ლუი დე ბურბონი (1661-1711)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი დე ბურბონი
Hyacinthe Rigaud - Louis de France, Dauphin (1661-1711), dit le Grand Dauphin - Google Art Project.jpg
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი, 1661
მმართ. დასასრული: 14 აპრილი, 1711
წინამორბედი: ლუი დე ბურბონი
მემკვიდრე: ლუი დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ნოემბერი, 1661
დაბ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 14 აპრილი, 1711, (49 წლის)
გარდ. ადგილი: მუდონის სასახლე, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: 28 აპრილი, 1711, სენ დენის ბაზილიკა
მეუღლე: მარია ანა ვიქტორია ბავარიელი
(ქ. 1680 - გარდ. 1690)
მარი ემილი დე ჟოლ დე შონი
(ქ. 1695)
შვილები: ლუი, საფრანგეთის დოფინი
ფილიპე V, ესპანეთის მეფე
შარლი, ბერის ჰერცოგი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ტერეზა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Louis, Grand Dauphin in 1695.png

ლუი დე ბურბონი (ფრანგ. Louis de Bourbon; დ. 1 ნოემბერი, 1661 – გ. 14 აპრილი, 1711), მეტსახელად დიდი დოფინიბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის უფროსი ვაჟი. მთელი თავისი ცხოვრება დოფინის, ანუ ტახტის მემკვიდრის წოდებას ატარებდა, თუმცა მეფე არასდროს ყოფილა, ვინაიდან იგი მამის გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე დაიღუპა. მისი ვაჟი ფილიპე V 1700 წელს ესპანეთის მეფე, ხოლო შვილიშვილი, ლუი XV 1715 წელს საფრანგეთის მეფე გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა ესპანელი და ლუი დე ბურბონი 1683 წელს

ლუი 1661 წლის 1 ნოემბერს დაიბადა ფონტენბლოს სასახლეში, პარიზში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის პირველი შვილი. დაბადებისთანავე მას საფრანგეთის შვილის (ფრანგ. Fils de France) და საფრანგეთის დოფინის, ანუ ტახტის მემკვიდრის წოდება მიენიჭა. პატარა ლუი 1662 წლის 24 მარტს სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში კათოლიკედ მოინათლა, მისი ნათლიები კი რომის პაპი კლემენტე IX, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი ანრიეტა მარია ფრანგი, პრინცი კონდე და ვანდომის კარდინალი იყვნენ. მას სახელი სწორედ ნათლობის დროს დაარქვეს მამის, ლუი XIV-ის პატივსაცემად.

თავდაპირველად იგი აღსაზრდელად სამეფო კარის უმაღლესი რანგის ქალბატონებს მიაბარეს, თუმცა როდესაც შვიდი წელი შეუსრულდა ქალებს ჩამოაშორეს და მამაკაცებს მიაბარეს აღსაზრდელად. იგი როგორც სამხედრო, ისე სასულიერო პირების გარემოცვაში იზრდებოდა, რის გამოც იგი ღრმადმორწმუნე კათოლიკეც იყო და უბადლო მეომარიც. მისი რელიგიური კუთხით აღზრდას დედამისი, მარია ტერეზა ესპანელი დიდ ყურადღებას აქცევდა, რაც საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც.

როდესაც ლუი ზრდასრული გახდა, იგი საკმაოდ ზარმაც ადამიანად იქცა. მას შეეძლო მთელი დღის მანძილზე სავარძელში მჯდარიყო და არაფერი ეკეთებინა. მიუხედავად ამისა ხალხს ის ძალიან უყვარდა თავისი გულწრფელობის, კეთილგანწყობილებისა და ლიბერალიზმის გამო, განსაკუთრებულად დიდი სიმპათიით კი იგი ფრანგების დაბალ ფენებში სარგებლობდა. მის შემდეგ მისმა მშობლებმა კიდევ ხუთი ბავშვი გააჩინეს, თუმცა ყველა მათგანი ადრეულ ასაკშივე დაიღუპა და ლუი მათ ერთადერთ შვილად მიიჩნეოდა. როდესაც ლუი 11 წლის იყო, 1683 წელს, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა დედამისი, დედოფალი მარია ტერეზა ესპანელი.

ვინაიდან ლუი XIV-ს მხოლოდ ერთი კანონიერი ვაჟი ჰყავდა, მისი გამოყენება მოისურვა, რათა მისი პოლიტიკური ქორწინებით ახალი მოკავშირეები გაეჩინა. მის საცოლეებად მოიაზრებდა ანა მარია ლუიზა დე მედიჩი, გარდა ამისა მის ბიძაშვილს, ლუი XIV-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ჰენრიეტა ინგლისელის ქალიშვილი ანა მარი ორლეანელი, ასევე მის საცოლედ მოიაზრებოდა ფილიპისა და ჰენრიეტას მეორე ქალიშვილი მარია ლუიზა ორლეანელი, რადგან მარია ლუიზასა და ლუის ერთმანეთი მოსწონდათ. თუმცა ლუი XIV-მ მარია ლუიზა ესპანეთთან კავშირის განსაახლებლად გამოიყენა და ესპანეთის ავადმყოფ და მასზე უფროს მეფე კარლ II-ს მიათხოვა, რომელიც მარია ტერეზა ესპანელის ძმა იყო.

