეფო კარზე შეიტანა ფრანგული მოდა და პრო-ფრანგული პოლიტიკა. შვედეთის მომავალი დედოფლის ასეთი მიდრეკილება საფრანგეთისკენ ძალიან აღიზიანებდა რუსეთის სამეფო კარს, რომელიც ყველანაირად ცდილობდა შვედურ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას.
შვედეთში ჩასვლისთანავე ლუიზა ულრიკა აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე დაკავდა სამხატვრო და კულტურული პატრონაჟით. იმ ეპოქაში მცხოვრები ყველა სხვა დედოფლის მსგავსად, ლუიზა ულრიკასაც ძალიან უყვარდა ფუფუნება, მისი უზრუნველყოფა კი სამეფო ხაზინას ერთობ ძვირი უჯდებოდა.
1751 წელს ადოლფ ფრედრიკის ტახტზე ასვლით იგი შვედეთის დედოფალი გახდა. მისმა გავლენებმა მონარქზე, საკმაოდ დაძაბა ურთიერთობა მეფესა და პარლამენტს შორის. ამ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუიზა ულრიკა თავის სამკაულების გაყიდდა, რათა დაეფინანსებინა რევოლუცია, რომელიც დააბრუნებდა აბსოლუტურ მონარქიას. მართალია ეს უბრალო ჭორი იყო, მაგრამ პარლამენტმა პრევენციის მიზნით დედოფალს მთელი სამკაულები ჩამოართვა. მთავრობის ამ საქციელმა მართლა უბიძგა მას შეთქმულებაში ჩაბმისაკენ, რომლის მიზანიც რევოლუცია იყო. 1756 წელს შეთქმულება გამოაშკარავდა, რის შემდეგაც ლუიზა ულრიკამ სამღვდელოების მხრიდან გაფრთხილება მიიღო. ამ უაზრო შეთქმულების გამო მეფეთა ძალაუფლება შვედეთში ისე შემცირდა, როგორც მანამდე არასოდეს. ამის შემდეგ შვედეთში კონსტიტუციური მონარქია საბოლოოდ დამყარდა.
შვიდწლიანი ომის პერიოდში დედოფალი კიდევ ერთხელ გამოვიდა მთავრობის წინააღმდეგ, რადგანაც შვედეთი ომში პრუსიის საწინააღმდეგოდ ჩაება. მას შემდეგ, რაც პრუსიამ ომი მოიგო, მთავრობის ძალაუფლებაც შეირყა და დედოფალს სთხოვეს, რომ როგორმე პრუსიასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო. ლუიზა ულრიკამ კარგად გამოიყენა თავისი კავშირები ზავის გასაფორმებლად, რის შემდეგაც ქვეყანაში მისი ავტორიტეტი ამაღლდა.
პარლამენტის დაშლის იმედდაკარგული ლუიზა ულრიკა მოგვიანებით მიხვდა, რომ თავისი მთავარი მოკავშირე თავადვე გამოზარდა პრინცი გუსტავის სახით. საბოლოოდ დედა-შვილმა ძლიერი ალიანსი შეკრა მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა კვლავ ფუჭი აღმოჩნდა მათი იმედები, რამაც პარლამენტსა და სამეფო ოჯახს შორის ურთიერთობა ისევ დაძაბა.
1771 წლის 12 თებერვალს ლუიზა ულრიკა პრუსიელი დაქვრივდა, ტახტი კი მისმა ვაჟმა, გუსტავ III-მ დაიკავა. აქედან დაიწყო მეტოქეობა მასა და მის რძალს, დედოფალ სოფია მაგდალინა დანიელს შორის, რომელზეც იგი ვარაუდობდა, რომ მეფეს ღალატობდა. მას შემდეგ, რაც დედოფალმა ვაჟი გააჩინა, ლუიზა ულრიკამ თავად გაავრცელა ჭორები, რომ პრინცი მეფის ვაჟი არ იყო. ამ ჭორმა საბოლოოდ ისეთი სახე მიიღო, რომ მეფე იძულებული გახდა საჯარო განცხადება გაეკეთებინა და პრინცი თავის შვილად ეღიარებინა. ამის შემდეგ გუსტავს შესძულდა იგი და ლუიზა ულრიკას სამეფო კარზე გამოჩენა აუკრძალა. ამის გამო იგი იძულებული გახდა ერთგვარ გადასახლებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, შვარცის ციხესიმაგრეში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ვაჟთან შერიგება მოასწრო. იგი 1782 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა, 61 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
გუსტავ III | 24 იანვარი, 1746, | 29 მარტი, 1792,
(46 წლის) |
შვედეთის მეფე 1771-1792 წლებში. ცოლად შეირთო დანია-ნორვეგიის მეფე
ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ასული, კრისტიან VII-ის და სოფია მაგდალენა დანიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე გუსტავ IV | |
კარლ XIII | 7 ოქტომბერი, 1748, | 5 თებერვალი, 1818,
(69 წლის) |
შვედეთის მეფე 1809-1818 და ნორვეგიის მეფე 1814-1818 წლებში. ცოლად შეირთო
ოლდენბურგის ჰერცოგ ფრედერიკ ავგუსტ I-ისა და ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელის ქალიშვილი ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ- გოტორპელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია. | |
ფრედრიკ
ადოლფი |
18 ივლისი, 1750, | 12 დეკემბერი, 1803,
(53 წლის) |
ოსტერგოტლანდის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. | |
სოფია
ალბერტინა |
8 ოქტომბერი, 1753, | 17 მარტი, 1829,
(75 წლის) |
კიდლინბურგის აბატისა. იგეგმებოდა მისი მითხოვება პოლონეთის მეფე
სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკზე, მაგრამ არ გამოვიდა, რის გამოც გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო. |
ამის გარდა, მეფეს დედოფალთან კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა:
- მკვდარშობილი ვაჟი (18 თებერვალი, 1745);
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jonsson; Ivarsdotter, Anna, eds. (1993). Musiken i Sverige. 2, Frihetstid och gustaviansk tid 1720-1810 [Music in Sweden. 2, The Age of liberty and the Gustavian Age 1720-1810] (in Swedish). Stockholm: Fischer. ISBN 91-7054-701-7. LIBRIS 8221450.
- Hadenius, Stig; Nilsson, Torbjörn; Åselius, Gunnar (1996). Sveriges historia: vad varje svensk bör veta [The History of Sweden: What every Swede should know] (in Swedish). Stockholm: Bonnier Alba. ISBN 91-34-51784-7. LIBRIS 7247694.
- Jägerskiöld, Olof (1945). Lovisa Ulrika [Louisa Ulrika] (in Swedish). Stockholm: Wahlström & Widstrand. LIBRIS 8074766.
- Lindgärde, Valborg; Mansén, Elisabeth, eds. (1999). Ljuva möten och ömma samtal: om kärlek och vänskap på 1700-talet [Sweet encounters and tender conversations: about love and friendship in the 1700s]. Litteratur, teater, film, 0347-7770 ; N.S., 20 (in Swedish). Stockholm: Atlantis. ISBN 91-7486-038-0. LIBRIS 7644234.