შარლ III მსუქანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ III-ის ბეჭედი საკუთარი გამოსახულებით

შარლ III (მსუქანი) (დ. 13 ივნისი, 839 — გ. 13 იანვარი, 888) — კაროლინგების დინასტიიდან ფრანკთა სახელმწიფოს იმპერატორი 881-888 წლებში. იყო ლუდვიგ II გერმანელის უმცროსი შვილი, ასევე კარლოს დიდის შვილთაშვილი და ფრანკთა ერთიანი სამეფოს უკანასკნელი იმპერატორი.

ცხოვრების განმავლობაში, შარლი კაროლინგთა ყოფილი იმპერიის სხვადასხვა სამეფოს მმართველი იყო. 876 წელს მიღებული ალემანიის საფეოდალოს შემდეგ, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო ორ ნაწილად დაიყო. ასევე, მან მიაღწია და უარი ათქმევინა თავის უფროს ძმას კარლომანს ტახტზე, რადგანაც ინსულტის გამო უნარი წაერთვა. 881 წელს რომის პაპის იოანე VIII-ის მიერ შარლი იმპერატორად ეკურთხა, რის შემდეგაც ძმისგან ლუი ახალგაზრდისგან მემკვიდრეობით მიიღო ტერიტორიები (ბავარია და საქსონია), მომდევნო წელს კი ერთიანი აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო აღდგა. 884 წელს, შარლის ბიძაშვილის, კარლომან II-ის გარდაცვალების შემდეგ, მან მემკვიდრეობით მიიღო მთელი დასავლეთ ფრანკთა სამეფო და აღდგა კაროლინგების იმპერიის მთლიანობა.

მიუხედავად ამისა, იმპერიის ერთიანობა არ აღმოჩნდა მყარი. 887 წლის ნოემბერში შარლის ძმისშვილმა არნულფ კარინტიელმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და შარლი ჩამოცილებულ იქნა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს, ლოთარინგიისა და იტალიის მმართველობისგან. მას შემდეგ, რაც ის აიძულეს მიეტოვებინა მართვის სადავეები, მისი გადადგომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 888 წლის იანვარში შარლი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. შარლის სიკვდილიდან უმალვე იმპერია დაიშალა და დაიყო ხუთ სამემკვიდრეო სამეფოდ, რის შემდეგაც ერთიანობა აღარასდროს აღმდგარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]