ამის შემდეგ ლუი დანიშნეს მის მეორე ბიძაშვილ მარია ანა ვიქტორია ბავარიელზე, რომელიც ფილიპ I ორლეანელის მეორე ცოლის, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის უახლოესი ნათესავი იყო. იგი ლუიზე ასაკით უფროსი იყო, რამაც სამეფო კარი აღაშფოთა. მიუხედავად ამისა, მარია ანა ვიქტორიამ ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მას თავისუფლად შეეძლო ფრანგულად საუბარი და იქაურ ტრადიციებსაც კარგად იცნობდა.

1680 წლის 28 იანვარს მიუნხენში შედგა მათი მარიონეტული ქორწინება, ამავე წლის 7 მარტს კი ლუი და მარია ანა შალონ-სარ-მარნში დაქორწინდნენ.

პოლიტიკური და სამხედრო როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ტახტის მემკვიდრეს ლუის პოლიტიკაზე დიდი გავლენა არ ჰქონია. მას ძალიან იშვიათად, თუმცა მაინც რთავდნენ უფლებას პოლიტიკურ საკითხებში ჩარეულიყო, მაგრამ მის სიტყვას ამ სფეროში არანაირი გავლენა არ ჰქონდა. მან მამისაგან შეიძინა მუდონის სასახლე, რომელიც მალევე მის რეზიდენციად იქცა. ამის შემდეგ მან თავისი დარჩენილი ცხოვრება სწორედ მუდონში გაატარა სიმშვიდესა და ფუფუნებაში, თავისი ორი ნახევარდის მარი ანა დე ბურბონისა და ლუიზა ფრანსუაზა დე ბურბონთან ერთად. თუმცა მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თავის ვაჟთან, ბურგუნდიის ჰერცოგ ლუისთან და მის ცოლთან, მარია ადელაიდა სავოიელთან.

ლუი ასევე ძალიან ხშირად დადიოდა სანადიროდ, რის გამოც ილ-დე-ფრანსში კინაღამ მგლები მთლიანად გადაშენდა.

ლუიმ დიდ წარმატებას მიაღწია რაინში ბრძოლისას, როდესაც იგი ფილიპსბურგის ალყისას ორი გენერალი გადაარჩინა და დიდი სიმამაცით აიღო ქალაქი. მისი საოცარი სიმამაცის ამბავზე ჯარისკაცები ალაპარაკდნენ, რამაც ლუის ავტორიტეტი დიდად ასწია.

მიუხედავად ამისა, ლუის მიერ აღებული ფილიპსბურგი მალევე დაიბრუნეს საიმპერატორო ჯარემბა, რასაც რაინის ქვეყნებში საფრანგეთის ავტორიტეტის დავარდნა მოჰყვა.

ვინაიდან ლუის დედა ესპანეთის პრინცესა იყო, მას სრული უფლება ჰქონდა ესპანეთის ტახტზე პრეტენზია განეცხადებინა. როდესაც მისი ბიძა, ესპანეთის მეფე კარლ II, რომელიც სულითა და ხორცით იყო ავად უმემკვიდრეოდ დაიღუპა 1700 წელს ესპანეთის ტახტზე დიდი ომი ატყდა, რომელშიც ლუიმაც გამოთქვა პრეტენზია. ცხადია ლუი საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე იყო და იგი ოდესღაც საფრანგეთის მეფე გახდებოდა და ახლა, რომ ესპანეთის მეფეც გამხდარიყო, ამ ორი სამეფოს გაერთიანება მოხდებოდა, რაც მალევე დაიშლებოდა, ამიტომაც ლუი XIV-მ ესპანეთის ტახტის კანდიდატად ლუის ნაცვლად მისი მეორე ვაჟი ფილიპე წამოაყენა. ფილიპე მალევე ესპანეთის მეფე გახდა, რასაც მოჰყვა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, რაც 1714 წელს ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა თავად ლუი ამას ვერ მოესწრო. ლუის წყალობით საფრანგეთმა კავშირი შეკრა ინგლისის მეფე უილიამ III-თან. ასევე მისი დამსახურებით საფრანგეთის მოკავშირეებად იქცნენ ნეაპოლი, სიცილია და ტოსკანა. 1711 წლის 11 აპრილს ლუი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, მომავალ წელს მისი ვაჟიც დაიღუპა, საფრანგეთის ტახტზე კი 1715 წელს ლუი დე ბურბონის შვილიშვილი ლუი XV ავიდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი და მარია ანა თავიანთ ვაჟებთან ერთად, 1686 წელი

1680 წლის 7 მარტს ლუი დაქორწინდა პრინცესა მარია ანა ვიქტორია ბავარიელზე, რომელიც ფრანგებისათვის ცნობილი გახდა, როგორც დოფინი მარი ანა ვიქტორია. წყვილს სამი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამივე ვაჟი იყო და სამივემ მიაღწია სრულწლოვანებამდე. მარია ანა ვიქტორია 1690 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც 1695 წელს ლუი ფარულად დაქორწინდა თავის საყვარელ მარი ემილი დე ჟოლ დე შონზე, ისევე როგორც მამამისი ლუი XIV დაქორწინდა ცოლის გარდაცვალების შემდეგ ფარულად თავის საყვარელზე. ქორწინებაში მათ ფარულად შეეძინათ გოგონა, რომელიც მალევე გადამალეს, რის შემდეგაც ორ წელიწადში ბავშვი დაიღუპა, ისე, რომ მის შესახებ სამეფო ოჯახმა არაფერი იცოდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა ვიქტორია ბავარიელთან შეეძინა სამი ვაჟი:

  1. ლუი (დ. 16 აგვისტო, 1682 — გ. 18 თებერვალი, 1712), ბურგუნდიის ჰერცოგი და საფრანგეთის დოფინი, ცოლად შეირთო მარია ადელაიდა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მომავალი მეფე ლუი XV;
  2. ფილიპე V (დ. 19 დეკემბერი, 1683 — გ. 9 ივლისი, 1746), ანჟუს ჰერცოგი და ესპანეთის კოლონიური იმპერიის მეფე, ჯერ ცოლად შეირთო მარია ლუიზა სავოიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ელიზაბეტა ფარნეზე. მისი ვაჟები იყვნენ ესპანეთის მეფეები ლუის I, ფერდინანდ VI და კარლ III, პარმას ჰერცოგი ფილიპე III და ასევე მისი ქალიშვილები იყვნენ პორტუგალიის დედოფალი მარია ანა ვიქტორია, საფრანგეთის დოფინი მარია ტერეზა რაფაელა და ასევე სარდინიის დედოფალი მარია ანტონია ფერნანდა;
  3. შარლი (დ. 31 ივლისი, 1686 — გ. 5 მაისი, 1714), ბერის, ანჟულემისა და ალანსონის ჰერცოგი, პუატიეს გრაფი, ცოლად შეირთო მარი ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი, რომელთანაც შვილები შეეძინა, თუმცა ვერცერთმა ვერ მიაღწია სრულწლოვანებამდე;

მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა დააარსეს ესპანელი ბურბონებისა და პარმელი ბურბონების დინასტიები. გარდა ამისა სწორედ მისმა შთამომავლებმა გააგრძელეს ბურბონთა ფრანგული შტო.

ლუის მეორე ცოლთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ორი წლის დაიღუპა.

ლუის ფრანსუაზ პიტელთან ორი ქალიშვილი ჰყავდა:

  1. ანა ლუიზა (დ. 1695 — გ. აგვისტო, 1716), ცოლად გაჰყვა ერარდ დ'ავოჟურს;
  2. შარლოტი (დ. 6 თებერვალი, 1697 — გ. 1750), ცოლად გაჰყვა ჟერარდ დე ლა ჟონშერს;

ლუის კიდევ ერთ საყვარელთან, მარი ანა კლერმონტთან ერთი ქალიშვილი ჰყავდა:

  1. ლუიზ ემილი (დ. 1694 — გ. 1719), ცოლად გაჰყვა ნიკოლას დე მენაჟერს;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისურენოვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Achaintre, Nicolas Louis, Histoire généalogique et chronologique de la maison royale de Bourbon, Vol. 2, (Publisher Mansut Fils, 4 Rue de l'École de Médecine, Paris, 1825), 479.
  • Erlanger, Philippe, Louis XIV, translated from the French by Stephen Cox, Praeger Publishers, New York, 1970, p. 177. Library of Congress Catalog Card Number: 79-109471
  • John B. Wolf, Louis XIV (1968) p 606
  • Dunlop, Ian, Louis XIV, Pimlico London, 2001, p.309
  • Genealogy Database by Daniel de Rauglaudre
  • Genealogy Database by Daniel de Rauglaudre[permanent dead link]
  • Marek, Miroslav. "Complete Genealogy of the House of Capet". Genealogy.EU.
  • Tricoire, Damien. "Attacking the Monarchy’s Sacrality in Late Seventeenth-Century France: The Underground Literature against Louis XIV, Jansenism and the Dauphin’s Court Faction." French History 31.2 (2017): 152-173.
  • Wolf, John B. Louis XIV (NY: 1968).

ფრანგულენოვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lahaye, Matthieu, Louis, Dauphin de France. Fils de roi, père de roi, jamais roi, DEA directed by Joël Cornette, University of Paris VIII, 2005.
  • Lahaye, Matthieu, Louis Ier d'Espagne (1661–1700) : essai sur une virtualité politique, Revue historique, Numéro 647, PUF, Paris, Novembre 2008.
  • Lahaye Matthieu, Le fils de Louis XIV. Réflexion sur l'autorité dans la France du Grand Siècle, thèse sous la direction de Joël Cornette à l'Université Paris VIII, 2011.
  • Lahaye Matthieu, Le fils de Louis XIV. Monseigneur le Grand Dauphin, Seyssel, Champ Vallon, 2013.